გია ვოლსკი - მოსამართლემ განცხადება გააკეთა და მან უნდა გასცეს პასუხი, ვის მიმართაც იყო გაკეთებული, აქ რომან გოცირიძის კომენტარები საკმარისი არ არის

მოსამართლემ განცხადება გააკეთა და მან უნდა გასცეს პასუხი, ვის მიმართაც იყო გაკეთებული და აქ რომან გოცირიძის კომენტარები საკმარისი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლის განცხადებაზე კელი დეგნანის მხრიდან პირდაპირი პასუხი არ ყოფილა, თუმცა დახმარება, როგორც კელი დეგნანმა მიუთითა, აუცილებელია და მისასალმებელია. ვოლსკი აცხადებს, რომ როცა ასეთ სკანდალურ თემაზე განცხადება კეთდება, ის პასუხს საჭიროებს.

„მოსამართლემ განცხადება გააკეთა და მან უნდა გასცეს პასუხი, ვის მიმართაც იყო გაკეთებული და აქ რომან გოცირიძის კომენტარები საკმარისი არ არის. რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის" სახელით განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კონკრეტული მოსამართლის სანქცირება მოახდინა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გააკეთა და ახლა კეთილი ინებოს და დაადასტუროს, რომ ეს ასეა, ან თქვას, რომ ეს მხოლოდ მათი მოსაზრებაა. "ნაცმოძრაობის" ეს განცხადება საკმაოდ ნათელი, ვფიქრობ, სკანდალური იყო, რადგან იგი ადასტურებს, რომ ამერიკამ ქართველ მოსამართლეზე სანქციები დააწესა. ეს მე არ მითქვამს, ეს არც კელი დეგნანის განცხადებაში იყო, "ნაცმოძრაობის" განცხადებაში იყო მტკიცებით ფორმატში გამოთქმული პოზიცია. რომან გოცირიძეს ეს აზრი მოსამართლის განცხადებაში რომ ამოიკითხა და ეთქვა, რომ მას ეჭვი ეპარება, ამერიკა არის ის ქვეყანა, ვისაც შეუძლია, მოსამართლეს სანქცია დაუწესოს, მაშინ მისი პოზიცია გასაგები იქნებოდა. პირიქით, უნდა ეთქვა, მაგალითად, როგორც მე ვამბობ, რომ ამერიკის მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი და ამ თემაზე მისი პასუხი, მაგრამ სანამ მოსამართლის განცხადება იქნებოდა, "ნაცმოძრაობა" დიდი ხნით ადრე ამტკიცებდა, რომ ეს სწორედაც სანქციაა, რომელიც დაუწესა აშშ- მა კონკრეტულ მოსამართლეებს და ამ თემაზე ერთი ჟივილ-ხივილი და ტაშ-ფანდური ჰქონდათ ატეხილი. პოზიცია არც ახლა შეცვლილა, მოვიდა გოცირიძე და თქვა, რომ აშშ- მა დააწესა სანქციები კონკრეტულ მოსამართლეზე კონკრეტული გადაწყვეტილების გამო, ამ საკითხზე საჭიროა გაცილებით უფრო ფართო და მტკიცე პასუხი, რომელსაც იმედია, მოვისმენთ აშშ- ის წარმომადგენლისგან. დანაშაულზე ლაპარაკობს "ნაცმოძრაობა", რომ დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულმა ქვეყანამ, აბრალებს აშშ- ს და იმედია აბრალებს, ამის თაობაზე ალბათ მოვისმენთ დამატებით კომენტარს, რომ მან იმის გამო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონს, მოახდინა მოსამართლის სანქცირება. ეს არის სერიოზული ბრალდება აშშ- ს მიმართ და ეს პასუხს საჭიროებს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მოსამართლისგან კონკრეტულ საქმეზე ინფორმაციის მიღება დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაა, თუმცა რამდენად იყო პროტოკოლი დარღვეული არ იცის, რადგან ამაზე აშშ- ის პოზიცია არ მოუსმენია, მოსამართლე კი შესაძლოა, გარკვეულ უზუსტობას უშვებს.

"რასაკვირველია, ამით დიპლომატიური პროტოკოლი ირღვევა, რადგან თუ რაიმე კითხვა აქვთ მოსამართლის ან რომელიმე სტრუქტურის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაქსიმალური დამოუკიდებლობით, რასაკვირველია, ორი აზრი არ არსებობს, რომ ასეთი კითხვა პირად საუბარში არ ისმება და წინასწარი შეთანხმებაა (საჭირო). სპიკერების ჯგუფი ჰყავს სასამართლოს და ეს კითხვა იქ უნდა დაისვას, მაგრამ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და ამას უნდა უზრუნველყოფდეს დიპლომატიური პროტოკოლი. ამერიკის განცხადებაა მოსასმენი, რაც ჯერ არ გაჟღერებულა. არ ვიცი, ეს კომუნიკაცია რა ფორმით მოხდა. მოსამართლე ამბობს და შეიძლება, მოსამართლე რაღაც უზუსტობას უშვებს, ან შეიძლება შეთანხმება იყო, რომ ამ საკითხზე იქნებოდა საუბარი. იქნებ, ამის თაობაზე ღიად იყო გაცხადებული,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს