ნიკოლოზ სამხარაძე - კითხვა-პასუხებს ერთი მსუყე წერტილი უნდა დავუსვათ, ეს აზიანებს როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებს - მე არსად, არავისგან მსმენია, რომ მათ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პარტნიორებთან „კითხვა-პასუხის“ რეჟიმში ყოფნას „მსუყე წერტილი უნდა დაესვას“.

როგორც სამხარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ასეთი ტიპის საჯარო კომუნიკაცია და ეპისტოლარული ჟანრი, აზიანებს როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ის ინტერესებს“.

„შესაბამისად, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ წერილებს და კითხვა-პასუხებს დავუსვათ ერთი მსუყე წერტილი და გაკეთდეს განცხადება, რომ „არა ბატონო, არავის უნდა საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი და ეს არ იყო არავის იდეა და ამოცანა“. ძალიან მარტივია ამის გაკეთება. მეც, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი და როგორც საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ მე არსად, არავისგან მსმენია არცერთ ოფიციალურ შეხვედრაზე, ოფიციალური პირისგან, რომ მათ უნდოდათ საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი და მთელი ამ ბოლო წლების ისტორიაც ამას მოწმობს, ამიტომ დავასრულოთ ამაზე საუბარი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის წერილს და კელი დეგნანთან შეხვედრის საკითხს, სამხარაძის თქმით, პირადად ის ამ აუდიენციაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს და ეს ვერც არაფორმალური მმართველობის დადასტურება იქნება, რადგან აშშ-ის ელჩი უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის სპორტსმენებსა და ხელოვანებსაც კი, სამმა დეპუტატმა კი „ქართული ოცნება“ სწორედ იმის გამო დატოვა, რომ გუნდისგან განსხვავებით აღნიშნულ შეხვედრაში პრობლემა დაინახეს.

„ზუსტად იმიტომ დატოვეს მათ გუნდი, რომ ისინი პრობლემას ხედავენ და ჩვენ ამაში პრობლემას დიდად ვერ ვხედავთ, თუმცა მეორე მხრივ, კარგი იქნებოდა, აშშ-ის საელჩოდან ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა განცხადება გაკეთებულიყო, რომელიც ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამდა, რომ აშშ-ის ოფიციალური პოზიცია არის ისეთი, როგორიც ეს იყო ბოლო წლების განმავლობაში, რომ ჩვენ არანაირად არ ვეუბნებოდით ან ვუბიძგებდით ან ვაქეზებდით საქართველოს იმისთვის, რომ შეტევა განეხორციელებინა ცხინვალსა ან აფხაზეთზე.

რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებას, რომ ჩრდილოვანი მმართველია ბიძინა ივანიშვილი, ამ წერილით რანაირად შეიძლება ამის დადასტურება, მე უბრალოდ ვერ ვხვდები. ის ფაქტი, რომ მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის ელჩთან, ეს არანაირად არ ადასტურებს რაიმე სახით „ჩრდილოვან მმართველობას“ თუ არაფორმალურ მმართველობას იმიტომ, რომ აშშ-ის ელჩს ძალიან ბევრ ადამიანთან აქვს საქართველოში შეხვედრა, დაწყებული ბიზნესმენებიდან, დასრულებული ხელოვნების სფეროს მოღვაწეებით და სპორტსმენებთანაც კი. ეს რანაირად შეიძლება აღვიქვათ არაფორმალური მმართველობის დადასტურებად, მე არ ვიცი. რახან დაისვა საზოგადოებაში კითხვები, ეს წერილი ჩემთვის იყო უბრალოდ მისი მხრიდან გამოხმაურება იმაზე, რომ ეს დავა [„კრედიტ სვისსა“ და ბიძინა ივანიშვილს შორის] არის კერძო დავა და დაადასტურა, რომ მას ჰქონდა კელი დეგნანთან შეხვედრა. ჩემთვის ეს აჟიოტაჟის შემომტანი საკითხი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ პროცესზეც ისაუბრა და უპასუხა კითხვას, რატომ არ აქვს საქართველოს მთავრობას ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში უფრო ხშირი ვიზიტები. როგორც მან აღნიშნა, ევროპულ დედაქალაქებში ვიზიტებს შემოდგომის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდოთ.

„ივლისსა და აგვისტოში აზრი არ აქვს ვიზიტების განხორციელებას. ვიზიტები ჩვენ უნდა განვახორციელოთ მაშინ, როდესაც გვექნება ხელშესახები პროგრესი იმ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკომისიის მიერ არის წარმოდგენილი. დეტალურად გვაქვს გაწერილი ეს გეგმა, დღეებითაც კი, რომელ დღეს რომელი კანონპროექტი უნდა დავაინიციროთ და რომელი დღისთვის რომელი კანონპროექტი უნდა გვქონდეს მიღებული. ნელ-ნელა ვადგენთ იმ გეგმას, რომელი ქვეყნის დედაქალაქებს უნდა ვეწვიოთ, ოღონდ უნდა ვეწვიოთ უკვე ხელში კონკრეტული პროდუქტით. თქვენ ნახავთ ამ გააქტიურებას სადღაც შემოდგომის მეორე ნახევრიდან, როდესაც ჩვენ გვექნება რიგ საკითხებში წინსვლა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას ნიკოლოზ სამხარაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ ბიჭვინთის ანექსიის პროცესიც შეაფასა. სამხარაძემ განმარტა, რატომ არის ჩუმად საქართველოს ხელისუფლება ბიჭვინთის ანექსიასთან მიმართებაში. მისი თქმით, ხელისუფლება ჯერჯერობით აკვირდება და თუკი ბიჭვინთაში მიწა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბოლოოდ გადაეცემა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

„ჯერ კიდევ 1995 წელს, მანამ, სანამ მოხდებოდა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მხრიდან და საბოლოო ოკუპაცია, ჯერ კიდევ მაშინ დე ფაქტო ხელისუფლებამ აგარაკები იჯარით გადასცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. დღეს საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა მოითხოვა არა მხოლოდ შენობების, არამედ მიწის ნაკვეთის გადაცემა თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი, თუმცა ჩვენ ამ ფაქტზე სამწუხაროდ, დღეს გავლენის მოხდენის არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია... რუსეთს ისეთი რაღაცები აქვს ჩადენილი უკრაინაში, რომ მიწის იჯარით გადაცემა ამასთან შეფარებით ალბათ, ყველაზე ნაკლები სიმძიმის დანაშაულია.

ჩვენ ვაკვირდებით ამ მოვლენას და თუ საბოლოო ჯამში ასე მოხდა და მიწა გადაეცემა რუსეთის ფედერაციას, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან განცხადება გაკეთდება, საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. მე ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ისინი საერთოდ არაფრად აგდებენ აფხაზებს, მათ ე.წ. დამოუკიდებლობას და ეს არის აფხაზეთის ანექსიისკენ გადაგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა