პირველ პარალეგალებს სერტიფიკატები გადაეცათ

ბათუმში, იურიდიული დახმარების სამსახურის პარალეგალთა რეესტრში ჩარიცხული პირველი პარალეგალების გადამზადება დასრულდა.

იურიდიული დახმარების სამსახურის ცნობით, კვირის განმავლობაში, პროექტის მონაწილეებმა ქალთა უფლებებისა და ტრეფიკინგის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. ქალთა უფლებების საკითხებზე ტრენერებად წარმოდგენილი იყვნენ: დიანა ბერეკაშვილი, თამარ ალანია და თამარ ონიანი. ხოლო, ტრეფიკინგის საკითხებზე - მარი მესხი.

მათივე ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპის დახურვის ღონისძიებაზე, სტუდენტებთან „კარიერული საუბრები“ გაიმართა. შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში რეგიონულმა მრჩეველმა, ირინა ლორთქიფანიძემ გახსნეს.

სტუდენტებს კარიერული გამოცდილების შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსას“ დამფუძნებლები ლელა ფუტკარაძე და ლია ფუტკარაძე გაესაუბრნენ.

დასასრულს, იურიდიული დახმარების სამსახურის პარალეგალთა რეესტრში ჩარიცხულ პირველ პარალეგალებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„პარალეგალი არის არაიურისტი პირი, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, მოსახლეობისთვის სამართლებრივ საკითხებზე პირველადი კონსულტაციის გაწევას შეძლებს.

სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება არის სოციალური ცვლილებების კატალიზატორი, რომელსაც სოციალური სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, სამართლებრივი უსაფრთხოების დამკვიდრებისკენ მივყავართ. ხშირ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების რეალიზაცია დაბალი სამართლებრივი ცნობიერებისა და კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაციების იოლი ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო ვერ ხორციელდება.

პროექტი “პარალეგალით“ ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობა გავაჩინეთ, კომპეტენტური სამართლებრივი კონსულტაციები მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იურიდიული დახმარების სამსახური USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.

„სამომავლოდ, იურიდიული დახმარების სამსახური, მთელი საქართველოს მასშტაბით, პარალეგალთა რეესტრს შექმნის და სხვადასხვა აქტივობებთან ერთად, პარალეგალებს საშუალება მიეცემათ, პარალეგალთა ბანაკებში მონაწილეობა მიიღონ, სადაც ისინი ერთმანეთს გაიცნობენ, რეგიონში არსებულ გამოწვევებს გაიცნობენ და ადამიანის უფლებების რეალიზაციისათვის პირველ ნაბიჯებს ჩვენთან ერთად გადადგამენ,” - აღნიშნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო