ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება თბილისში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება თბილისში. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იქნება წარმატებული და დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქვე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური ძალისხმევის როლს გაუსვა ხაზი, როგორც წარმატებული მედიატორის სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაზე და თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით. აღინიშნა, რომ დიალოგის ეს პლატფორმა რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

„ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.

მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილა.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა აზერბაიჯანის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ასევე მტკიცედ უჭერს მხარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფარიზ რზაევი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია