დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის დასაწყისში პარკი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 14 700 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე ტერიტორია, სადაც ძველი სპორტული მოედანი არსებობდა, გასხვისებული იყო და რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა, მაგრამ მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„დიდ დიღომში კიდევ ერთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ აქ პარკი გაშენებულიყო. ადრე არსებობდა სტადიონი, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა და წლების წინ ტერიტორია სამშენებლო სამუშაოებისთვის გასხვისდა. რომ არა ჩვენი ჩარევა და გადაწყვეტილება, რომ ეს ტერიტორია ადგილობრივ მოსახლეობას დაბრუნებოდა, ალბათ აქ კორპუსები იქნებოდა. ძალიან მიხარია, რომ დედაქალაქს 14 000 კვ.მეტრზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. დიდი დიღმის მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. გახსოვთ, თუ რა ვითარება იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე და როგორი სილამაზეა დღეს, სადაც ყველაფერია წარმოდგენილი - ატრაქციონები, ამფითეატრი, ხე-მცენარეები. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ აქ მოსულმა ადამიანებმა განიტვირთონ და გაერთონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, ველობილიკი, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოიცავდა სარწყავი სისტემის მოწყობას, რულონური ბალახის დაგებასა და სხვადასხვა სახეობის 735 ძირი ხე-მცენარის დარგვას.

აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობამ განახორციელა, რომლის ღირებულებაც 2 000 000 ლარს შეადგენს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ახლად გახსნილი პარკი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო