თბილისის რიგით 25-ე ჯაზფესტივალი იწყება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისი 7-9 ივლისს, რიგით 25-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს.

მათივე ცნობით, ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებას შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

7 ივლისი - ხუთი გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული;

8 ივლისი - მისტიური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელიც ჯაზის სამ ლეგენდას აერთიანებს: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი;

9 ივლისი - მსოფლიო კრიტიკოსების მიერ წოდებული 21 საუკუნის ჯაზმენი ვიჯეი აიერი და მისი ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნ სორეი.

წლევანდელი საიუბილეო ჯაზფესტივალის მასპინძელია სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ფოტოგამოფენა სახელწოდებით - „როგორ მესმოდა...“ გაიმართება, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო.

19:30 საათიდან დარბაზში - „ჯაზსინემა“კახა თოლორდავას ფილმის - „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება მოეწყობა. მაყურებელი ასევე, იხილავს გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს - „ქვინსი“ (სადაც გამოყენებულია 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდი). პარალელურად, დარბაზში - „ჯაზლაბი“, სტუმრები კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ.

21:00 საათიდან მთავარ დარბაზში - „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება.

23:00 საათიდან სივრცეში - „ჯაზლაბი“ მსმენელის წინაშე მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარსდგებიან.

ფესტივალის დღეებში კომპანია „აუდიო ლაბი“ ვინილების გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს. ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიხსნება. ფესტივალი თბილისის მერიის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

„ჯაზფესტივალს ტრადიციულად, „თიბისი კონცეპტი“; ოფიციალური სპონსორი - ვიზა წარმოადგენს; მასპინძელი რესტორნები: „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“ და „ლადონინა“; საინფორმაციო მხარდაჭერა: „იმედი“ TV, რადიო „ფორტუნა“, „მარკეტერი“, „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“; ფესტივალს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ: ბეხშტაინი „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.

ბილეთები www.tkt.ge-ზე გაიყიდება. „თიბისი“ კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე 20%-იანი, ხოლო „თიბისი“ ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია