არასამთავრობო ორგანიზაციებმა სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" მომზადებული კვლევა წარადგინეს

„სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლებმა „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" მათ მიერ ერთობლივად მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გამართეს. ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანგარიშში წარმოდგენილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემული ინფორმაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” და „სამართლიანმა არჩევნებმა” შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებიც სავარაუდოდ, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის securgd@gmail.com, 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას მოიცავდა. ამასთანავე, საჯარო ინფორმაციის მეშვეობით დოკუმენტებში არსებული გარკვეული მონაცემები გადამოწმდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, გიორგი ონიანის განცხადებით, კვლევის საფუძველზე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა გამოიკვეთა, „რომლითაც დიდი ალბათობით, სახელმწიფო უწყებების პარტიული მიზნებით გამოყენება დასტურდება.

„სქემით მაღალი ალბათობით სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, სამართალდამცავი უწყებების პარტიული მიზნებისთვის გამოყენება დასტურდება. ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ, პერსონალური ინფორმაცია გროვდებოდა, როგორც პარტიის მხარდამჭერებზე და საჯარო უწყებების თანამშრომლებზე ასევე, სხვა მოქალაქეების შესახებ. ამის მიზანი სავარაუდოდ, ამ ხალხისთვის მომავალში სარგებლის შეთავაზება, ან მათზე რაიმე ზეწოლის მოხდენა იყო," - განაცხადა გიორგი ონიანმა.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ.

გიორგი ონიანის განცხადებით, პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და სატრანსპორტო საშუალების მართვის ჩამორთმეული უფლება აღუდგინეს.

„სამართლიანი არჩევნების" იურისტის, გიორგი მონიავას განცხადებით კი, დოკუმენტებში მოცემული იყო საჯარო სკოლების დირექტორების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები.

„2020 წლის არჩევნებამდე ბევრ დირექტორს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა, თუმცა გაურკვეველი ნიშნით შერჩევა მოხდა. ზოგიერთ მათგანს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა, ზოგიერთს კი შეუწყდა. აღნიშნული დოკუმენტები ადასტურებს, რომ სუს-ის და მმართველო პარტიის შეფასებები დიდწილად იყო განმაპირობებელ იმისა, თუ ვის გაუგრძელდებოდა უფლებამოსილება და ვის არა. ჩვენ ვნახეთ მასალები, სადაც კონკრეტული შეფასებები იყო ამ ფორმულირებით: სანდოა, არ არის სანდო, ჩვენი მომხრეა, არ არის მომხრე და ა.შ.," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნების" იურისტმა, გიორგი მონიავამ.

ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, მასალები შეიცავდა დოკუმენტს სახელწოდებით „მოხსენებითი ბარათები“, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ რეგიონული ხელმძღვანელები, როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელების სახელზე (ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, აგრეთვე რეგიონული მდივანი - დიმიტრი სამხარაძე) წერდნენ განცხადებას და საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების პარტიის საარჩევნო შტაბში გადმოყვანას ითხოვდნენ.

მათივე თქმით, დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, რომ მმართველ პარტიასთან ერთად, ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანმა არჩევნების" წარმომადგენლებმა პროკურატურას გამოძიების დაწყების განცხადებით ოფიციალურად მიმართეს. ორგანიზაციებმა საგამოძიებო უწყებას მათ ხელთ არსებული მასალები და მომზადებული ანგარიში გადასცეს.

ანგარიში სრულად: https://bit.ly/3RNCwNH

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა