მარკეტა გრეგოროვა - მძულს განცხადების მოსმენა, რომ საქართველოს სტატუსზე უარი „ომთან შეერთების“ მიზეზს უკავშირდება - ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შეუერთდეთ, ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირს შეუერთდეთ, რისთვისაც აუცილებელი ნაბიჯები არსებობს

რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსის და სინამდვილეში რას ელის ევროკავშირი ოფიციალური თბილისისგან? - ეს ერთი შეხედვით მარტივი და ოფიციალური ბრიუსელისგან ცხადად განმარტებული საკითხი, ჯერ ისევ მსჯელობის საგანი რჩება საქართველოში. იმას, რასაც საქართველოს ხელისუფლება ომში ჩართვაზე უარის თქმას აბრალებს, ევროპელი პარტნიორები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ცალსახად დაძაბული ურთიერთობით ხსნიან: „აბსოლუტურად უცნაურია იმის განცდა, რომ ჩვენ მხოლოდ გავცემთ, მხოლოდ გავცემთ და ვერასდროს ვიღებთ რაიმეს სანაცვლოდ. ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობა პარტნიორობაა და არა ჩვენი გამოყენება“,- ამბობს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

არის თუ არა ხელისუფლების მიერ შემუშავებული 12-პუნქტიანი გეგმა სწორი რეაქცია ევროკავშირის მოთხოვნებზე, გულისხმობენ თუ არა ევროპელი პარტნიორები ოლიგარქიის პრობლემის მოგვარებაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს და რას ელიან ოპოზიციისგან, იხილეთ ვრცლად ინტერვიუში.

- კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებიდან 2 კვირაზე მეტი გავიდა. ევროპელმა პოლიტიკოსებმა 12 პუნქტი განსაზღვრეს, რომლებიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვეში, მიიღებენ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება. თქვენი აზრით, მმართველი პარტიის ეს ნაბიჯი ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად მიზნის მიღწევისკენ გადადგმულ სწორ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს თუ პოლიტიკური ვაჭრობის შთაბეჭდილება გრჩებათ ?

- პირველ რიგში, მივესალმებით, რომ უკვე არის გარკვეული გეგმა, რადგან ეს არის ის, რასაც ჩვენ ველით უკანასკნელი თვეების განმავლობაში. მოხარული ვარ, რომ ამ დისკუსიამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გარკვეულ საკითხებს ბიძგი მისცა და პროცესები დაძრა. ეს ძალიან კარგია, თუმცა, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ მოხდება ამ გეგმის განხორციელება. ვფიქრობ, გეგმა საკმაოდ კარგია, შეიძლება არ არის ბევრი ამბიცია გარკვეული კუთხით, მაგრამ სხვაგვარად ცალსახად კარგია პროგრესის მისაღწევად გამოხატული ნების დანახვა. ამის შემდეგ საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება არა მხოლოდ ფურცელზე, არამედ პრაქტიკულადაც განხორციელდება. თუ 12 პირობა შესრულდება, ვფიქრობ, კომისიაც და საბჭოც მეტად ღია იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში. რაც შეეხება არჩევნებს, ზოგადად მე ვემხრობი და მხარს ვუჭერ ცვლილებებს მეტად პროპორციული სისტემისკენ, რადგან ვფიქრობ, რომ მას მივყავართ მეტი დემოკრატიისკენ, თუმცა ჩვენ უკვე ვიხილეთ იმის საჭიროება, რომ ეს პროცესი წარიმართოს სხვა რეფორმებთან და სხვა ზომებთან ერთად. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოემზადება მომავალი არჩევნებისთვის ისე, რომ არ გაჩნდეს ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, რადგან კიდევ ერთხელ ამის ფუფუნება აღარ გვაქვს.

- ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირმა შესასრულებლად განგვისაზღვრა, დეპოლარიზაციას ეხება - გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის თავზე კვლავ გვესმის ურთიერთბარლდებები. ოპოზიციას კი სხვა მრავალი მიზეზის პარალელურად, უნდობლობის გამოც არ სურს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის დღევანდელ პოზიციებს. როგორ გესახებათ ამ ვითარებაში დეპოლარიზაცია და როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი?

- არ იქნება საზოგადოების არავითარი დეპოლარიზაცია თუ არ იქნება პოლიტიკური დეპოლარიზაცია შესაბამის პარტიებს შორის. მე ამას ვხედავ ყოველ ჯერზე, როდესაც ვხვდები ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათ სჭირდებათ შეძლონ ერთად მუშაობა, სხვაგვარად არანაირი პროგრესი არ იქნება - იარსებებს გეგმა და ზოგიერთი ადამიანი არ მოისურვებს მასთან შეერთებას ან იქნება პროტესტი და ზოგიერთი ადამიანი დააიგნორებს მას - ეს პრობლემა გრძელდება 2 წლისა და მეტის განმავლობაშიც. პარტიებმა უნდა დაძლიონ ეს. არ ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება სინამდვილეში ამდენად პოლარიზებულია თავისთავად, მაგრამ ის წარმოდგენილია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ერთად მუშაობა არ სურთ. მე მესმის, რომ ზოგჯერ ეს შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ყოველთვის საჭიროა მაგიდასთან დაჯდომა და ამის შემდეგ შეიძლება გააკრიტიკო და თქვა: „დავსხედით მაგიდასთან, მაგრამ რაღაც საკითხი არ შესრულდა“, მაგრამ არ შეიძლება არ დაჯდე მაგიდასთან და გააკრიტიკო დაუყოვნებლივ. ვფიქრობ, ეს პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული და თუ საქართველოს მოსახლეობას სურს რამის გაკეთება, პირველ რიგში, მათ შეუძლიათ მიწერონ თავიანთ წარმომადგენლებს, ვისაც ხმა მისცეს, შეუძლიათ მისწერონ მეილი ან მესიჯი: „გთხოვთ დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან და ეცადეთ ითანამშრომლოთ“, რადგან სხვაგვარად აქედან ვერ გამოვალთ.ეს არ არის ორი თინეიჯერის ურთიერთობა, რომლებსაც ძალიან რცხვენიათ ერთმანეთისთვის პირველი მესიჯის გაგზავნა. საქმე პირველ ნაბიჯში არ არის, საქმე რეალურად, ნორმალური პოლიტიკის კეთებაშია. ყველა მათგანი ორშაბათიდან პარასკევამდე ერთ შენობაში იკრიბება - სამინისტროებში, მთავრობის ადმინისტრაციაში, პარლამენტში და მათ ერთმანეთი მუდმივად სჭირდებათ. ახლა ხელისუფლებამ კონკრეტული გეგმა წარადგინა და უფრო მეტად ოპოზიციაზე არის დამოკიდებული, შეუერთდნენ მათ გეგმის განხორციელების ძალისხმევაში, მაგრამ ასევე, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ის, რაც გეგმით აქვს დასახული და რეალურად ითანამშრომლოს ოპოზიციასთან. ეს იმგვარი ურთიერთობაა, რომელშიც ყველამ მხარემ ერთდროულად უნდა გადადგას ნაბიჯები ერთმანეთის მიმართ და არ დაელოდოს მეორეს როდის გადადგამს პირველ ნაბიჯს. მე გავიგე, რომ ოპოზიციას ახლა არ სურს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ გეგმაზე მიმდინარე სამუშაოებს შეუერთდეს. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და ვის ეხება, მაგრამ მივმართავ მათ, ვისაც არ სურს გეგმაზე მუშაობა, გთხოვთ, კიდევ ერთხელ განიხილეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა დაინახოს, რომ მზაობა არსებობს ორივე მხრიდან. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ეხება ოპოზიციას და მთელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. გთხოვთ, სცადეთ ერთად მუშაობა და თუ ეს შეუძლებელია, გვითხარით, რატომ არის შეუძლებელი, არ დანებდეთ იქამდე სანამ მუშაობას დაიწყებდეთ.

- რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას - „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რადგან „ივანიშვილი არ არის ოლიგარქი“. იქნებ დააკონკრეტოთ, ჰყავს თუ არა ევროპელ პარტნიორებს მხედველობაში სწორედ ბიძინა ივანიშვილი, როცა საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს?

- ეს ორგვარად შეგვიძლია გავიგოთ - პირველ რიგში. ევროპარლამენტისგან გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ უკვე ვახსენეთ ივანიშვილი ერთ-ერთ რეზოლუციაში - დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის ოლიგარქი და ეს მას ეხება, თუმცა ჩვენ როგორც ევროკავშირი - კომისია, საბჭო და პარლამენტი ვგულისხმობთ დეოლიგარქიზაციაში სისტემის შექმნას, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ და საკუთარი სარგებლობისთვის ვერ გამოიყენებენ. საბოლოო ჯამში, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ეს ივანიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, რადგან თუ სისტემა სათანადოდ იქნება შემუშავებული, ისინი ვერ შეძლებენ მის შელახვას და სწორედ ეს არის საკვანძო ნაწილი.

- მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და განსაზღვრა 12 პირობაც, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, დარწმუნებული ვარ, ევროპარლამენტს, ისევე როგორც ორგანიზაციის სხვა სტრუქტურებს ჰქონდათ ოფიციალური თბილისის მხრიდან კონკრეტული მყისიერი ნაბიჯების მოლოდინი. ობიექტურად რომ ვთქვათ, ამ დროისთვის რა ნაბიჯები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს უკვე გადადგმული?

- მე ვფიქრობ, შესასრულებლად დასახული 12-პუნქტიანი გეგმა წინ გადადგმული კარგი ნაბიჯია, რადგან ეს ცხადად ამბობს: „ჩვენ გვსურს რამის გაკეთება და ეს არის ჩვენი გეგმა“. ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ არის თუ არა ეს საუკეთესო გეგმა, შეიძლება თუ არა ყოფილიყო უკეთესი, თუ ესეც საკმარისია, მაგრამ რამდენიმეკვირიანი ან უფრო მეტიც, რამდენიმეთვიანი თავდასხმების შემდეგ „ქართლი ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, მედიაში გაჟღერებული კრიტიკის შემდეგ და რეზოლუციის გამოქვეყნების შემდეგ, ურთიერთობა არა მხოლოდ ევროპარლამენტსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, არამედ ასევე ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებს შორის გახდა უფრო მეტად დაძაბული და არ იყო შესაბამისი კომუნიკაცია. ამიტომ, ამ 12-პუნქტიან გეგმას ვხედავთ როგორც პოზიტიურ და წინ გადადგმულ კარგ ნაბიჯს, რადგან ყველა ამ ბრალდებისა და “ფეიკ ნიუსის” შემდეგ მოხარულები ვართ, რომ ახლა ბოლოს და ბოლოს პოლიტიკაზე ვსაუბრობთ და არა პერსონალურ თავდასხმებზე, ეს ის ენაა, რომელზე საუბარსაც ვისურვებდით.

- ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, უკრაინისა და მოლდოვისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა, საქართველოსთვის კი არა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან შემდეგნაირად ფასდება: „უკრაინამ კანდიდატის სტატუსი ავანსად და წახალისების მიზნით მიიღო რადგან ომშია, მოლდოვას წახალისება მოხდა, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომი მასზეც მძიმედ აისახა, ხოლო საქართველო დაიჩაგრა, რადგან ომის მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვა“. “არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს” – ეს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაა. რამდენად სწორად ხედავს საქართველოს ხელისუფლება ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს - რამდენად იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ამ ეტაპზე უარის თქმა განპირობებული სწორედ იმით, რომ ახლა ჩვენს ქვეყანაში საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს?

- ვწუხვარ, რომ ეს სიტყვები მესმის. ეს მამწუხრებს, რადგან აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აბსოლუტურად ცხადია, რატომ არ მივეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოს და ეს დაწერილია. ეს მოხდა იმის გამო, რომ იყო ბევრი დაძაბულობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი პროგრესი, იყო უფრო მეტად რეგრესი, სწორედ ამიტომ მივიღეთ რეზოლუცია მედიამდგომარეობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტები შავდებიან, მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა და ა.შ. და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან შემდეგ არის სასამართლო სისტემის რეფორმა, ოლიგარქების პრობლემა. მაგალითად, მოლდოვა რომ ავიღოთ - იმიტომ არა, რომ ის ომის სამიზნეა. მხოლოდ ეკონომიკა რომ ყოფილიყო, ჩვენ არ უნდა მიგვეცა მისთვის კანდიდატობის სტატუსი, რადგან სინამდვილეში ეს მეტ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, ჩვენ შეგვეძლო მათ უბრალოდ ფინანსური სახსრებით ეკონომიკურად დავხმარებოდით, თუმცა მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რადგან მას ჰყავს ძალიან პროევროპელი პრეზიდენტი, პროევროპული ხელისუფლება და პროევროპული პარლამენტი და ეს ჩვენ ვერ დავინახეთ საქართველოში. იყო დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა სურდა, თუმცა არ იყო არანაირი ნაბიჯი და ჩვენ მხოლოდ ვისმენდით, რომ ევროპარლამენტარები იტყუებიან. აბსოლუტურად უცნაურია იმის განცდა, რომ ჩვენ მხოლოდ გავცემთ, მხოლოდ გავცემთ და ვერასდროს ვიღებთ რაიმეს სანაცვლოდ. ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობა პარტნიორობაა და არა ჩვენი გამოყენება, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია. სწორედ ამიტომ არ მოხდა საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება, მაგრამ შემდგომი რეფორმების პირობებით და არა ომთან შეერთების პირობით... ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ საქართველო უკვე იმყოფება ომში რუსეთთან, ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ოკუპირებულია და ამას ყოველ ჯერზე ვგმობთ ყველა რეზოლუციაში. ასე რომ, მე მძულს ამ განცხადების მოსმენა, ნამდვილად მამწუხრებს, რომ საქართველოში ზოგიერთი ადამიანი შეიძლება მართლა ფიქრობდეს ასე, რადგან საუბარი არ ეხება ომთან შეერთებას, ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შეუერთდეთ, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ ევროკავშირს შეუერთდეთ, მაგრამ ამისთვის არსებობს გარკვეული აუცილებელი ნაბიჯები და რეფორმები საქართველოს ხელისუფლებისთვის და არა რუსეთისთვის.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა