საქართველოს ტექნიკურმა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებმა „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“-ის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“-ის გამარჯვებულის ტიტული და თასი მოიპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლების დაჯილდოება ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე შედგა.

სტუ-ის ცნობით, ფესტივალის ჟიურიმ და ორგანიზატორებმა, მონაწილე უნივერსიტეტების მიერ მოპოვებული ქულების დაჯამების შედეგად, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“-ის გამარჯვებულად ერთდროულად ორი უმაღლესი სასწავლებელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაასახელეს.

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“-ის ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა სპორტის 15 სახეობაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ყველაზე მეტი ჯილდო: 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვეს, ხოლო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონკურსებში სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელასა და ცეკვის ფოლკლორულ ანსამბლ „მერანს“ ფესტივალის ჟიურიმ მეორე ადგილი მიაკუთვნა, „საუკეთესო მოცეკვავის“ ნომინაციაში გამარჯვებულად კი სტუ-ის სტუდენტი ნია ბარაბაძე აღიარა. გარდა ამისა, სტუ-ის სტუდენტებმა გამარჯვება „ყველაზე ორგანიზებული გულშემატკივრის“ ნომინაციაშიც მოიპოვეს.

სტუდენტური ფესტივალის საზეიმო დახურვას თბილისის მერი კახა კალაძე, მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, საუნივერსიტეტო სპორტისა და თვითშემოქმედების განვითარება უმაღლესი სასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მით უმეტეს, რომ 2022 წელი ევროკავშირმა ახალგაზრდების წლად გამოაცხადა. რექტორის თქმით, სტუდენტებმა 100-წლოვან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, საიუბილეო წელს, კიდევ ერთი, ღირსეული წარმატება მოუტანეს.

„გვსურს ორივე გამარჯვებულ უნივერსიტეტსა და მათ სტუდენტებს ფესტივალის უმაღლესი ჯილდო გულითადად მივულოცოთ. წლევანდელ სტუდენტურ ფესტივალში მონაწილეობასა და მოპოვებულ წარმატებებს მათთან ერთად, ყველა უმაღლეს სასწავლებელსა და ახალგაზრდას ვულოცავთ. განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, დაძაბულ ტურნირებსა და სახელოვნებო კონკურსებში თავდაუზოგავად იასპარეზეს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 100 წლის იუბილე ღირსეული გამარჯვებით მიულოცეს. ახალგაზრდებმა უნივერსიტეტის ისტორია კიდევ ერთი, ღირსშესანიშნავი თარიღით გაამდიდრეს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქვეყნოდ განთქმულ სასპორტო და სახელოვნებო ტრადიციებს ამგვარი შემართებით აგრძელებენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მათ ყოველთვის მრავალმხრივი მხარდაჭერა ექნებათ, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსად მასშტაბური სტუდენტური ღონისძიებების ჩატარება საუნივერსიტეტო თვითშემოქმედებისა და სპორტის პოპულარიზაციას, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას, სტუდენტების ნიჭისა და უნარების წარმოჩენას და რაც მთავარია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ხელს უწყობს“, - აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.

როგორც სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი აღნიშნავს, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ მასშტაბური ღონისძიებაა, რომელმაც ყველა ახალგაზრდის გაერთიანება და ერთ დიდ გუნდად შეკვრა შეძლო.

„სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული ერთდროულად ორმა უნივერსიტეტმა მოიპოვა. ვულოცავთ ჩვენს საამაყო სტუდენტებს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, უკვე მერამდენედ, სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებულია. ვულოცავთ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომელიც, ამ გამარჯვებას ჩვენთან ერთად იზიარებს. ვულოცავთ გულშემატკივრებს - სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და რექტორებს, რომლებმაც არნახული აქტივობა და მობილიზება გვიჩვენეს. მაგრამ რეალურად, მთავარი ის არის, რომ სტუდენტურ ფესტივალს კონკრეტული გამარჯვებული არ ჰყავს და სწორედ ამით არის ეს ღონისძიება გამორჩეული. ამ ფესტივალის მონაწილე ყველა უნივერსიტეტი გამარჯვებულია, მათი ათიათასობით სტუდენტია გამარჯვებული და შეკრული ერთ დიდ გუნდად, რომელსაც საქართველოს ღირსეული მომავალი ჰქვია. ახალგაზრდებო, გვჯერა, კიდევ არაერთი გამარჯვება გელით!“, - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

სტუ-ს ინფორმაციით, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ახალგაზრდულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.

(R)

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო