კვლევის - „შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში - სამინისტროები და თვითმმართველი ქალაქები“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, კვლევის - „შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში - სამინისტროები და თვითმმართველი ქალაქები“ - პრეზენტაცია გამართა, რომელიც მოიცავს 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს.

როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული დროის განმავლობაშიც სამიზნე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 4136 (სამინისტროები-1934, თვითმმართველი ქალაქების მერიები-2202) საჯარო მოსამსახურე.

მათივე ცნობით, კვლევის მიზანია საჯარო დაწესებულებებში საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგი.

„კვლევის ფარგლებში განხორციელდა ა) საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებთან; ბ) სამიზნე საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი; გ) საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამის სასამართლო პრაქტიკის შესწავლა; დ) სოციოლოგიური კვლევა (თვისებრივი და რაოდენობრივი). კვლევაში განხილულია შემდეგი საკითხები: ა) სამუშაო დრო და დასვენების დრო; ბ) ზეგანაკვეთური სამუშაო და სახელფასო დანამატი; გ) არასრულ (ნახევარ) განაკვეთზე მუშაობა; დ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და მისი ანაზღაურება; ვ) პროფესიული განვითარების გამო შვებულება; ზ) შრომითი უფლებები კარიერის მართვის პროცესში (დროებითი ფუნქციების დაკისრება; საკუთარი ფუნქციებისგან გათავისუფლება და სხვა ფუნქციების დაკისრება; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა); თ) პროფესიული კავშირები.

კვლევის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში, საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების განხორციელებისას გამოიკვეთა შემდეგი დადებითი ტენდენციები: ა) ქალი საჯარო მოსამსახურეების მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოყენება და, მოთხოვნის შემთხვევაში, ანაზღაურების გარეშეც; ბ) საჯარო დაწესებულებების მიერ ქალი საჯარო მოსამსახურეებისთვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების სრულად ანაზღაურება.

კვლევის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში, საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების განხორციელებისას გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები: ა) საჯარო დაწესებულებების მიერ პირების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისას კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის გადაჭარბება; ბ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების მაღალი მაჩვენებელი და ამ მიზნით გაცემული სახელფასო დანამატის მცირე ოდენობა; გ) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით სრულად სარგებლობის სიმცირე; დ) მამაკაცი საჯარო მოსამსახურეების მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენების არარსებობა; ე) საჯარო მოსამსახურეებისათვის სხვა ან/და დამატებითი ფუნქციების დაკისრების მაღალი მაჩვენებელი; ვ) ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შემთხვევების არარსებობა; ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო პროპორციული დასვენების დღეების მოთხოვნის სიმცირე; თ) პროფესიული განვითარების გამო შვებულების გამოყენების მცირე რაოდენობა; ი) საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული გაერთიანების ან/და კავშირის არარსებობა.

კვლევა წარმოადგენს შემდეგ რეკომენდაციებს: საჯარო დაწესებულებებმა წაახალისონ შემდეგი შრომითი უფლებების რეალიზაცია: ა) საჯარო მოსამსახურეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო პროპორციული დასვენების დღეების მოთხოვნა; ბ) მამაკაცი საჯარო მოსამსახურეების მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენება; გ) პროფესიული განვითარების გამო შვებულების გამოყენება; დ) პროფესიული გაერთიანებების/კავშირების შექმნა, საქმიანობა და მათთან თანამშრომლობა; საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ შემდეგი შრომითი უფლებების რეალიზაცია: ა) ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვა და ანაზღაურება; ბ) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოყენება; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანის უფლების რეალიზაცია; საჯარო დაწესებულებებმა გაატარონ შემდეგი ღონისძიებები: ა) საჯარო დაწესებულებების შინაგანაწესების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან; ბ) საჯარო მოსამსახურეებში ცნობიერების ამაღლება შრომითი უფლებების, მათი დაცვის მექანიზმებისა და პროფესიული გაერთიანების/კავშირების მნიშვნელობის თაობაზე; გ) საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურთან თანამშრომლობის გაზრდა შრომითი უფლებების ეფექტური იმპლემენტაციისა და მონიტორინგის თვალსაზრისით; დ) შრომითი უფლებების მდგომარეობის ამსახველი სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება და ყოველი წლის ბოლოს საჯარო სამსახურის ბიუროსთვის მიწოდება; აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების დაცვას საქართველოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა