ლევან შენგელია - განცდა, რომ ევროპულ რეკომენდაციებზე პოლიტიკური კლასი პარტიული ინტერესებით  არ  იხელმძღვანელებს და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ნაკლებად მაქვს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ანთროპოლოგს, პოლიტიკის ანალიტიკოსს, საქართველოს პარლამენტის მე-4 მოწვევის დეპუტატს, ლევან შენგელიას ესაუბრა.

- ბატონო ლევან, საქართველომ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, რითაც ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ამ ეტაპზე როგორც მინიმუმ, გადავადდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა მმართველი გუნდს მანამდე არ უგვძვნია, ვიდრე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომხრეებით რუსთაველის პროსპექტი არ გაივსო. მხოლოდ ამის შემდეგ თქვა მმართველმა გუნდმა რომ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნის კომისიებს და სექტემბრიდან კომისიის შედეგების განხილვას დაიწყებს.

საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ კომისიებში მუშაობაზე უარი თქვა, იმ მიზეზით, რომ მმართველი გუნდის მიერ კომისიების შექმნა სხვა არაფერია, თუ არა დროის გაყვანა და რეკომენდაციების შესრულებაზე მოჩვენებითი აქტიურობა.

არადა, ფაქტია, თუ ახლა არ გადაიდგა კონკრეტული და ეფექტური ნაბიჯები ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად, არაა გამორიცხული საქართველოს ევროპული პერსპექტივა გაურკვეველი ვადით ამ ეტაპზე გადავადდეს.

როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში შექმნილ ვითარებას, რომელიც ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება? რეალურად არსებობს თუ არა ქვეყანაში იმის რესურსი, რომ ამ თემაზე პოზიტიური შედეგი დაიდოს?

- თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს სწრაფვა - გახდეს დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი - გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

24 თებერვალს რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა რადიკალურად დააჩქარა ყველა ის პროცესი, რამაც საბოლოოდ უნდა განსაზღვროს საქართველოს ადგილი მსოფლიოს პოლიტიკურ, და მეტიც, ცივილიზაციურ რუკაზე. ამ თვალსაზრისით, ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელობას და უახლოეს მომავალს უამრავი ხილული და უხილავი ფაქტი და მოვლენა განაპირობებს და მისი ალგორითმის განსაზღვრა ურთულესი ამოცანაა.

მიმდინარე პროცესის ანალიზისას ერთ სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით - სიტუაცია ყოველ წამს იცვლება, მოვლენები სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, კეთდება უამრავი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება ათასი აქტორის მხრიდან. ასეთ სიტუაციაში საერთო კონტექსტიდან მოწყვეტით აღებული რომელიმე ფაქტის ანალიზი არაფერს მოგვცემს, რადგან მხოლოდ მთლიანი სურათის ხედვის პირობებში შეგვიძლია დავინახოთ ამა თუ იმ კონკრეტული ფაქტის მნიშვნელობა და დანიშნულება.

იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად ლოგიკური და გასაგები აზრი გამოვიტანო ამ სიტუაციიდან, მე ვცდილობ ავაგო რეალობის მოდელი თუ სურათი, რაც მიმდინარე პროცესის უკეთ გაგებაში დამეხმარება.

თანამედროვე გლობალისტური სამყარო ასეა მოწყობილი - ნებისმიერ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე ძალებიც. ამ, ყველასთვის ისედაც ცნობილ ფაქტს იმიტომ აღვნიშნავ, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასის ორ ფრთას შორის მიმდინარე ბრძოლის ხასიათს განაპირობებს არა მხოლოდ ამ მხარეების მიზნები, მათი პოლიტიკური ანატომია, მათთვის დამახასიათებელი უნარები და მეთოდები, რასაც მეტ-ნაკლებად ვიცნობთ, არამედ გარე ფაქტორებიც და გარე აქტორებიც.

ამ კუთხით თუ შევხედავთ, სქემა ასეთია - საქართველო ცდილობს შექმნას დასავლური ტიპის სახელმწიფო და ინტეგრირდეს დასავლურ ცივილიზაციაში. ასეა დეკლარირებულია კონსტიტუციით, რაშიც ყოველმხრივ გვეხმარებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ხოლო აგრესიული რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს ყოფილი გავლენის სფეროები და დატოვოს საქართველო თავის წიაღში.

საქართველო ცდილობს შექმნას დასავლური ტიპის სახელმწიფო და ინტეგრირდეს დასავლურ ცივილიზაციაში. ასეა დეკლარირებულია კონსტიტუციით, რაშიც ყოველმხრივ გვეხმარებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ხოლო აგრესიული რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს ყოფილი გავლენის სფეროები და დატოვოს საქართველო თავის წიაღში

საინტერესოა, რომ ორივე დაპირისპირებული ფრთა, ანუ ხელისუფლება პლუს მმართველი პარტია და ოპოზიცია, იჩემებს რომ სწორედ თვითონაა დასავლური ვექტორის ერთგული და სწორედ მას მიჰყავს ქვეყანა ევროპისკენ. ანუ, დეკლარირებულად პრორუსული ძალები საქართველოში სუსტია, ხოლო ძლიერები ევროპულობაზე სდებენ თავს.

ეს, გარკვეული აზრით, ართულებს ამოცანას. ჯერ უნდა დავადგინოთ ვინ საით არის. ბოლო ოთხთვიანმა პროცესმა და ბოლოს ევროპარლამენტის რეზოლუციამ პასუხი გასცა შეკითხვას თუ ვისთან აქვს მეტი პრეტენზიები დასავლეთს - ხელისუფლებასთან თუ ოპოზიციასთან.

აქ დეტალებში არ შევალ, რადგან ხანდახან დეტალები უფრო დამაბნეველია ვიდრე ზოგადი სურათი - ცხადია, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების ძირითადი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და მმართველ პარტიას აკისრია და ძირითადი პრეტენზიებიც ხელისუფლებისკენაა მიმართული.

ამ თორმეტ პუნქტზე ხელისუფლების რეაგირების ადეკვატურობის და ოპერატიულობის ხარისხი ტოვებს მკაფიო შთაბეჭდილებას, რომ მმართველი ძალა მზადყოფნით და ენთუზიაზმით არ შეხვედრია ამ რეკომენდაციებს. პირიქით, ხელისუფლება ისე დახვდა ამ მოთხოვნებს, როგორც მოწინააღმდეგე ძალის მტრულ ინიციატივას. ეს ნათლად ჩანს ხელისუფლების ლიდერების რიტორიკაშიც, საპასუხო მოქმედებების ლოგიკაშიც, დროის გაწელვის მცდელობაშიც.

ამ თორმეტ პუნქტზე ხელისუფლების რეაგირების ადეკვატურობის და ოპერატიულობის ხარისხი ტოვებს მკაფიო შთაბეჭდილებას, რომ მმართველი ძალა მზადყოფნით და ენთუზიაზმით არ შეხვედრია ამ რეკომენდაციებს. პირიქით, ხელისუფლება ისე დახვდა ამ მოთხოვნებს, როგორც მოწინააღმდეგე ძალის მტრულ ინიციატივას. ეს ნათლად ჩანს ხელისუფლების ლიდერების რიტორიკაშიც, საპასუხო მოქმედებების ლოგიკაშიც, დროის გაწელვის მცდელობაშიც

ვთქვი, რომ საქართველოს სახელმწიფოს პერსპექტივაზე უამრავი ხილული და უხილავი გარე ძალა ზემოქმედებს-მეთქი. ამერიკის, ევროკავშირის და სხვა პარტნიორების ქცევა ჩვენთან მიმართებაში ლეგალურია, სამართლებრივია და ეფუძნება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს და ნებაყოფლობით შეთანხმებებს.

მათგან რადიკალურად განსხვავებულია რუსეთის ქცევა - აგრესია, ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი, და, დიდი ალბათობით, სადაც შესაძლებელია - მოსყიდვა, გადაბირება, საბოტაჟი, შანტაჟი.

მაგალითისთვის ვიტყვი, ადრეც, უკრაინაში იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში, ბევრს შეიძლება უკვირდა რის იმედზეა პრეზიდენტი, როცა ასე რადიკალურად უპირისპირდება უძლიერესი დასავლური სახელმწიფოებისგან მხარდაჭერილ უკრაინის საზოგადოებას და მრავალრიცხოვან ოპოზიციასო.ბოლოს კი ყველამ დაინახა, რომ ზურგს უკან მას რუსეთი ჰყავდა და იმისგან იყო გულმოცემული. მერე როგორ განვითარდა მოვლენები ყველამ ვიცით.

ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ საქართველოში სამომავლო სცენარს აუცილებლად ასე ვხედავ, მაგრამ გასახსენებლად და გასათვალისწინებლად მაინც ღირს, და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის.

პასუხი გამიგრძელდა, თქვენს კითხვაზე ასე გიპასუხებთ - 12-პუნქტიანი რეკომენდაციის დათქმულ ვადაში შესრულების საკმაოდ მცირე შანსი გვაქვს. ამის მიზეზები ისაა, რომ დღეს არცერთ მხარეს არ აქვს გადამწყვეტი უპირატესობა რესურსული და ორგანიზაციულ-მმართველობითი თვალსაზრისით. მხარეებს შორის შეთანხმებას და თანამშრომლობას ამ პუნქტების გარშემო გამოვრიცხავ.

12-პუნქტიანი რეკომენდაციის დათქმულ ვადაში შესრულების საკმაოდ მცირე შანსი გვაქვს. ამის მიზეზები ისაა, რომ დღეს არცერთ მხარეს არ აქვს გადამწყვეტი უპირატესობა რესურსული და ორგანიზაციულ-მმართველობითი თვალსაზრისით. მხარეებს შორის შეთანხმებას და თანამშრომლობას ამ პუნქტების გარშემო გამოვრიცხავ

ვფიქრობ, უახლოეს თვეებში იქნება პოზიციური პოლიტიკური ბრძოლები და ნერვების თამაში მხარეებს შორის, საზოგადოების მეტ-ნაკლები აქტიურობის ფონზე. ფართო სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა დაბალია, თუ რომელიმე მხარემ არ დაკარგა თვითკონტროლი.

ამ მყიფე საყაიმო მდგომარეობაში გადამწყვეტი ეფექტის როლს, ჩემი აზრით, შეასრულებს რაღაც პრინციპულად ახალი მნიშვნელოვანი ცვლილება გლობალურ და რეგიონულ პოლიტიკაში. მაგალითად, უკრაინაში რომელიმე მხარის, იმედია, რუსეთის, დამარცხება, ცივილიზებული ქვეყნების ერთობლივი მოქმედებების ეფექტიანობის თვისებრივი გაუმჯობესება ან გაუარესება და ა.შ.

- აღარავინ დავობს, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება ევროპული მიმართულებით „ქართული ოცნების“ გაუგებარი, ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრული ქმედებების შედეგი იყო.

მეტიც, მმართველმა ძალამ პრაქტიკულად არა თუ არაფერი არ გააკეთა იმისთვის რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, არამედ იმ ტიპის შეურაცხყოფას აყენებდა სისტემატურად ქვეყნის ევროპელ პარტნიორებს, გასაკვირიც კი იქნებოდა, მათ მათსავე თავებზე ლაფის დასხმა და არ შეემჩნიათ და კანდიდატის სტატუსი მოეცათ.

ამის შემდეგ ევროპელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები იმაზე მიანიშნებს, რომ მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული ევროპულ პოლიტიკაში საქართველოს როლი და ადგილი, ამიტომ ამბობენ რომ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და არ ჩამორჩეს ე.წ. „ტრიოს“.

ასეთ ფონზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიდევ შეეცადა ჩვენს გაკვირვებას, ხან ამბობდა, რომ რუსთაველზე ევროინტეგრაციის მომხრეებს შორის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერებიც იყვნენ, მაგრამ შემდეგ თქვა რომ რუსთაველზე შეკრებილები „უსამშობლო და უღმერთო ხალხია“.

ვითარებაში, როცა ბატონი კობახიძე და მისი თანაგუნდელები აგრძელებენ ანტიდასავლური განცხადებების კეთებას, იმის მტკიცებას, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს, რომ საქართველო ომში არჩართვის გამო დაისაჯა და არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდი თავად არ ტოვებს საფუძველს არსებობდეს იმედი იმისა, რომ წლის ბოლოს ევროპული რეკომენდაციების შესრულდება.

„ქართულ ოცნებას“ არ აქვს გაცნობიერებული რას ნიშნავს ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივა? ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ეშლება? თუ შეგნებულად აფერხებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას?

- ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა განსაკუთრებით თავისი ფორმის გამო. ყველა ის გაუგებრობა, რასაც თქვენ აღნიშნავთ ამ შეკითხვაში, უცებ გაქრება, თუ ხელისუფლების მოქმედებათა შეფასებისას დიამეტრულად შევიცვლით ანალიზის მეთოდს.

ახლავე ავხსნი, რას ვგულისხმობ - მრავალფაქტორიანი სისტემების და პროცესების პროგნოზისა და ანალიზის მეთოდოლოგიაში არსებობს ასეთი ლოგიკა - როცა ვერანაირი დასკვნა ვერ კეთდება, ეს ნიშნავს რომ ანალიზის მეთოდი არის მცდარი. ასევეა პოლიტიკაშიც.

როცა ვერ ხვდები რომელიმე პოლიტიკური აქტორის მთავრობის, ოპოზიციის, ლიდერის მოქმედებების ლოგიკას, როცა გაუგებარია რას ემსახურება მისი მოქმედებები, როცა თითქოს გამოდის რომ ეს აქტორი თითქოს თავისსავე საზიანოდ დგამს ამა თუ იმ ნაბიჯს - ყველაზე იოლია ეს აქტორი სულელად ჩათვალო.

მაგრამ როგორც იტყვიან - სულელი არავინ არის. შესაბამისად, უნდა გადაამოწმო რამდენად სწორი ანალიზის მეთოდები გაქვს.

როგორც წესი, შეცდომის არსი შემდეგშია - ჩვენ ამ აქტორს, მაგალითად, მთავრობას აპრიორი მივაწერთ ხოლმე კონკრეტულ მიზანს რაც მას "წესით" უნდა ჰქონდეს, და ამის შემდეგ მისი მოქმედების ადეკვატურობას ვაფასებთ იმ მიზანთან შესაბამისობაში. შედეგად ვიღებთ სრულ აბსურდს "ასეთი მოქმედებებით ეს მიზანი არ მიიღწევა" და ისღა დაგვრჩენია დავასკვნათ, რომ ეს აქტორი სცდება ანუ სულელია.

ამიტომ, ასეთ სიტუაციაში სჯობია სწორედ მოქმედებების ლოგიკაში "ამოვიკითხოთ" ხოლმე მისი მიზნები და მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

შესაბამისად, თუ თქვენს შეკითხვას თხრობით ფორმაში გადავიყვანთ, აღმოჩნდება, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება ევროპული მიმართულებით „ქართული ოცნების“ გაუგებარი, ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრული ქმედებების შედეგი კი არ იყო, არამედ პირიქით - იყო სრულიად გაცნობიერებული, თანმიმდევრული ქმედებების შედეგი.

კანდიდატის სტატუსის არმიღება ევროპული მიმართულებით „ქართული ოცნების“ გაუგებარი, ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრული ქმედებების შედეგი კი არ იყო, არამედ პირიქით - იყო სრულიად გაცნობიერებული, თანმიმდევრული ქმედებების შედეგი

როცა შეურაცხყოფას აყენებ იმას, ვისგანაც მეგობრობის ხელს ელი და ამას მით უფრო ინტენსიურად შვრები, რა უფრო ახლოა მიზანი - ანალიზი გვკარნახობს, რომ აქტორი მთავრობა იქნება თუ კობახიძე ან სხვა, სრულიად გამიზნულად მოქმედებდა და არაფერიც არ შეშლია.

მესმის, რომ ეს მძიმე დასკვნაა და პირდაპირი ბრალდებაა, მაგრამ სხვანაირად ისე გამოდის, რომ ხელისუფლებას სიკეთე კი უნდა, მაგრამ იმდენად სულელია, რომ ყველაფერს პირიქით აკეთებს. ეტყობა, მე უფრო მაღალი წარმოდგენა მაქვს მათს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე და ასეთ უჭკუობას ნამდვილად ვერ დავწამებ. ისინი მიზანდასახულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებენ.

აქვე, რადგან მკითხეთ, ნამდვილად გვერდს ვერ ავუვლი ყველაზე ეფექტურ პროპაგანდისტულ ხერხს, რაც რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ გამოუყენებია ბოლო 30 წლის განმავლობაში - „აბა ომი გინდათ?!“.

აქ, მე როგორც ვხვდები, გამოყენებულია ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნა, დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის საბაზისო განწყობები და შეხედულებები. ეს ფრაზა „ომი გინდათ?!“ შედგენილია ორი მოვლენის შეზავებით. ესენია იდიოსინკრაზია და რესენტიმენტი.

რესენტიმენტთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანი თავისი ყველა უბედურების, წარუმატებლობის, მარცხის მიზეზს ვიღაც „სხვას“ მიაწერს. ქმნის მტრის ხატს და პრობლემას თავისთავში არ ეძებს. ჩვენს შემთხვევაში, გარკვეული ძალები ეწევიან სრულიად იდიოტური აზრის კულტივირებას, რომ თურმე ომის საფრთხე იმისგან კი არ მოდის ვინც შეიძლება ომი დაგვიწყოს, არამედ იმისგან - ვინც სიფხიზლისკენ და თავდაცვისთვის მზადებისკენ მოგვიწოდებს. ანუ, მტერი რუსეთი კი არ არის, არამედ ის, ვინც ამბობს რომ რუსეთი მტერია და თავდაცვისთვის ემზადება.

ანუ, შექმნილია ცრუ „მტრის ხატი“ და ეს ყველაფერი დაფუძნებულია მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში დანერგილ ფსიქოლოგიურ შეუთავსებლობაზე, აუტანლობაზე (იდიოსინკრაზია) იმ ადამიანებისადმი, ვინც წლებია მკაფიოდ ამბობს, რომ რუსეთი მტერია, რომ ჩვენი გზა არის დასავლეთისკენ და მოითხოვს შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას! ამიტომ, ამ უაღრესად საშიშ ფრაზას „ომი გინდათ?!“ საზოგადოების მეორე ნაწილმა შეძლებისდაგვარად კვალიფიციური ახსნა-განმარტებები უნდა დაუპირისპიროს - „ისინიც“ ხომ ჩვენი ხალხია!

ბოლოს, კონკრეტული პასუხი თქვენს კონკრეტულ შეკითხვაზე - დიახ, „ქართულ ოცნებას“ გაცნობიერებული აქვს რას ნიშნავს ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივა და, როგორც ჩანს, შეგნებულად აფერხებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას.

„ქართულ ოცნებას“ გაცნობიერებული აქვს რას ნიშნავს ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივა და, როგორც სჩანს, შეგნებულად აფერხებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას

- ორიოდ დღის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა - "ქართული ოცნება" მზადაა 2%-მდე დაწიოს ბარიერი, თუ საქართველო EU- კანდიდატის სტატუსს მიიღებს.“ ამ განცხადებამ ქვეყნის შიგნით ოპონენტებიც გააკვირვა და ქვეყნის გარეთ ევროპელი პარტნიორებიც.

ეს განცხადება იმის გამო გავიხსენე, რომ იგი კარგად აჩვენებს არა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისადმი „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას, არამედ ძალაუფლებისადმი მათ დამოკიდებულებას. იმას, რომ „ქართულ ოცნების“ მიზანი არა ევროპული ინტეგრაცია, არამედ ხელისუფლებაში ყოფნაა.

ბევრი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან დაიწყო ვაჭრობა. ნაწილმა ჩათვალა, რომ იგი ამ თემით პატარა პარტიებს ევაჭრება. თუ უფრო დიდი სურათის დანახვას შევეცდებით არაა გამორიცხული ამ განცხადების ადრესატი „ნაცმოძრაობა“ იყო, რომელსაც „ოცნების“ მსგავსად არ სურს ბარიერის 2%-მდე ჩამოწევა, რადგან ეს მასაც გაურთულებდა გზას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

თუ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გეგმავს ჩააგდოს ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, სულაც არაა გამორიცხული იგი ამ საქმეში მის პარტნიორად „ნაცმოძრაობას“ მოიაზრებდეს. ახლა არ ჩანს, რომ ასე შეიძლება მოხდეს, თუმცა, ფაქტია, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ისევე როგორც „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნება სურს.

მიუხედავად ყველაფერ იმისა, რაზეც ვისაუბრე, გაქვთ განცდა, რომ ევროპულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკური კლასი პარტიული ინტერესებით არ იხელმძღვანელებს და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს მიიღებს?

- რადგან ხელისუფლების პოლიტიკის შესახებ ბევრი ვილაპარაკე, ახლა ოპოზიციაზე უნდა ვთქვა. ოპოზიციურ ფრთას სერიოზული პრობლემები აქვს. თუ ხელისუფლება სწორედ იმიტომ რომ ხელისუფლებაა - უფრო კონსოლიდირებულია, ოპოზიციამ დღემდე ვერ მოახერხა მთავარ, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება და პოლიტიკური ბრძოლის ერთიან მეთოდებზე ჩამოყალიბება.

თუ ხელისუფლება სწორედ იმიტომ რომ ხელისუფლებაა - უფრო კონსოლიდირებულია, ოპოზიციამ დღემდე ვერ მოახერხა მთავარ, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება და პოლიტიკური ბრძოლის ერთიან მეთოდებზე ჩამოყალიბება

მკაფიოდ იკითხება, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას განსხვავებული ვიწრო-პოლიტიკური ამოცანები და მიზნები აქვს, რაც სწორედ იმით აიხსნება, რომ საერთო-სახელმწიფოებრივ და კერძო-პარტიულ ინტერესებს შორის სწორი ბალანსის დაცვა უჭირთ, ან არ უნდათ.

ჩემი აზრით, სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველა ის პრობლემა თუ წარუმატებლობა, რაც ოპოზიციის ფრთას ახასიათებს.

ვფიქრობ, პირადსა და საერთოს, კერძოსა და საქვეყნოს შორის ზღვრის დაუნახაობა არა მხოლოდ ამა თუ იმ პარტიის, არამედ ყველა მთლიანად ჩვენი საზოგადოების სენია და ეს განსაკუთრებულად პოლიტიკურ ცხოვრებაში იჩენს ხოლმე თავს.

ამიტომ, განცდა, რომ პოლიტიკური კლასი პარტიული ინტერესებით არ იხელმძღვანელებს და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ნაკლებად მაქვს, არადა, აუცილებელია ყველაფერი ვიღონოთ ამისთვის.

განცდა, რომ პოლიტიკური კლასი პარტიული ინტერესებით არ იხელმძღვანელებს და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ნაკლებად მაქვს, არადა, აუცილებელია ყველაფერი ვიღონოთ ამისთვის

- ინტერვიუს ჩაწერამდე გამოთქვით მოსაზრება, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან დიალოგის რეჟიმს გაურბიან და პრაქტიკულად მონოლოგის რეჟიმში არიან. ორივეს ერთმანეთის განადგურება სურს, მაგრამ ამის გაკეთება არც ერთს არ შეუძლია.

ასეა მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ არაერთ პრემიერს აქვს ნათქვამი „ნაციონალებისთვის“ - დაგასრულებთ! დაგამთავრებთ!

ინტერვიუს დაწყებამდე თქვით, რომ ევროპული რეკომენდაციებიდან დეპოლარიზაცია და დეიოლიგაქრიზაცია თქვენთვის გაუგებარია. პოლიტიკოსების სიმრავლის მიუხედავად, ბევრი შენიშნავს, რომ ქართული პოლიტიკის პრობლემა არა პოლარიზაციაა, არამედ პოლიტიკოსების ნაკლებობა. უფრო სწორად პოლიტიკური თვალსაზრისით მძიმეწონიანი ფიგურების ნაკლებობა.

რატომ თვლით რომ 12 რეკომენდაციიდან ორის - დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის შესრულება წლის ბოლომდე შეუძლებელია.?

- საერთოდ, პოლარიზაციას საზოგადოებაში სხვადასხვა ინტერესების არსებობა კი არ იწვევს, არამედ პირიქით - დიდი ეროვნული მასშტაბის და მნიშვნელობის იდეების და პროექტების ნაკლებობა, დეფიციტი.

პოლარიზაციას საზოგადოებაში სხვადასხვა ინტერესების არსებობა კი არ იწვევს, არამედ პირიქით - დიდი ეროვნული მასშტაბის და მნიშვნელობის იდეების და პროექტების ნაკლებობა, დეფიციტი

არ მინდა პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფ ხალხს და ქვეყანას არ უნდა ეცალოს წვრილმანი კინკლაობისთვის. დიადი ეროვნული მიზნები რომ არსებობდეს, პოლარიზაციისთვის ნაკლები დრო დაგვრჩებოდა.

აქ არის „ქართული ოცნების“ მსოფლმხედველობრივი შეცდომა - ქვეყანაში სწორედ მაშინაა ჯანსაღი პროცესები და ჰარმონია, როცა ხელისუფლებას დიდი საქვეყნო მიზნები აქვს დასახული. სახელმწიფოს მხრიდან ჯანსაღ ამბიციურობაზე უარის თქმა, „არგაღიზიანების პოლიტიკა“, საკუთარი ქვეყნის სისუსტესა და მეორე ხარისხოვნებაზე მუდმივი აპელირება ამ მდგომარეობის გამოსწორებისთვის თავდადებული მუშაობის ნაცვლად, „ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ!“- ის გამუდმებული ძახილი - ეს პოლიტიკა სიწყნარეს კი არა ჭაობის განცდას ქმნის და შედეგად იწყება პოლარიზაცია იმათგან, ვინც ამ მდგომარეობას ვერ შეეგუება.

ქვეყანაში სწორედ მაშინაა ჯანსაღი პროცესები და ჰარმონია, როცა ხელისუფლებას დიდი საქვეყნო მიზნები აქვს დასახული... ხელისუფლების პოლიტიკა სიწყნარეს კი არა ჭაობის განცდას ქმნის და შედეგად იწყება პოლარიზაცია იმათგან, ვინც ამ მდგომარეობას ვერ შეეგუება

აქედან გამომდინარეობს ჩემი პასუხიც შეკითხვაზე - რატომ მგონია, რომ დეპოლარიზაცია ვერ მოხდება დათქმულ ვადაში.

დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება -კოსმეტიკური გადაწყვეტა შესაძლებელია, მაგრამ აქ გადამწყვეტია ევროპის პოზიცია - დაყაბულდება თუ არა ის გარეგნულ ცვლილებებს, თუ მოითხოვს ძირეულ, ფუნდამენტურ ცვლილებებს ამ მიმართულებით.

- თუ სწორად გავიგე, დეოლიგარქიზაციის თემა ბატონ ივანიშვილისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე დადის.

თუ ასეა, ივანიშვილისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიმცემი შეიძლება იყოს ერთი მხრივ ევროპა და აშშ, ხოლო მეორე მხრივ ქართულ პოლიტიკურ კლასში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი.

რაც შეეხება ევროპას და ამერიკას, სურათი ასე გამოიყურება - ევროკომისიის რეზოლუციაში ივანიშვილი მისთვის არასასურველ კონტექსტშია მოხსენიებული. მეტიც, უკვე ვიცით, რომ უკრაინულ მთავრობასთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი მის საკითხს შეისწავლის იმ თვალსაზრისით უწყობს თუ არა იგი ხელს რუსეთში სანქცირებული პროდუქციის შეტანას, რის გამო მას სანქციები უნდა დაუწესდეს. გამოდის, რომ ივანიშვილის პერსონა ახლა დიდი დაკვირვების ქვეშაა.

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით ივანიშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის დამოკიდებულებას, აქაც ვხედავთ, რომ ამ საკითხში აზრთა დიდი სხვადასხვაობაა. მისი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები არიან.

კობახიძის, ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის ანტიამერიკული და ანტიდასავლური განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, ივანიშვილის ქონებისა და უსაფრთხოების საკითხები, როგორც ჩანს, საკმაოდ აქტუალურია როგორც ბატონ ივანიშვილისთვის, ისე მისი გუნდის უახლოესი გარემოცვისთვის.

თუ თემის უფრო მასშტაბურად დანახვას შევეცდებით, ცხადად დავინახავთ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხში, და ასევე თავისივე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ყველაზე პოზიტიური წვლილი ბატონ ივანიშვილს შეუძლია შეიტანოს.

რა როლის შესრულება შეუძლია ბატონ ივანიშვილს ქვეყნის ერთი მხრივ ევროპული პერსპექტივის შენარჩუნებაში, მეორე მხრივ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, და მესამე მხრივ იმაში, რომ საშინაო პოლიტიკაში ვითარება არა თუ დამძიმდეს, ქვეყანამ მშვიდად და მშვიდობიანად გაიაროს ამ ეტაპზე გასავლელი გზა?

- ბატონი ივანიშვილის განსაკუთრებულ როლს და გავლენას ქართულ პოლიტიკაში მტერიც აღიარებს და მოყვარეც. ამ ფაქტის ავ-კარგზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ - ეს თემა მრავალგზის გადაღეჭილია ჩვენს საზოგადოებაში და ზუსტად შემიძლია ერთი ვთქვა, რომ აქ კონსენსუსი ვერაფრით შედგება.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა განაპირობოს ქვეყნის ცხოვრების ძირითადი ორიენტირები - პათოლოგიაა და ეს მდგომარეობა საზოგადოების თვისებებს, მისი განვითარების დონეს უფრო აღწერს და ახასიათებს, ვიდრე თვითონ იმ პიროვნებას.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა განაპირობოს ქვეყნის ცხოვრების ძირითადი ორიენტირები - პათოლოგიაა და ეს მდგომარეობა საზოგადოების თვისებებს, მისი განვითარების დონეს უფრო აღწერს და ახასიათებს, ვიდრე თვითონ იმ პიროვნებას

დიახ, როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს აქვს პრობლემები, რაზეც თვითონ მისი წარმომადგენლებიც ლაპარაკობენ. ამ პრობლემების მოგვარების ვარიანტებზე მე ვერ ვილაპარაკებ რადგან ეს მისი პირადი საქმეა, ხოლო რა როლის შესრულება შეუძლია მას დღევანდელ ვითარებაში - უახლოესი პერიოდი გამოაჩენს.

ხელისუფლების წარმომადგენლების უამრავ განცხადებაში თუ ქმედებაში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ბატონი ივანიშვილის პირადი ინტერესი, მაგრამ შორსმიმავალი დასკვნებისა და ანალიზის მცდელობისგან თავს შევიკავებ. ისედაც ძალიან მალე გაირკვევა ყველაფერი.

ხელისუფლების წარმომადგენლების უამრავ განცხადებაში თუ ქმედებაში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ბატონი ივანიშვილის პირადი ინტერესი, მაგრამ შორსმიმავალი დასკვნებისა და ანალიზის მცდელობისგან თავს შევიკავებ. ისედაც ძალიან მალე გაირკვევა ყველაფერი

- რადგან ევროპული 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების თემა კარგა ხანს იქნება ჩვენი საშინაო პოლიტიკის აქტუალური თემა, ბუნებრივია, საინტერესოა თუ თუ როგორ განვითარდება პროცესები სწორედ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად.

უკვე ვიცით, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას მიიღებს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ გეგმის რეალიზაციაში.

ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესი?

- პოლიტიკური დაპირისპირების პროცესის ტრაგიკულ ნიშნულამდე გამწვავებას ნაკლებად ველი. ამისთვის საკმარისი რესურსული უპირატესობა არცერთ მხარეს დღეს არ აქვს.

პროგნოზი განსაკუთრებით რთულია ასე ცვალებად გარემოში. დაძაბულობის ორი-სამი პიკი ალბათ იქნება უფრო შემოდგომიდან და წლის ბოლოს მაქსიმუმს მიაღწევს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, სრულიად გამორიცხულია ისეთი სცენარი, სადაც მთავრობა და ოპოზიცია ხელიხელჩაკიდებული, ერთიანი ძალებით იშრომებს საერთო მიზნების მისაღწევად.

სრულიად გამორიცხულია ისეთი სცენარი, სადაც მთავრობა და ოპოზიცია ხელიხელჩაკიდებული, ერთიანი ძალებით იშრომებს საერთო მიზნების მისაღწევად

- ოპოზიციურ ძალთა ნაწილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ გეგმაზე უკეთეს გეგმაზე მუშაობს და შემდეგ კვირას წარუდგენს როგორც საზოგადოებას, ისე ხელისუფლებას და ოპოზიციურ სპექტრს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოპოზიციის ნაწილმა ამავე რეკომენდაციების შესასრულებლად უკეთესი, უფრო რეალისტური და რეალიზებადი გეგმა წარმოადგინოს?

- დიდი იმედი არ მაქვს ობიექტური გარემოებების გამო. ღმერთმა ქნას ვცდებოდე. ვნახოთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა