„ქართული ოცნება“ კიდევ 3 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა დატოვეს

„ქართული ოცნება“ კიდევ სამი მუნიციპალიტეტის - თელავის, ადიგენისა და ასპინძის საკრებულოს წევრებმა დატოვეს.

მმართველი გუნდის უკვე ყოფილი წევრების განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ „თავისუფლად საუბარი შეძლონ“.

მათ აღნიშნულის შესახებ განცხადებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

თელავის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის ლევან კოჭლოშვილის განცხადებით, აპირებს შევუერთდე იმ ადამიანების რიგებს, ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას, რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს.

„ის, რომ დღეს ჩვენ ვარსებობთ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენი წინაპრების არაერთი თავდადების და ვაჟკაცობის დამსახურებაა. ჩვენთვის საყვარელი მეფე ერეკლეს მსგავსად დარმწუნებული ვარ, თითოეული ჩვენი სახელოვანი წინაპარის ოცნება მშვიდობიანი, ერთიანი, ქრისტიანული და ევროპული საქართველო იყო, რომელიც ძლიერ ქართულ ფესვებზე უნდა ყოფილიყო დაშენებული. ჩვენს მეფეებს სჯეროდათ და სწამდათ, რომ ჩვენი მტრებისგან განსხვავებით ევროპა იყო ის ადგილი, სადაც საქართველო დაიმკვიდრებდა ადგილს საკუთარი ისტორიით, კულტურითა და მრავალგანსაცდელ გამოვლილი რწმენით. დღეს გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ევროპულობას ამოფარებულები ებრძვიან ყოველივეს რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა და დღესაც დგას ჩვენი სამშობლო. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც მხარს უჭერს და მფარველობს „ნაციონალურ მოძრაობას“, ძალას, რომელიც წლების განმავლობაში გვკლავდა და გვაწამებდა. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ყოველივე ქართულს. მე მჯერა ევროპის, რომელზეც ოცნებობდნენ ჩემი წინაპრები, მე მჯერა ჩემი ქვეყნის და ისტორიის, მე მჯერა ჩვენი რწმენის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცის განნუყოფელი ნაწილი იყო. არ მივცემ შესაძლებლობას არავის ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმაროს „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნანატრი მშვიდობა, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში დაისადგურა ჩვენ ქვეყანაში, საფრთხის წინაშე არ დადგეს. იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ საჭიროა სიმართლის ლაპარაკი, მოურიდებლად, პირდაპირ. სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ მე შევძლო თავისუფლად საუბარი და მოქმედება, გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა და შევუერთდე იმ ადამიანების რიგებს, ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის, დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას ასეთ რთულ მომენტში და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას, რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“,- წერს თელავის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან კოჭლოშვილი.

ადიგენის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის იმედა მღებრიშვილის განცხადებით კი, საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე, რაც ხდება და თანამდებობას იმიტომ ტოვებს, რომ მმართველ გუნდს უხერხულობა არ შეუქმნას.

„ყველას კარგად გვახსოვს აგვისტოს ომი, რომლის იარები (ფიზიკური თუ სულიერი) არაერთ ადამიანს მოყვება და ძალიან ბევრი ჩვენგანი დღესაც ცდილობს ბევრი რამის დავიწყებას. ადამიანები, რომელთა უცოდინრობამ თუ დანაშაულებრივმა ქმედებებმა ჩვენ ქვეყანას ვერ აარიდა ომი, დღეს კიდევ უფრო დიდი მონდომებით ცდილობენ რამენაირად გახვიონ უბედურებაში ჩვენი ქვეყანა.

თუ უკრაინას კანდიდატის სტატუსი უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად მიენიჭა (რაც არაერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან მოგვისმენია), ჩვენ ქართველებს მხოლოდ რუსეთთან ომში სამჯერ გვაქვს სისხლი დაღვრილი, თანაც ისე, რომ ფაქტიურად ყოველ ჯერზე მარტო აღმოვჩნდით ჩვენი მტრის წინაშე.

ნუთუ არაა საკმარისი ამდენი დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული სახლები და ათასობით გაუბედურებული ოჯახი, ნუთუ ამისთვის იბრძოდა ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში დახმარების ხელის გამოწვდის სანაცვლოდ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება მიგვეღო ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისგან. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ გესმოდეს იმ უბედურების მასშტაბი რაც ხდება უკრაინაში და ხდებოდა ჩვენთან 2008-ში, როგორც ჩანს ევროპაში მყოფთაგან ზოგიერთისთვის ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს, რაც ჩემში იმედგაცრუებას იწვევს.

ჩვენ უკან დასახევი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად არაფერი გვაქვს. საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე რაც ხდება, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები, რომელიც არსებობს, სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველ გუნდს უხერხულობა არ შევუქმნა მე ვტოვებ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს და პარტია „ქართულ ოცნებას“, ვაპირებ შევუერთდე იმ ადამიანებს, ვინც მზადაა ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

ასპინძაში „ქართული ოცნების“ საკრებულოს ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე გია ჭელიშვილი კი ამბობს, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება სიმართლის ლაპარაკი, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს.

„ძალიან რთულია ჩუმად უყურო თუ, როგორ აზიანებენ ევროპულ იდეას საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი უცხოელი ლობისტები. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ევროპელებად და ევროპის სახეებად გვევლინებიან ბოროტმოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველი - იუკნევიჩიანეები, კუბილიუსები, გრეგორევები თუ ფოტიგები.

იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველი და ეხმარებოდე მას რამენაირად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში, ნიშნავს იყო იმ ყოველივე უბედურების თანამონაწილე, რასაც ჩადიოდა წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იყო - დაუნდობელი რეპრესიები, ტელეკომპანიებში შევარდნები, ბიზნესის და ქონების ღამის ნოტარიუსებით გადაფორმებები, ხალხის წამებები, მკვლელობები, გაუპატიურებები და ათასი უბედურება რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. დღეს ისე, როგორც არასდროს ჩვენ ქვეყანას და საზოგადოებას ჭირდება სიმართლის ლაპარაკი, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს ის. მე მჯერა, რომ თითოეული ქართველის წარმოდგენაში არსებობს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ერთიანი საქართველოს იდეა, რომლის შენარჩუნებისთვისაც არაერთი ომი გადავიტანეთ. ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა ბევრი სისხლი დავღვარეთ ევროპისკენ იმედებით მიმავალ გზაზე და დღეს ძალიან რთულ სიტუაციაში, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ვითომ ევროპელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს „ყურის აწევით“ ელაპარაკებიან, ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპას შორის. სწორედ ეს ხალხი აზიანებს ნამდვილ ევროპულ იდეას ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის ნიშნავს მშვიდობას და არა-ომს, საქართველოს დამოუკიდებლობას და არა-ვასალობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტე დავტოვო პარტია „ქართული ოცნება“ და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა იმისთვის, რომ თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი“,- წერს გია ჭელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ უკვე დატოვეს სხვა მუნიპალიტეტების საკრებულოებში მმართველი გუნდის წევრებმაც. ესენია - ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე, ჭიათურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა სამხარაძე, თერჯოლის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ომარ ჯიხვაშვილი, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი და გორის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ გოგინაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა