ირაკლი კობახიძე - დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვეში, მივიღებთ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება

დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის.

„როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. ცხადია, ჩვენს მიერ წარდგენილი გეგმა არ მოიცავს არცერთ საკითხს, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიან დოკუმენტში არ იყო ნახსენები.

მათ შორის, ბუნებრივია, ჩვენი გეგმა არ მოიცავს არც საარჩევნო ბარიერის შემცირების საკითხს 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის.

დღევანდელი მდგომარეობით, 2024 წლიდან საქართველოში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემაა. ეს სისტემა სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და სამართლებრივ სტანდარტებს. მეტიც, ორპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკების გამო, ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკავშირის მხრიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა წამოყენებული. ასეთ პირობებში, ბარიერის დაწევა რჩება წმინდა პოლიტიკურ საკითხად და ის ჩვენი მხრიდან სწორედ ამ ჭრილში იქნება მომავალშიც განხილული.

ბუნებრივია, შედარებით მაღალი ბარიერი სუბიექტურად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, ხოლო შედარებით დაბალი ბარიერი - „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც მარტივი მათემატიკით დასტურდება:

მაგალითისათვის, შარშანდელ არჩევნებში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ 47%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 33% მიიღო. ბუნებრივია, ასეთ სხვაობას „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლამდე ვერაფრით შეამცირებს;

თუმცა, იმავე არჩევნებში ხმების 2%-ზე მეტი „ნაცმოძრაობის“ ორმა სატელიტმა პარტიამაც მიიღო. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ 47%-ის საპირწონედ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ხმების 42% მიიღეს. ბუნებრივია, 5%-იანი სხვაობის აღმოფხვრა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შედარებით რეალისტური ამოცანაა;

ანუ შარშანდელი არჩევნების მაგალითზე მარტივად ჩანს, რომ 5%-პროცენტიანი ბარიერის პირობებში, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2024 წელს წარმატების არავითარი შანსი არ ექნება, 2%-იანი ბარიერის პირობებში კი, მის მიერ ძალაუფლების დაბრუნების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 5%-იანი ბარიერი სრულიად ლეგიტიმური და რაციონალურია. შესაბამისად, შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ.

ასეთი სარგებელი კი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციასაც არსებითად შეამცირებს.

როგორც ცნობილია, რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი, ხოლო პოლარიზაციის შემცირება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ რისკებსაც სერიოზულად ამცირებს. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება:

დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე.

ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის.

დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა“, - განაცხადა კობახიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია