ნიკა სიმონიშვილი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ინსტიტუციები, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული

დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, როცა დამოუკიდებელი ინსტიტუციები არ გვაქვს, მიმართული იქნება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ - გარკვეულ საკითხებზე დააფიქსირეს პოზიცია, რომ ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ, - ამის შესახებ საია-ს ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკითხები, რაზეც ხელისუფლებამ დააფიქსირა, რომ არ აპირებენ ნაბიჯების გადადგმას, ეხება ბარიერის დაწევას და სასამართლო რეფორმას.

“დღეს შეხვედრაზე ხელისუფლებამ წარმოგვიდგინა გეგმა, რაც მედიის საშუალებით არაერთხელ მანამდე გააჟღერეს. დეოლიგარქიზაციაზე პირდაპირ ვიტყვი, რომ ის პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციამდე. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი ინსტიტუციები, ბევრად უარეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე აქამდე გვქონდა, ეს პირდაპირ იქნება მიმართული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და არა ოლიგარქიზაციის დასრულებისკენ. დეოლიგარქიზაციისთვის არ არის მაინც და მაინც საჭირო კანონის მიღება, საჭიროა ძლიერი ინსტიტუციები, ამისთვის კი რეფორმებია საჭირო. ამ რეფორმების ნება დღეს ჩვენ შეხვედრაზე ხელისუფლებისგან სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ, თუმცა, ვნახოთ, სამუშაო პროცესში რა შეიცვლება. ხელისუფლებას შინაარსობრივ საკითხებზე როგორც თქვეს, ჩამოყალიბებული ხედვა არ აქვს, თუმცა, გარკვეულ საკითხებზე, პირდაპირ აფიქსირებენ პოზიციას, რომ არ აპირებენ ნაბიჯების გადადგმას. ეს შეეხება ბარიერის დაწევას და სასამართლო სისტემაზეც პოზიციები მოვისმინეთ ისეთი, რომ ხელისუფლებას შეიძლება არ ჰქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება, გამიჭირდება თქმა, რომ ხელისუფლებას აქვს ნება, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს მოიცავს, პოლიტიკური ნება გააჩნიათ", - განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განსახილველი საკითხი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა