ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ტელეკომპანია „პირველის“ ხელმძღვანელი ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განუცხადა, პროკურატურას მოუწევს საქმის ბოლომდე გამოძიება, რადგან მასზე მმართველი გუნდის დეპუტატებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე იძალადეს.

ანრი ოხანაშვილი არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. ადამიანმა დაგვპატიჟა მიღებაზე და ჩაიდინა ჯგუფური თავდასხმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ორგანიზებული, რადგან ანრი ოხანაშვილი არ არის ემოციური და ჭკუიდან გადასული ადამიანი, რომ იქ რაღაც დამართნოდა. დარწმუნებული ვარ, ეს იყო განზრახული. მოტივი რა იყო? - არანაირი მოტივი არ იყო. პროკურატურა ვერ „გააპრავებს“ ვერ გადაახტება ამ ინციდენტს იმიტომ, რომ ეს არის აღბეჭდილი კადრებად. მთავარია მოითხოვოს. საზოგადოება თვითონ შეაფასებს ჯგუფურ თავდასხმას. მოსთხოვონ კადრები ამერიკის საელჩოს, დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო ითანამშრომლებს [გამოძიებასთან]. პროკურატურას აქვს თუ არა ნება, მაინც მოუწევს აუცილებლად ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და ვერ შემოდებს თაროზე. დარწმუნებული ვარ, საქმე კლანის წევრ მოსამართლეს დაეწერება და მასაც მივმართავ - ძალიან კარგად იცით ყველაფერი როგორ ხდება და როგორ აკეთებთ, მაგრამ ეს მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. მოსამართლეს მივმართავ - ფრთხილად იყავით!“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით არის დაწყებული.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა საელჩოს ტერიტორიაზე ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა. “ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, მას “ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა წევრები. თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთლის მხრიდან “უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა