ხათუნა სამნიძე - წერილში  ჩანს, რომ თუ საჭირო გახდა მისი ფინანსების დაცვა, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს დაუფიქრებლად, თვალის დახამხამების გარეშე გაყიდის

ის ამ წერილით ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ევაჭრება და ულტიმატუმის ენით ესაუბრება, - ასე შეაფასა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილი.

სამნიძის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილის არც ერთი სიტყვის არ სჯერა. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მზად არის „ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაყიდოს, თუკი, ეს მისი ფინანსების დასაცავად საჭირო იქნება“.

ბიძინა ივანიშვილს ომის რიტორიკა არ გაუმეორებია, ბიძინა ივანიშვილმა ომის რიტორიკა შეუკვეთა და დღეს ეს დადასტურდა. ეს არის მისი დაკვეთით „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომელიც ომის დაწყების დღიდან ცდილობს საქართველოს მოქალაქეები დაარწმუნოს და შიში გააღვივოს, რომ თურმე ჩვენ დასავლელი პარტნიორებისგან, რომელთაგანაც პირიქით, ამ ქვეყნის უსაფრთხოებაა წლების მანძილზე უზრუნველყოფილი, ომის რიტორიკა მოდის. ამ წერილის მთავარი გზავნილი, მთავარი სულისკვეთება არის ბიძინა ივანიშვილის ქონების და ფინანსების დაცვა. ის ამ წერილით ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ევაჭრება და ულტიმატუმის ენით ესაუბრება. აქ არაფერ კავშირშია არც ერთი სხვა საკითხი, აქ არის მხოლოდ ვაჭრობა და ულტიმატუმის ენით საუბარი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ მას სჭირდება მისი ფინანსების უკან დაბრუნება. ის მზად არის სასწორზე დადოს ქვეყნის ინტერესები, როცა მისი ფინანსებია დასაცავი. რა თქმა უნდა, ასეთ პროცესში ის უკან არ დაიხევს, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს თავს დაესხას. მე არ მჯერა არც ერთი სიტყვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ამ წერილში აჟღერებს, მე მჯერა და ვხედავ იმას, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მზად არის, გაყიდოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები, თუ ეს საჭიროა მისი ფინანსების დასაცავად“, - განაცხადა სამნიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, ბიძინა ივანიშვილი კვლავ დაბრუნდეს პოლიტიკაში, სამნიძე აცხადებს, რომ თუკი, „საკუთარი ფინანსების დაცვა საჭირო გახდება, ის პოლიტიკაში ღიად დაბრუნდება“.

„სამომავლოდ რა მიზნები ექნება პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, არ ვიცი, მაგრამ თუ საჭირო გახდა, რომ მან საკუთარი ფინანსები დაიცვას და ამ წერილში ეს ჩანს, ის პოლიტიკაშიც დაბრუნდება ღიად, ის არასდროს წასულა პოლიტიკიდან და ქვეყნის ინტერესებსაც დაუფიქრებლად, თვალის დახამხამების გარეშე გაყიდის. ეს არის ყველაზე დიდი ხიფათი, რომელიც ჩვენ ქვეყანას დღეს აქვს, ქვეყნის მმართველობაში არის ძალა, რომელიც უკან არ დაიხევს, რომ ქვეყნის ინტერესები გაყიდოს, თუ ეს ბიძინა ივანიშვილის დასაცავად საჭიროა“, - განაცხადა სამნიძემ.

მან ასევე, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის წერილთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ჟურნალისტ „აფგან მუხთარლის გატაცება ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო“.

„ჩემთვის ახალი არ არის და დარწმუნებული ვარ, არც საზოგადოებისთვის, რომ სუს-ის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და უკანონო ქმედებები, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, ბიძინა ივანიშვილის დასტურის და უფლების მინიჭების გარეშე არ ხდება, ამ ყველაფერში რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩართულია „ქართული ოცნება“ და მისი არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი. ახალი არაფერია იმაში, რომ სუს-ი იყო ჩართული მუხთარლის გატაცებაში და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ის, რომ გოგაშვილი ამდენი წელი მალავდა ამ დანაშაულს, კიდევ ერთხელ მიდასტურებს ეჭვს, რომ ის ვაჭრობს და ეს არის შიდა პარტიული დაპირისპირება, რომელშიც უნდათ, მთელი ქართული საზოგადოება და პოლიტიკა ჩაითრიონ. ამიტომ არის ჩემთვის მიუღებელი ბატონი გოგაშვილის მიერ ახლა, ნაწილ-ნაწილ გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც ისედაც ვიცით“, - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“.

გარდა აღნიშნულისა, ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავას აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა