საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში შეხვდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენებზე გლობალურ საფინანსო სისტემაზე და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის (Stand-by Arangement) მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებს და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც სებ-მა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ის მიერ რუსეთის საფინანსო სექტორის მიმართ დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით გადადგა.

„აშშ-ის ელჩთან შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკა საქართველოს ერთგული მხარდამჭერი და პარტნიორია. სწორედ აშშ-ის ჩართულობით ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და განვითარებას. აშშ-ის ელჩთან ვისაუბრე იმ რეფორმებსა და ნაბიჯებზე, რომლებიც სებ-მა გლობალური გამოწვევების ფონზე გადადგა. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობას და მზადაა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე იმუშაოს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან ვისაუბრე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და აფასებს ჩვენს თანამშრომლობას ეროვნულ ბანკთან და მზად ვართ, სხვა პარტნიორებთან ერთად, ვიმუშავოთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეკონომიკამ დაძლია კორონავირუსის პანდემიისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული შოკი. ვფიქრობ, ეს სტაბილურობა სწორედ ეროვნულ ბანკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მყარი თანამშრომლობითაცაა განპირობებული“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა