კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკი ზოგჯერ არაპოპულარულ, მტკივნეულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს

ეროვნული ბანკი ზოგჯერ არაპოპულარულ, მტკივნეულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს ეროვნული ბაკნის 2021 წლის ანგარიშს აცნობეს.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორებზე, რომელმაც ინფლაციის ზრდა გამოიწვია და ვრცლად ისაუბრა ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით გადადგა.

„ცენტრალური ბანკების მთავარი ფუნქციაა, რომ ინფლაციური მოლოდინი იყოს სწორად მართული, რათა მიწოდების მხრიდან წარმოქმნილმა ზეწოლამ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ დონესთან დაბრუნებას ხელი არ შეუშალოს. სწორედ ამიტომ, გლობალურად ცენტრალურმა ბანკებმა 2021 წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისაგან თავი შეიკავეს. თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინების ზრდის და ე.წ. „მეორე რაუნდის“ ეფექტების რისკები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ადრიდანვე დაინახა და ამ რისკების აღსაკვეთად მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. კერძოდ, 2021 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეტაპობრივად, 8.0 პროცენტიდან 10.5 პროცენტამდე გაზარდა. მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი ზოგჯერ არაპოპულარულ, მტკივნეულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს და მისი თითოეული გადაწყვეტილება არის ოპტიმალური და ის ცდილობს მოძებნოს ოქროს შუალედი ფასების სტაბილურობის ყველაზე ნაკლები დანახარჯებით შესანარჩუნებლად. სწორედ ამას ემსახურება საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსი. როგორც ეს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონშია განმარტებული, „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას და არ უნდა იყოს გადამწყვეტი ისეთი მოკლევადიანი მიზნების მიღწევა, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობაზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია