ოთარ შამუგიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, ქერი ფაულერს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის, სასურსათო უსაფრთხოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონში არსებული კრიზისის ფონზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოსთვის, ამ ეტაპზე, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ხარისხიანი სათესლე მასალა, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, თანამედროვე ტექნოლოგიების და ცოდნის გადაცემა ფერმერთათვის. ამ მხრივ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრავალი წელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მხარდაჭერილ პროგრამებსა და პროექტებში გამოიხატება. განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისათვის აშშ-ის მხრიდან გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესი შედეგები მოიტანა”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც ქერი ფაულერსმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები დარგის განვითარების მიმართულებით და გამოწვევების დაძლევის კუთხით საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანამშრომლობის არა მარტო უახლოეს პერსპექტივებზე ვისაუბროთ, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილოთ საკითხი, რაც გულისხმობს,როგორც ექსპერტული კუთხით, ისე ტექნიკური საშუალებებით აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და დარწმუნებული ვარ, კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს აუცილებლად მოიტანს ”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო