ლევან ალაფიშვილი - ღარიბაშვილის წერილი იმ ტიპისაა, არ გამიკვირდება ხელისუფლების მომდევნო წერილი მუქარა იყოს  - თუ ივანიშვილზე პოზიციას არ შეიცვლით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს უკან გავიტანთ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პედაგოგს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივით მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სესია მმართველმა გუნდმა ჩაშალა.

სესიის ჩაშლის მიზეზებზე მოვისმინეთ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის კომენტარები. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელიც უმრავლესობაშია, არ ასრულებდეს თავის უმთავრეს ფუნქციას პრაქტიკაში არ მომხდარა და ამგვარ რამეს ვერც ერთ სახელმძღვანელოში ვერ იპოვით.

სამწუხაროდ, ძალაუფლებისა და ძალაუფლების ბერკეტების მქონე პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკური ბრძოლის არაგონივრული, არასწორი და არალეგიტიმური გზა აირჩია. გაუგებარია, როცა ძალაუფლების მქონე პოლიტიკური ძალა უფრთხის უმცირესობაში მყოფ პოლიტიკურ ძალებთან პარლამენტის სხდომებზე დებატებსა და განცხადებებს.

რიგგარეშე სესიის ჩაშლა მმართველ გუნდს პოლიტიკურადაც აზიანებს, რადგან წარმოუდგენელია რა არგუმენტებით შეიძლება იმართლოს თავი მმართველმა გუნდმა საკუთარ ამომრჩეველთან. სესიაზეა საუბარი და არა ერთ ან რამდენიმე სხდომაზე. პრეზიდენტმა რიგგარეშე სესია მოიწვია.

უნდა განვმარტო, რა განსხვავებაა სესიასა და რიგგარეშე სესიის სხდომის მოწვევას შორის. სესიის სხდომა კონკრეტული დღის წესრიგით მოიწვევა, ჩატარდება ან არ ჩატარდება. თუ ჩატარდა, დღის წესრიგის ამოწურვისთანავე სრულდება და იგი მუშაობას წყვეტს.

მაგრამ, რიგგარეშე სესია მოიწვევა საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიებს შორის პერიოდში და გრძელდება მორიგი სესიის დაწყებამდე. ანუ, ახლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მოწვეული რიგგარეშე სესია გრძელდება.

თუ „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ რომ რიგგარეშე სესიის ერთი სხდომის ჩაშლით დაამთავრა საქმე, ცდებიან, რადგან დანიშნული სესია მოწვეულია და რეგლამენტის გაწერილი პროცედურებით გრძელდება სექტემბრამდე. ვიდრე არ მოუწევს მორიგი საშემოდგომო სესიის გახსნა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მოწვეული რიგგარეშე სესია გრძელდება... დანიშნული სესია მოწვეულია და რეგლამენტის გაწერილი პროცედურებით გრძელდება სექტემბრამდე. ვიდრე არ მოუწევს მორიგი საშემოდგომო სესიის გახსნა

სესიების გაცდენისთვის დეპუტატების სანქცირების ორი რეჟიმია გათვალისწინებული. თუკი მორიგი სესიის დროს ხდება სესიის გაცდენა, დეპუტატი სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს, მაშინ პარლამენტის წევრ დეპუტატს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს.

თუმცა, რიგგარეშე სესიის გაცდენის დროს კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არ არის. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს დანიშნული რიგგარეშე სესიის გაცდენის გამო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ, მაგრამ, რეგლამენტით სანქცირებას მაინც ექვემდებარებიან.

- რიგგარეშე სესიის დანიშვნით პრეზიდენტი იმედოვნებდა, რომ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად მხარეები დეპოლიტიზაციისკენ გადადგამდნენ ნაბიჯს.

ახლა რა სურათი გვაქვს - ერთი მხრივ სამართლებრივი, ხოლო მეორე მხრივ პოლიტიკური თვალსაზრისით?

- რიგგარეშე სესიის სამართლებრივი რეჟიმი ჩართულია. პრეზიდენტს თავისი აქტი არ გაუუქმებია, შესაბამისად, პარლამენტის თითოეულ წევრს აქვს ვალდებულება გამოცხადდეს და გაიაროს რეგისტრაცია.

პარლამენტის თავმჯდომარე და მას დაქვემდებარებული აპარატი სამართლებრივად ასევე არიან ვალდებულნი უზრუნველყონ სამუშაო პირობების შექმნა რიგგარეშე სესიისათვის.

პარლამენტის თავმჯდომარე და მას დაქვემდებარებული აპარატი სამართლებრივად არიან ვალდებულნი უზრუნველყონ სამუშაო პირობების შექმნა რიგგარეშე სესიისათვის

თუკი ეს არ ხდება, ამ შემთხვევაში სახეზეა რეგლამენტის დარღვევა. პარლამენტის რეგლამენტი ამბობს რა შემთხვევაში შეუძლია პარლამენტის წევრს არ დაესწროს რიგგარეშედ დანიშნულ სესიას.

- გამოდის პარლამენტის აპარატი და უმრავლესობა არღვევს რეგლამენტს და საბოტაჟს უცხადებს პარლამენტის მუშაობას?

- დიახ ასეა და თავად ხდება კანონს მიღმა აღმოჩენილი, ანუ კანონდამრღვევი. რა შემთხვევაშია საპატიო პარლამენტის სხდომაზე არდასწრება, ეს გახლავთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა საპატიო მიზეზების გამო. ასევეა პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა. თუ ამის შესახებ განაცხადებს ესა თუ ის პოლიტიკური გუნდი, ან ცალკეული დეპუტატი და არ დაესწრება სხდომას.

რიგგარეშე სესიის ჩაშლით მმართველი პოლიტიკური ძალა თავად აღმოჩნდა კანონსმიღმა და სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირების საბოტაჟის მონაწილე. დიახ საბოტაჟის მონაწილე, რადგან თავად აფერხებს სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირებას.

სესიის ჩაშლით მმართველი გუნდი პოლიტიკურად წამგებიან თამაშს თამაშობს, რადგან ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციასთან ერთად საჯარო რეჟიმში მუშაობაზე ამბობს უარს

სესიის ჩაშლით მმართველი გუნდი პოლიტიკურად წამგებიან თამაშს თამაშობს, რადგან ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციასთან ერთად საჯარო რეჯჟიმში მუშაობაზე ამბობს უარს.

დარწმუნებული ვარ, ევროპულ სტრუქტურებში პრემიერ ღარიბაშვილის წერილი აღქმული იქნება როგორ აღიარება იმის, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილის საკითხზე წერია

- რადგან ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ევროპული რეკომენდაციების შესრულება-არშესრულების თემა მნიშვნელოვანია, იმ ვითარებაში, რა მოცემულობაცაა შექმნილი პარლამენტში, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რეკომენდაციების თემების შესრულებასთან დაკავშირებით როგორ განვითარდება პროცესები?

- დემოკრატიაში, თუნდაც პოლიტიკური დაძაბულობის გასანეიტრალებლად არის პროცესების პარლამენტში გადატანა. რიგგარეშე სესიის ჩაშლით მმართველი ძალა პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის პროვოცირებას ახდენს. ეს კი პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„ქართული ოცნება“ ოპონენტებს აბრალებს პოლარიზაციას, მაგრამ როცა პარლამენტის სხდომათა დარბაზს კეტავ, იმაზეც უნდა ფიქრობდე, რომ პროცესები შესაძლოა ქუჩაში გადავიდეს. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის.

- პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართა.

თუ ადრე მმართველი გუნდი ამბობდა, რომ ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია „ფარატინა ქაღალდია“, მერე თქვა, რომ მზადაა ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულოს. ახლა პრემიერი ამბობს, რეზოლუცია „უსამართლო და შეურაცხმყოფელია“ და წერილის ადრესატს სთხოვს არ მიიჩნიოს ივანიშვილი ოლიგარქად და უარყოფს იმას, რომ ბატონი ივანიშვილი რაიმე ფორმით ერევა ქვეყნის მართვაში.

პრემიერის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია პრობლემებს უქმნის ივანიშვილს იმ სასამართლო დავაში, რომელიც მას შვეიცარულ ბანკთან აქვს. ამ თემაზე ბევრი ითქვა, მაგრამ კითხვას მაინც ასე დავსვამ - თქვენ როგორ აღიქვით პრემიერის წერილი?

- პრემიერის წერილი გახლავთ აღიარებითი ჩვენება იმაზე, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი და უმაღლესი პოლიტიკური ფიგურა იცავს როგორც თავად ამბობენ პოლიტიკის მიღმა მყოფი მოქალაქე ივანიშვილის ინტერესებს.

როცა ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს, გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ქვეყნის პრემიერის პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი მოქალაქე ივანიშვილის ინტერესების დაცვა. დარწმუნებული ვარ, ევროპულ სტრუქტურებში პრემიერ ღარიბაშვილის წერილი აღქმული იქნება როგორ აღიარება იმის, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილის საკითხზე წერია.

ჩემთვის ღარიბაშვილის წერილი იმ ტიპის განცხადებაა, არ გამიკვირდება ხელისუფლების მომდევნო წერილი მუქარა იყოს - თუ ივანიშვილთან დაკავშირებით პოზიციას არ შეიცვლით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს უკან გავიტანთ

თუ ამბობ, რომ რეკომენდაციების შესრულების ერთგული ხარ, რასაც ჰქვია დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, ყოველგვარი პერსონალიების გარეშე, მაშინ რა გიშლის ხელს შენი ხედვა წარადგინო.

მმართველი გუნდი დიალოგზეც უარს ამბობს, რადგან ამბობს, რომ მასთან დიალოგში შემსვლელებმა რეზოლუციაში ივანიშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერს უნდა გაემიჯნონ. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ რაღაცაზე ფიქრსო. მაგრამ, არ ამბობს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით რას აპირებს.

ფაქტია, რომ პრემიერ ღარიბაშვილს ადრესატი შეეშალა, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს არანაირი შეხება არ აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციის შემუშავებასთან.

- ბევრმა ვისაც აქვს გამოცდილება ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის შენიშნა - პრემიერის წერილი გარდა იმისა, რომ აშკარად არადიპლომატიურია, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდება. თქვენც ასე ფიქრობთ?

- პოლიტიკური ორგანოს რეზოლუციაზე ესაუბრები აღმასრულებელი ინსტიტუტის პირველ პირს, რომელიც ანგარიშვალდებულია ევროპარლამენტის წინაშე.

დარწმუნებული ვარ, ევროსტრუქტურებში ღარიბაშვილის წერილს აღიარებით დოკუმენტად მიიჩნევენ იმაზე, რომ საქართველოში ნამდვილადაა არაფორმალური მმართველობა და ქვეყანა ოლიგარქის ინტერესების შესაბამისად იმართება.

ჩემთვის ღარიბაშვილის წერილი იმ ტიპის განცხადებაა, არ გამიკვირდება ხელისუფლების მომდევნო წერილი მუქარა იყოს - თუ ივანიშვილთან დაკავშირებით პოზიციას არ შეიცვლით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს უკან გავიტანთ.

როგორც თავად მოსამართლე ჩხიკვაძე ამბობს შეხვედრა შედგა მაშინ, როცა განაჩენი დაწერილიც არ ჰქონდა, შესაბამისად, რა ზეწოლაზე შეიძლება იყოს საუბარი, გაუგებარია

როცა ევროპულ იმ ინსტიტუტს ეუბნები, რომლის წევრობა გინდა, - დაგმე ევროპარლამენტის რეზოლუციის ის მუხლი, რომელიც ივანიშვილს ეხება, ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს? ამიტომ ვამბობ - შემდეგ წერილში ღიად შეიძლება იყოს მინიშნება იმაზე, რომ განაცხადს გამოვიტანთ ევროკავშირიდან.

გაუგებარია მსჯელობა იმაზე, რომ თურმე ევროპას უფრო ვჭირდებით ჩვენ, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპა. მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან საქართველოს მსოფლიოს ცენტრად წარმოჩენა არა მარტო შეცდომაა, სახიფათოც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

- ევროპული რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება ამას წინათ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის საჯარო სივრცეში გააქტიურება. მოსამართლე ღიად უყენებს ბრალს აშშ-ს საელჩოს.

ის, რაც ამ თემაზე მოვისმინეთ ერთი მხრივ მოსამართლე ჩხიკვაძისგან, მეორე მხრივ აშშ-ს საელჩოდან, თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ ყველაფერმა? თქვენც საელჩოს მხრიდან სასამართლოს საქმეებში ჩარევად აღიქვით ის, რაზეც აშშ-ს საელჩო ამბობს?

- არა, არავითარ შემთხვევაში. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას და პოლიტიკურ განცხადებებს რომ გადავხედოთ, იქიდანაც არ ჩანს ამდაგვარი რამ. რამე ხელშესახები რომ ჰქონდეთ, დარწმუნებული ვარ მმართველი პოლიტიკური ძალა ამ თემას სხვა მიმართულებას მისცემდა.

საქმე გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების დეინსტიტუციონალიზაციასთან... თუკი ქვეყანაში რომელიმე ინსტიტუტი უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს, ეს სასამართლოსთან ერთად გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ძალოვანი სტრუქტურები

თავად პოლიტიკურმა მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემაც თქვა, რომ მასთან საუბარი ჰქონდათ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს განაჩენის გამოტანის შემდეგ. სამწუხაროა, რომ იგი პროფესიულადაც არ იქცევა კეთილსინდისიერად და სრულ ინფორმაციას არ აწვდის საზოგადოებას.

განაჩენს რომ აცხადებს სასამართლო, აქვს გარკვეული პერიოდი სანამ დასაბუთებულ განაჩენს გადასცემს მხარეებს და განაჩენს გახდის საჯაროს.

როგორც თავად მოსამართლე ჩხიკვაძე ამბობს შეხვედრა შედგა მაშინ, როცა განაჩენი დაწერილიც არ ჰქონდა, შესაბამისად, რა ზეწოლაზე შეიძლება იყოს საუბარი, გაუგებარია.

- გოგაშვილის თემას გვერდს ვერ აუვლით. რაც ვიცით კითხვები მეტია ვიდრე პასუხები. მაგრამ, რაც ზედაპირზე დევს ისაა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში მაღალ თანამდებობაზე მოხვდა პარტიული აქტივისტი.

მეტიც, მან უსაფრთხოების სამსახურიდან გრიფით საიდუმლო მასალები, როგორც უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა გამოიტანა. თქვენი დაკვირვებით რასთან გვაქვს საქმე?

- საქმე გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების დეინსტიტუციონალიზაციასთან. ეს გახლავთ, ყველაზე დადასტურებული მაგალითი. თუკი ქვეყანაში რომელიმე ინსტიტუტი უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს, ეს სასამართლოსთან ერთად გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ძალოვანი სტრუქტურები.

ამ ორგანოების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება არ შეიძლება. ამით სახელმწიფოს ერყევა საფუძველი. ინსტიტუტები, რომლებიც სხვა ქვეყნების გავლენების გამოვლენაზე უნდა იყვნენ ფოკუსირებული, ამის ნაცვლად დაკავებული არიან კონკრეტული, მმართველი პარტიის საარჩევნო პროცესზე.

როგორც ჩანს, გოგაშვილს მართლაც აქვს ინფორმაცია გასასაჯაროებელი, რომელიც მისი აზრით მნიშვნელოვანია პირველ რიგში მისთვის, რომ კარგი პოზიციიდან დაიწყოს ვაჭრობა მმართველ პოლიტიკურ ძალასთან და მეტი სარგებელი მიიღოს

2014 წლიდან თავად მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მაშინ, „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ფორუმელები“, დღეს უკვე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები, ვინც იყო ამ პროცესებში ჩართული, ამბობდა, რომ სპეცსამსახურები ერევიან არჩევნებში. უსაფროების სამსახურის საკმაოდ დიდი ნაწილი იქცა პოლიტიკურ პოლიციად.

- ახლა რაში დასჭირდათ გოგაშვილის დაკავება? რა საფრთხე დაინახა ხელისუფლებამ მასში?

- როდესაც პირი მონაწილეა ამ ყველაფრის, მისი არსებობაც კი საფრთხის მატარებელია. მხედველობაში მაქვს ის სამსახური, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე უნდა მუშაობდეს და არა მმართველ პარტიაზე. დოკუმენტები და ფორმალური მხარე მეორეხარისხოვანია, მისი არსებობა და თავისუფლებაში ყოფნაც სახიფათოა მმართველი გუნდისთვის.

გოგაშვილი თავად საუბრობდა იმაზე, რომ მან იცის ადგილობრივ არჩევნებზე თუ როგორ შედგა პარტიული სიები, როგორ შედგა ე.წ. გარიგებები და გაჩნდნენ ოპოზიციური ძალები თვითმმართველობებში და პარლამენტში. შემდეგ მეორე არჩევნებში ისინი საერთოდ გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან.

- როგორ შეიძლება გაგრძელდეს და დასრულდეს გოგაშვილის საქმე?

- ვფიქრობ, რომ გოგაშვილთან პოლიტიკური ვაჭრობა გაგრძელდება - შენც ჩუმად, მეც ჩუმად. მაგრამ, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება როგორ დაიწყებს ვაჭრობას გოგაშვილი.

როგორც ჩანს, გოგაშვილს მართლაც აქვს ინფორმაცია გასასაჯაროებელი, რომელიც მისი აზრით მნიშვნელოვანია პირველ რიგში მისთვის, რომ კარგი პოზიციიდან დაიწყოს ვაჭრობა მმართველ პოლიტიკურ ძალასთან და მეტი სარგებელი მიიღოს.

ამის შემდეგ პროცესები გადავა სხვა ეტაპზე, როდესაც ვითარებები ჩაწყნარდება. მაგრამ, მანამდე ადგილი ექნება ე.წ. გაჟონვას- გასაჯაროებას, არ ვიცი რა მოცულობის მასალების, მაგრამ, ეს იქნება ვაჭრობაში სასტარტო პოზიციის დაწყების საწყის ეტაპზე უპირატესობის მოსაპოვებლად.

ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციები იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. სავარაუდოდ, ქვეყნის გარეთ მასალები იმ პირობითაა გატანილი, რომ მისი ნაწილი არ უნდა გასაჯაროვდეს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა