საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების მხარდაჭერის მიზნით, საბაჟო კანონმდებლობაში მორიგი ცვლილება განხორციელდა

შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ფინანსთა მინისტრის №257 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი, შესაბამისი წესით დეკლარირებული საქონლის საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში გადაზიდვის ვადა, 12-საათიდან 24-საათამდე გაიზარდა, გადასაზიდი ტვირთის აღრიცხვა გამარტივებული წესით ხორციელდება და საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში ტრანსპორტირების პროცესში დალუქვას არ საჭიროებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილებების გაცნობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ ფოთში რეგისტრირებულ ბიზნეს ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

„შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნეს ოპერატორებს ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სხვა ცვლილებებთან ერთად ის საბაჟო პროცედურები გააცნეს, რომელთა გამოყენებისას საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი გარკვეული კატეგორიის საქონლის ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირება სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდეც შესაძლებელი ხდება.

კერძოდ, ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში არსებული, ექსპორტისათვის, რეექსპორტისათვის ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში“ განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა), ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრის (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზების (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილების, ალუმინის სხმულების (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელი ნაგლინის (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელი ხდება სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდეც, თუ დეკლარანტი საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტის წარდგენას უზრუნველყოფს.

საკანონმდებლო ცვლილებები ბიზნესსექტორთან უშუალო ჩართულობითა და მათთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა, რაც გემების მოცდენის, ასევე ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული სატვირთო და ლოგისტიკური ოპერაციებისათვის საჭირო დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამასთან, გაიზრდება ქვეყნის, როგორც სატრანზიტო დერეფნის პოტენციალი და შესაძლებელი იქნება იმ გამოწვევებთან გამკლავება, რაც განპირობებულია გაზრდილი ტვირთბრუნვით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.rs.ge/Legislation?cat=7&tab=1

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ თემებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ.

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრის მონაწილეებს, ასევე ის დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც საბაჟო ფორმალობებს კიდევ უფრო გაამარტივებს და საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათისაა და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო