თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი, კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათვე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

„გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. ბერნი განვითარებული ქალაქია, შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურის, ურბანული კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე, მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნის მერს მასპინძლობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა კალაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ალეკ ფონ გრაფენრიდს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერნის მერი ახლო მომავალში თბილისს ვიზიტით ეწვევა.

მერიის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მტკიცე არჩევანს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. აღინიშნა, რომ შვეიცარიის ჩათვლით, ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს დაახლოება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯია.

ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის და ბერნის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქალაქებს შორის ურთიერთობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და ტურიზმი.

„არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე - ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არინ მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბერნის მერმა.

ბერნის მერიაში გამართულ ღონისძიებას ქართული მხრიდან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო