ირაკლი კობახიძე - ვერ გამახსენებთ ვერცერთ თავდასხმას, რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან, ამერიკის ელჩის მიმართ - არ შეიძლება არგუმენტირებულ შეკითხვას ვუწოდოთ, თავდასხმა

არგუმენტირებული შეკითხვა ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა, - ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებას, რომლის თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე, ასევე მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „როდესაც მარტივი შეკითხვა ისმის, ელჩს შეუძლია მარტივი პასუხის გაცემა და ამით წერტილის დასმა, თუმცა, ასე არ კეთდება, სამწუხაროდ, ეს ეჭვებს აღრმავებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის თავდასხმა“.

“რაც შეეხება ნედ პრაისის გუშინდელ პრესკონფერენციას, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ერთი რამ - თქვენ ვერ გამახსენებთ ვერცერთ თავდასხმას, რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. არცერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა. ერთადერთი, რაც იყო - დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან ორ თემაზე - პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს, საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან. როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე ბრალს დებს ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ელჩის სახელით ზეწოლაზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამაზე დაისვას კითხვები და ვერავითარ შემთხვევაში ეს ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი კოლეგის, პარლამენტარ მიშა ყაველაშვილის მხრიდან დაისვა კითხვები. ერთია ის, რამდენად შეგვიძლია ჩავერთოთ ჩვენ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ როდესაც ეს საკითხები ხდება საჯარო დისკუსიის ნაწილი - მაგალითად, რამდენად ემიჯნება თუ არ ემიჯნება ელჩი ომის რიტორიკას და ა.შ. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ელჩის მხრიდან პასუხების მიღება. როდესაც მარტივ შეკითხვა ისმის და ელჩს შეუძლია მარტივი პასუხი გაცემა და ამით წერტილის დასმა, თუმცა ასე არ კეთდება, სამწუხაროდ, ეს ეჭვებს აღრმავებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის თავდასხმა. როდესაც ელჩი პასუხებს არ სცემს, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად უღრმავდება ეჭვები და ეს კიდევ უფრო საშიშია.

იგივე ეხება შეკითხვას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით. როდესაც კითხვა დაისმება იმაზე, შეხვდა თუ არა ელჩი ომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს, აქაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის პასუხის მოსმენა, თუმცა, ეს დღეს ვერ მოვისმინეთ. ჩვენ ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც, მაგალითად უცხოელი პოლიტიკოსების უსამართლო კრიტიკა უნდა შეფასდეს კრიტიკად და ჩვენი არგუმენტირებული შეკითხვები კი, ფასდება როგორც თავდასხმა, რაც არ არის სამართლიანი. არ შეიძლება უსამართლო კრიტიკას ვუწოდოთ კრიტიკა და არ შეიძლება ამავდროულად არგუმენტირებულ შეკითხვას ვუწოდოთ თავდასხმა. აქ უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი - უსამართლო კრიტიკა არის უსამართლო კრიტიკა და არგუმენტირებული შეკითხვა არის არგუმენტირებული შეკითხვა. ვერცერთ შემთხვევაში ეს ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას. მისივე განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა, ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა მოსახლეობის ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა