საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მომავალი სასწავლო წლიდან, საქართველოში პირველად, განახლებადი ენერგიის სფეროში სპეციალისტებს გადაამზადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მომავალი სასწავლო წლიდან, პირველად საქართველოში, განახლებადი ენერგიის მიმართულებით სპეციალისტების გადამზადებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, განახლებადი ენერგიის მიმართულებით, მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროგრამის - „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში’’, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), კომპანია „ჰელიოსენერჯის“ და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერითა და მათთან თანამშრომლობით განახორციელა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე აცხადებენ, ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟეთა გადამზადების მიმართულებით, ოთხი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავდა: მზის თერმული სისტემების მონტაჟი; მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი; ზედაპირული გეოთერმული და თბური ტუმბოების სისტემების მონტაჟი; მცირემასშტაბიანი ბიომასის ბოილერებისა და ღუმელების მონტაჟი.

სტუ-ის ოთხივე ახალმა პროფესიულმა პროგრამამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლენა შატაკიშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის სფეროში გადამზადების პროგრამების არსებობა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი იქნება პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ამ მიმართულებით სპეციალისტებს გადაამზადებს.

როგორც დეკანი აღნიშნავს, გარდა ამისა, ფაკულტეტმა რეაკრედიტაციის მიზნით, პარტნიორ დამსაქმებლებთან თანამშრომლობით, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მოდიფიცირებული საბაკლავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოამზადა და 7-წლიანი აკრედიტაცია მოიპოვა.

„მნიშვნელოვანია, რომ განახლებადი ენერგიის მიმართულებით ოთხივე ახალმა პროფესიულმა პროგრამამ უკვე წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და უნივერსიტეტი მსმენელების მიღებას მომავალი სასწავლო წლიდან აქტიურად დაიწყებს. შედეგად, შრომით ბაზარზე შესაძლებელი გახდება სერტიფიცირებული სპეციალისტების არსებობა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს შექმნა, რითაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეეწყობა ხელი. ასევე, წარმატებით დასრულდა ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის მოდიფიცირების პროცესი და სასიხარულოა, რომ პროგრამამ 7-წლიანი აკრედიტაცია მოიპოვა. რეაკრედიტაციისთვის, მოსამზადებელ ეტაპზე, პროგრამის მოდიფიცირებაში ჩართული იყვნენ ისეთი დამსაქმებლები, როგორიცაა: „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“, „მონტაჟ-ჯორჯია“ და „პარვუს-ჯგუფის“ წამომადგენლები. უშუალოდ მათი მონაწილეობით შეიქმნა რამდენიმე ახალი სილაბუსი, რამაც პროგრამას მეტი დატვირთვა შესძინა. აღსანიშნავია, რომ ეს წინგადადგმული დიდი ნაბიჯია ABET აკრედიტიციისთვის“, - აცხადებს ლენა შატაკიშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, ენერგეტიკის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობენ. ამ მიზნით, ფაკულტეტის წარმომადგენლები ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს შეხვდნენ.

„ჩვენი ფაკულტეტისთვის, ონლაინ სწავლების მიუხედავად, გასული სასწავლო წელი მრავალმხრივ წარმატებული აღმოჩნდა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტექნიკური და ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატთან ერთად, საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული ერთობლივი პროგრამების განხორციელებაში. ამჟამად, ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სამაგისტო პროგრამებზე ჩვენი უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი სწავლობს. გარდა ამისა, ძლიერ მოტივაციას გვიქმნის სტუდენტთა წარმატების ისტორიები.

ფაკულტეტს ჰყავს მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეულის ონლაინ კონფერენციის გამარჯვებული სტუდენტები: გრან პრის მფლობელი, მე-2 კურსელი მაგისტრანტი სოსო მინდიაშვილი - მოხსენებით ,,მწვანე მაინინგი’’ და მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი, მე-3 კურსელი ბაკალავრი თეონა ბურდიაშვილი - მოხსენებით ,,მწვანე წყალბადი“. ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები: დოქტორანტი შოთა კოჩაძე, მაგისტრანტი ბიძინა აბრამაშვილი და ბაკალავრი ვათა ფირფილაშვილი ფასიანი პრიზებითა და სერთიფიკატებით დააჯილდოვა. ჩვენი მაგისტრანტი ლაშა ხუბაშვილი, ბრიტანეთის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი მასშტაბური საერთაშორისო კონკურსის, Big Idea Challenge-ის ეროვნულ დონეზე გამარჯვებულია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ოთხ პროფესორს კი ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტის წოდება მიენიჭა“, - აცხადებს სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი ლენა შატაკიშვილი, რომელმაც 2021-2022 სასწავლო წელი შეაჯამა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა