ვახტანგ ძაბირაძე - მოსახლეობის 1%-ს მაინც სჯერა, რომ ივანიშვილი არ ერევა ხელისუფლების მართვაში, არის ასეთი ვინმე საქართველოში? - გულწრფელი რომ იყოს, პირჯვარს რომ გადაიწერს

ხელისუფლებამ დააანონსა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ამ 12 მოთხოვნაში არ არის და განხილვას არ აპირებს. ოპოზიციაც არ ჩამოყალიბდა, წინა პლანზე წამოწია საკონსტიტუციო ცვლილებები, ცხადია სესია არ შეიკრიბებოდა და არ განიხილავდნენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სესიის მოწვევასთან ერთად პირველი სხდომის დღის წესრიგი უფრო მკაფიოდ უნდა ჩამოეყალიბებინათ და ეს სამუშაო პროცესის შეთანხმება უნდა ყოფილიყო.

„ოპოზიციას სურს და მისი ძირითადი მიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც ოპოზიციამ წინასწარ იცოდა, რომ ხელისუფლება ამაზე არ წავიდოდა, არც წავა. ხელისუფლებამ დააანონსა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები 12 მოთხოვნაში არ არის და ამის განხილვას თორმეტ პუნქტში არ აპირებს. ოპოზიციაც არ ჩამოყალიბდა. იმიტომ ვამბობ, რომ სესიის მოწვევასთან ერთად პირველი სხდომის დღის წესრიგი უფრო მკაფიოდ უნდა ჩამოეყალიბებინათ და ჩემი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო სწორედ სამუშაო პროცესის შეთანხმება, რომ 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულება არ არის ერთი პოლიტიკური ძალის, თუნდაც ხელისუფლებაში მყოფის ვალდებულება, რომ ეს არის მთლიანად პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის ამოცანა. ამ კუთხიდან უნდა წარმოეჩინათ, ოპოზიციამ კი წინა პლანზე წამოიღო საკონსტიტუციო ცვლილებები. ცხადია, სესია არ შეიკრიბებოდა და არ განიხილავდნენ ამას“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ოპოზიცია „მთლად წელში გამართული“ ვერ არის და „ქართულ ოცნებას“ აძლევს მანევრირების საშუალებას, როცა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

„ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, სადაც ოპოზიცია მთლად წელში გამართული ვერ არის და „ქართულ ოცნებას“ აძლევს მანევრირების საშუალებას. ოპოზიცია სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობს. შესაბამისად, რაც არ უნდა მოამზადოს ოპოზიციამ, ეს იქნება უბრალოდ შეხლა-შემოხლის თემა და არა კონსტრუქციული მუშაობის. „ქართულ ოცნებას“ ამ 12 პუნქტის შესასრულებლად უმრავლესობაში თავისი მანდატები ყოფნის იმისათვის, რომ გაიტანოს თავისი წინადადებები. და ის, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს ამ პროცესში, ამას „ქართული ოცნება“ გამოიყენებს. რომელიც მას მიაჩნია, რომ უნდა გაიტანოს, მაგათ მიიღებს, ხოლო დანარჩენზე იტყვის, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობდა, ამიტომ ჩვენ ვერ შევძელით ამის გაკეთება.

ოპოზიციას რომ კითხოთ, „ქართული ოცნება“ არ ასრულებს ევროკავშირის მოწოდებებს და თავად ასრულებენ? პრობლემა აი, აქ არის. „ქართული ოცნება“ ჩვენი პარტნიორების მოწოდებებიდან იღებს იმ ნაწილს, რომელიც მისთვის არის მომგებიანი და დანარჩენზე უარს ამბობს, იმავეს აკეთებს ოპოზიციაც, განა მოწოდებები არ არის, რომ დასხედით, იმუშავეთ. ეს ხომ პირველი არ არის, ამას ხომ ეუბნებიან ოპოზიციას, რატომ არ აკეთებენ? ამავე დროს იმედი აქვთ იმის, რომ მიიღებენ პარტნიორების მხარდაჭერას და როგორ?“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე გადაცემაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, როდესაც ასეთი დაჟინებით ცდილობ რაღაცის გამართლებას, ყოველთვის ჩნდება ეჭვი.

„ზოგადად ვეთანხმები ღარიბაშვილს იმაში, რომ არ შეიძლება პერსონიფიცირებულად იქნას მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონი, კანონი არ შეიძლება მორგებული იქნას ერთ პიროვნებაზე. მაგრამ მეორე მხარეა აქ, როდესაც ასეთი დაჟინებით ცდილობ რაღაცის გამართლებას, ყოველთვის ჩნდება ეჭვი. 2012 წლამდე, ივანიშვილს ღარიბაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ასე დაიცავდა? არ დაიცავდა და არც არავინ დაუცვიათ იმიტომ, რომ შეტევა ჩვენ გვახსოვს, მაგალითად პატარკაციშვილზე, მაგრამ არავინ არ გამოსულა და არ დაუცვია პატარკაციშვილი ქართული ხელისუფლებისგან.

საქართველოში დღეს მოსახლეობის ერთ პროცენტს მაინც სჯერა, რომ ივანიშვილი არ ერევა ხელისუფლების მართვაში? რომ ღარიბაშვილი მართლა გუნდმა აირჩია პრემიერად და ივანიშვილის აზრი არავის გაუთვალისწინებია? არის ასეთი ვინმე საქართველოში? - გულწრფელი რომ იყოს, პირჯვარს რომ გადაიწერს... მე მგონი საერთოდ არ არის. ყველანაირი ფაქტორი ამას ადასტურებს, რომ ეს კაცი უნდა მას თუ არ უნდა, ერევა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა