არასამთავრობოები - სავარაუდოდ მმართველი პარტია სუს-თან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას ეყრდნობოდა

სავარაუდოდ, მმართველი პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშია საუბარი, რომელიც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ უწყებების მეშვეობით გროვდებოდა საჯარო სკოლების დირექტორების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, შეგროვებული მონაცემებიდან ჩანს, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დადასტურების შემთხვევაში უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა“.

„როგორც 2020 წელს შედგენილი დოკუმენტებიდან იკვეთება, სავარაუდოდ მმართველი პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტებში მოცემული იყო საჯარო სკოლების დირექტორების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები.

ამის ტიპურ მაგალითად საჯარო სკოლების დირექტორების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია შეიძლება მივიჩნიოთ. 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა. 112 პირიდან მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 95 დირექტორი იყო შეფასებული. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს მათგან 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას - 80 დირექტორი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - 89. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დადასტურების შემთხვევაში უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა.

სკოლის დირექტორების დახასიათებების გარდა, მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული იყო 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელთა დახასიათებები, უწყებებში არსებული ზოგადი მდგომარეობა და პოლიტიკური განწყობები.

მასალები შეიცავდა დოკუმენტს სახელწოდებით „მოხსენებითი ბარათები“, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ რეგიონული ხელმძღვანელები, როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელების სახელზე (ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, აგრეთვე რეგიონული მდივანი - დიმიტრი სამხარაძე) წერდნენ განცხადებას და ითხოვდნენ საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების პარტიის საარჩევნო შტაბში გადმოყვანას. ქართული კანონმდებლობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობა. მან თავი უნდა შეიკავოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვისაგან. მას ეკრძალება პოლიტიკური და საარჩევნო საქმიანობა“, - ნათქვამია კვლევაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა