საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2022 წლის 6 თვის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში, დარღვევის ორ შესაძლო ფაქტზე სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. ერთ საქმეზე კი მოკვლევა უკვე დასრულებულია.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქმე სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ დაწყებულ დავას ეხება, სადაც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგად, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა. ამის მიუხედავად, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სავალდებულოდ განსახილველი რეკომენდაციები გაიცა.

მათივე ცნობით, მოკვლევა დაწყებულია ადმინისტრაციული უწყების მხრიდან შესაძლო დარღვევისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე. გარდა ამისა, სათარჯიმნო სექტორში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მიმართულებით დაწყებული მოკვლევა კვლავ მიმდინარეობს.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული 6 თვის ანგარიში საქართველოში სხვადასხვა კომპანიების შერწყმა/გაერთიანებასაც ეხება. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ქვეყანაში 9123 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.

როგორც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, სააგენტომ ფარმაცევტული, საწვავის და შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრების მონიტორინგი განახორციელა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

„ანგარიშში საუბარია დაძმობილების, ე.წ. Twinning-ის 2 წლიან პროექტზეც, რომელიც სააგენტომ 1-ლი ივნისიდან დაიწყო. პროექტი კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე და მომხმარებელთა უფლებებზეა ფოკუსირებული. კონკურენციის სააგენტოს კონსულტაციებს ავსტრიის და ლიეტუვის კონკურენციის უწყებები გაუწევენ.

საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს სასარგებლოდ, სხვადასხვა ინსტანციაში 3 სასამართლო დავა დასრულდა. მიმდინარე წელს 2 კომპანიას ჯამში 60 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

2022 წლის 6 თვის ანგარიშის მიხედვით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამართულ ღონისძიებებში. კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ვაშინგტონში - აშშ-ს ადვოკატთა ასოციაციის (ABA), ბერლინში - კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) და ბუდაპეშტში -OECD-GVH-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ევროკავშირის სახელით, პროექტში „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ აქტიური თანამონაწილეობისთვის, სააგენტოს სპეციალური ჯილდო გადაეცა. ამავე პერიოდში, უწყების რებრენდინგიც განხორციელდა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 29 მარტს, საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც 1-ელ ივნისს ძალაში შევიდა. განაცხადების მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას სააგენტო 1-ლი ნოემბრიდან დაიწყებს. კანონის მიზანია ქვეყანაში მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი იქნას უზრუნველყოფილი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია,“ - აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს