დიმიტრი ხუნდაძე - დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს - ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს

დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს - ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როდესაც 2008 წელს საქართველო დახურულ კარს მიღმა აღმოჩნდა და „ამ შეცდომების გაგრძელებაა ის, რაც უკრაინაში ხდება“.

რაც შეეხება საქართველოს კანდიდატის სტატუსის განხილვის ვადის გადადების თაობაზე ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებას, ხუნდაძის თქმით, 6-თვიანი ვადის მიზანი იყო, რომ ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად ყველა პუნქტის შესრულება შეუძლებელი ყოფილიყო.

„რაზეც ვსაუბრობდით, რომ დავალების 6-თვიანი დრო, არაგონივრული იყო, მართალი აღმოვჩნდით. ეს [6-თვიანი ვადა] ისახავდა მიზანს, რომ რაც არ უნდა მცდელობა გამოეჩინა მმართველ გუნდს, შეუძლებელი იყო ყველა პუნქტის ასე სწრაფად შესრულება. ამასთან, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ემსახურებოდა არა სტატუსის მოპოვებას, არამედ სხვა სცენარს, რისი განხორციელებაც გრძელდება, მაგრამ ევროპარლამენტარების ჯგუფი აზრობრივად თანხვედრაშია და იმ სცენარის ერთი შემადგენელია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში უნდა მოხდეს დესტრუქციის გზით ხელისუფლების შეცვლა. ხელისუფლების, რომელიც იოლად არ ემორჩილება დაკვეთებს, შემოთავაზებებს და მითუმეტეს ისეთ შემოთავაზებებს, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ევროპარლამენტარების ერთ ჯგუფს, რომლის ხმაც დღეს განსაკუთრებით ხმამაღლა ისმის, ყოფილ ხელისუფლებასთან კარგი კომუნიკაცია ჰქონდათ - უსიტყვოდ ყველა დავალება სრულდებოდა, თუმცა არ სრულდებოდა მთავარი. თითქმის 20 წელია ღია კარის პოლიტიკის მოლოდინში ვართ. ჩვენი ქვეყანა არის ორმხრივი ზეწოლის ქვეშ - ერთი მხრივ დასავლეთს საქართველო პოლიტიკურ თამაშში შეჰყავს ქრონიკული ღია კარის რეჟიმით, მეორე მხრივ - რუსეთი, კიდევ უფრო მეტი ხიფათის შემქმნელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებითა და იარაღის ჟღარუნით ეთამაშება.

ევროატლანტიკური მიმართულება არის უცვლელი და ჩვენც, ყველამ საზოგადოებასთან ერთად ეს კურსი კონსტიტუციაში ჩავწერეთ. კარები ღიაა, მაგრამ როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს კარი ჩვენთვის იხურება. 2008 წელს სწორედ ამ დახურულ კარს მიღმა, რუსეთთან პირისპირ აღმოვჩნდით და ეს, ვფიქრობ, შეცდომა იყო, რომელიც ევროპაში უკვე არაერთხელ აღიარეს და ხმამაღლა ითქვა, რომ ეს იყო შეცდომა. ამას მოჰყვა ყირიმი, 2014 წელი. ვფიქრობ, ამ შეცდომების გაგრძელებაა ის, რაც უკრაინაში ხდება. თუ შეცდომა იქნება, მაგრამ საფრთხის ორგანიზატორი ამ საფრთხეს არ აამოქმედებს, ეს შეცდომა შეცდომად დარჩება, მაგრამ, როდესაც რისკია და არის რუსეთი, რომელიც მუდმივად ოკუპანტის განწყობით და ქმედებებითაა, შეცდომები ძვირი ჯდება. ვიტოვებ ეჭვს, რომ შესაძლოა, საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს. როდესაც ვხედავთ საკმაოდ მძიმე განვითარებას უკრაინაში, არ მოვერიდები თქმას, რომ დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს. ზამთარი მოდის, ენერგომატარებლების კუთხით იზრდება ინტერესი. შესაძლოა, თავად რუსეთი გადავიდეს დასავლეთის მიმართ სანქციებზე. ამ პირობებში აუცილებელია, რომ ომი დასრულდეს“,- განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ვროკომისიის წარმომადგენელმა მაიკლ რუპიმ ევროპარლამენტში განაცხადა, რომ ევროკომისია, როგორც ევროპულმა საბჭომ სთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარადგენს, რაც მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, რომ საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა