გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიციის ჩართულობა ფანტასტიკის სფეროდანაა, მათი მთავარი შეტევის ობიექტი ივანიშვილია - საფრანგეთში დაფასდა ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი და ჩვენ ვერაფერს ვხედავთ

ბიძინა ივანიშვილი არის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, საქველმოქმედო საქმიანობისთვის, თუნდაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის, რომელიც გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე მასზე მდიდარი ადამიანების წვლილი. ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, „ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ“.

ვოლსკიმ ასევე ევროკავშირის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

კითხვაზე, თუ ვინ მოუწოდებს საქართველოს ომში ჩართვისკენ, ვოლსკიმ ასე უპასუხა:

„პირველი დღიდან, ომში ჩართულობის თემაზე კაცი არ დარჩა რადიკალური ოპოზიციიდან, ვინც ამ თემაზე არ ამახვილებს ყურადღებას. ის განცხადებები, რომელიც ეხებოდა ომში ჩართულობას, ოფიციალური ორგანიზებით, მოხალისეების გაგზავნით და საერთოდ, ეს თემა აიღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მუხლად უკრაინელებმა, როცა ელჩი თავისი თანამდებობიდან გაიწვიეს. ეს მოხდა, ამას ვერავინ უარყოფს. გარდა ამისა, ყოველდღიურად იყო შეხსენება, რომ სწორედ დროა, კარგი ამინდია, რომ დაქოქოთ თქვენი ტანკები და წახვიდეთ, მათ ომის თავი არ აქვთ, ჩვენ ომი გვინდა, თუ საჭიროა, უნდა ვიომოთო და უამრავი სხვა განცხადება არსებობდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, მოდიოდა თუ არა მსგავსი მოწოდებები საერთაშორისო პარტნიორებისგან, განაცხადა, რომ არა.

„ასეთი პირდაპირი მოწოდებები არ ყოფილა და რა მოწოდებებიც იყო, ისიც გითხარით. ხელისუფლების ცვლილების და რევოლუციური პროცესის განვითარების მიზანი, მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ სწორედ ეს არის, შეიცვალოს ხელისუფლება და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ადამიანები, ვინც ამას განახორციელებენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, თუ რა მოთხოვნები აქვთ მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ ჩათვალონ მათი მხრიდან კომპრომისებზე წასვლა, ვოლსკი პასუხობს, რომ ეს „ფანტაზიის სფეროდანაა“.

„იმდენად ისეთია, ფანტაზიის სფეროდანაა, ამაზე დროს არ დავკარგავდი, მაგრამ რადგან მეკითხებით, გეტყვით. ელემენტარული საკითხია, უნდა დაჯდე, ისაუბრო და საკანონმდებლო მუშაობა განახორციელო 11-ვე მუხლთან დაკავშირებით, მთავარი - დეპოლარიზაცია მოხდეს, შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს და როგორც პარლამენტის რეჟიმს შეესაბამება, მიიღო საკანონმდებლო აქტები, რომელთაც შემდეგ წლის ბოლოს წარადგენ და შეფასებას დაელოდო. მთავარია, ასეთი იქნეს მიღებული, შემდეგ შეფასებული ქართული საზოგადოების და შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ. მაგალითად, ავიღოთ დეოლიგარქიზაცია. ფანტასტიკის სფეროდან იმიტომ მგონია რადიკალური ოპოზიციის ჩართულობა, მათი მთავარი თემა, მთავარი შეტევის ობიექტი არის ბიძინა ივანიშვილი... რაში სჭირდება მმართველობაში ჩართული რომ იყოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რამე ყოველდღიურ შეცდომებს უშვებს ისეთს, რომ აუცილებლად ხელით ტარება სჭირდება, კომპეტენცია აკლია, ავტორიტეტი აკლია თუ დაფასება? ბიძინა ივანიშვილი არის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, საქველმოქმედო საქმიანობისთვის, თუნდაც, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის, რომელიც გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე მასზე მდიდარი ადამიანების წვლილი. საფრანგეთის ყველაზე მაღალი ორდენი მიიღო ამისათვის, ანუ საფრანგეთში დაფასდა მისი წვლილი, ღვაწლი და ჩვენ ვერაფერს ვხედავთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა