ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტარებს გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არ ერთვება სამუშაო ჯგუფების ფორმატში - ფიქრობენ, რომ ჩვენ შეიძლება სტატუსის მიღებით ქულები ჩავიწეროთ. აქედან გამომდინარე დაკავებულები არიან საბოტაჟით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შეუქმნის თუ არა რეკომენდაციების შესრულებას საფრთხეს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ნაწილი არ მონაწილეობს სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.

როგორც კობახიძე განმარტავს, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კანდიდატის სტატუსის მიღებით დაინტერესებული არ არის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ 12-პუნქტიანი გეგმა. როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არ ერთვება სამუშაო ჯგუფების ფორმატში წარმართულ პროცესში. ეს პირდაპირ აჩვენებს მათ დამოკიდებულებას, რომ ისინი რეალურად დაინტერესებულები არიან არა იმით, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არამედ საპირისპიროთი. ფიქრობენ, რომ ჩვენ შეიძლება სტატუსის მიღებით ქულები ჩავიწეროთ. აქედან გამომდინარე, დაკავებულები არიან საბოტაჟით“,- აღნიშნავს კობახიძე.

ამასთან, მან თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებზეც ისაუბრა. როგორც კობახიძე განმარტავს, ევროპარლამენტარებს ხვალ, შეხვედრაზე რეალურ ვითარებას გააცნობენ.

„ხვალ მეც მაქვს შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომლებიც თბილისში იმყოფებიან. ყველა თემაზე გვექნება საუბარი, მათ შორის, დეოლიგარქიზაციაზეც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა. გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა“, - აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, თბილისში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია იმყოფება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა