დავით მათიკაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილმა კვირიკაშვილის მაგალითი მხოლოდ იმ მიზნით გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა წარმოეჩინა, რომელიც თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნისას მათ პროფესიონალიზმს ანიჭებდა უპირატესობას

ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მაგალითი მხოლოდ იმ მიზნით გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა წარმოეჩინა, რომელიც თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნისას, პირველ რიგში, მათ პროფესიონალიზმს ანიჭებდა უპირატესობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კარგად ახსოვს ზეწოლა და მუქარა, რომელიც ხორციელდებოდა.

„ძალიან მოკლედ მინდა გამოვეხმაურო 2011 - 2012 წლებში „ქართუ ჯგუფიდან“ ადამიანების წასვლის ფაქტს, რაზეც თავის წერილში ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. მაშინ მეც „ქართუს“ თანამშრომელი ვიყავი და კარგად მახსოვს ზეწოლა და მუქარა, რომელიც თითოეული ჩვენგანის მიმართ ხორციელდებოდა.

პირადად მე ქონებაც კი დამიყადაღეს, რაც ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. ამ სტრესს რომ ვიღაცამ ვერ გაუძლო, ამისთვის ვერც მე დავადანაშაულებ ვერავის და ეს ადამიანები არც პრემიერს დაუდანაშაულებია.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ის ირაკლი ღარიბაშვილმა წერილში დადებითად მოიხსენია და პროფესიონალად დაახასიათა. „ქართუს“ თანამშრომლებს კარგად ახსოვთ, რომ გიორგიმ ჯგუფი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლის შემდეგ დატოვა. მოგვიანებით, მან თქვა, რომ ვიღაცამ „ქართუს“ დატოვება ბიძინა ივანიშვილის სახელით ურჩია. რატომ არ გადაამოწმა გიორგიმ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთან, ვერ გეტყვით. თუმცა, ამაში ჩაღრმავების დრო დღეს ნამდვილად აღარ არის, მით უმეტეს, რომ გიორგი პოლიტიკურ პროცესებს ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე შემოუერთდა. ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მაგალითი მხოლოდ იმ მიზნით გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა წარმოეჩინა, რომელიც თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნისას, პირველ რიგში, მათ პროფესიონალიზმს ანიჭებდა უპირატესობას!“,- წერს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო „ქართუ ბანკზე“. კერძოდ, როგორც პრემიერი აღნიშნავდა, მუქარითა და ზეწოლით „ქართუს“ სტრუქტურების დაშლას ცდილობდნენ, თუმცა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. მისივე თქმით, „იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, - მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, - ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია“.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი