„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაციის (WFO)  აფილირებული წევრი გახდა

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაციის მმართველი საბჭოს დადგენილებით, ასოციაციას აფილირებული წევრის სტატუსი მიენიჭა.

„ფერმერთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღებისას დეტალურად იქნა შეფასებული ფერმერთა ასოციაციის ორგანიზაციული შესაძლებლობები, განვითარების ეტაპები, დონორ ორგანიზაციებთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული შედეგები.

მათივე ცნობით, აფილირებული წევრის სტატუსი „ფერმერთა ასოციაციას“ შესაძლებლობას მისცემს ჩაერთოს ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაციის მიზნების წარმატებით განხორციელებაში და საკუთარი წვლილი შეიტანოს ადგილობრივი და გლობალური ფერმერული საქმიანობის მდგრადი განვითარების პროცესში. ამასთან, ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაციის აფილირებული წევრობა ასოციაციისთვის მეტ შესაძლებლობას აჩენს, გაზარდოს საკუთარი საქმიანობის მასშტაბი და გააფართოვოს აგროსექტორის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების პორტფელი.

„მოხარულები ვართ ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაციის აფილირებული წევრის სტატუსის მიღებით. ეს ფერმერთა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ხაზს უსვამს ჩვენი მუშაობის ეფექტიანობას. ახალი სტატუსი საშუალებას მოგვცემს ჩავერთოთ სხვადასხვა გლობალურ აქტივობაში, ვიყოთ საერთაშორისო მასშტაბის დისკუსიის მონაწილე, აქტიურად ვიმუშაოთ სხვადასხვა მიმართულების კომიტეტების ფორმატში, გავაზიაროთ საკუთარი და გავიზიაროთ სხვების ცოდნა და გამოცდილება, ასევე დავამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები წევრი ქვეყნების ფერმერულ ორგანიზაციებთან ადგილობრივი ფერმერების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ.

ცნობისთვის, „ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაცია“ (World Farmers’ Organization) 2011 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი იტალიაში, რომში მდებარეობს. ორგანიზაცია საქმიანობას რვა სამუშაო ჯგუფისა და კომიტეტის ფარგლებში ახორციელებს და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა სასურსათო უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება, ინოვაციები, აგრომეწარმეობაში ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობა, კოოპერატივები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება, მესაქონლეობა და სხვა. ფერმერთა მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და ინტენსიურად თანამშრომლობს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO).

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს