სოფო გორგოძე - ეროვნული გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევიდან ერთი ტელეფონის ფარულად შეტანას, მეორე კი კონკრეტული პირის მიერ ოჯახის წევრის ნაცვლად ტესტის  შესრულებას უკავშირდება

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გრძელდება. ძირითადად, ამ კვირაში საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გამოცხადების პროცენტური მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს.

„სამწუხაროდ, მაინც გვაქვს დაგვიანების შემთხვევები - ამ დრომდე გვაქვს სულ 19 დაგვიანება. ასევე გვაქვს შემთხვევა, როდესაც აპლიკანტი სხვა დღეს მოვიდა გამოცდაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა აპლიკანტს, რომ საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

ასევე გვაქვს გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა. ერთი იყო ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, მეორე დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო და იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი მისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა შეესრულებინა ტესტი. მინდა გავაფრთხილო აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება იდენტიფიცირების გარეშე. ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური პერსონალი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. ცხადია, აღნიშნული შემთხვევა აღკვეთილია და ორივე დარეგისტრირებული აპლიკანტი მოხსნილია გამოცდიდან.

ძირითადი საგამოცდო სესიები აბიტურიენტებისთვის დასრულდება 22 ივლისს, თუმცა ის აბიტურიენტები, რომელთაც მათემატიკა აქვთ არჩეული ერთ-ერთ სავალდებულო საგნად და შემდეგი კვირის განმავლობაში ჩააბარებენ უცხოურ ენას, უკვე ორშაბათს მორჩებიან გამოცდებს.

წელს დარეგისტრირებულია 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სხვა აპლიკანტებს - მასწავლებლობის მსურველებს, მასწავლებლებს, მაგისტრანტებს და ა.შ., ჯამში წელს 90 000 აპლიკანტი გვყავს“, - განაცხადა გორგოძემ.

მან ასევე ისაუბრა იმ აბიტურიენტებზე, რომელთაც გამოცდის დღეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურათ.

„სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ აპლიკანტს დადასტურებული აქვს კოვიდი გამოცდის დღეს, მას მოვიწვევთ დამატებით სესიაზე. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დროისთვის ნამდვილად გვაქვს განცხადებები შემოსული. რაც შეეხება მათ საგამოცდო განრიგს, ის ჯერ არ არის განსაზღვრული“, - აღნიშნა სოფო გორგოძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა