რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება ეპისკოპალური ანგლიკანური ეკლესიის პასტორალური ლიდერის თომა ლიპარტიანის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებას, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავთანდილ კვერნაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სააგენტოს განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ რელიგიის სააგენტო სრულ ნდობას უცხადებს ავთანდილ კვერნაძეს, საკითხის მგრძნობელობიდან და ობიექტურობის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, გამოიკითხნენ თანამშრომლები, რითაც დადასტურდა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს: 2022 წლის 20 მაისს, მოქალაქე თორნიკე ლიპარტიანმა განცხადებით მიმართა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში“ - საჯარო სამართლის იურიდიული პირად დარეგისტრირების თაობაზე.

2022 წლის 23 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ NB22062169/3-ე გადაწყვეტილებით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და მოქმედ კანონმდებლობასთან ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ რეგისტრაციის პირობებს შემდეგ გარემოებათა გამო: წარდგენილი წესდებით დგინდება, რომ ეკლესიის მართვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა სინოდი, თუმცა არ არის განსაზღვრული სინოდის მორიგი და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი და პროცედურა, რომელშიც სხვა რეგულაციებთან ერთად უნდა აღინიშნოს: კრების მოწვევისას რა ვადაში და კომუნიკაციის რა ფორმით უნდა გაეგზავნოს კრების მომწვევი პირის მიერ მოსაწვევი უფლებამოსილ პირებს.

რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი წესდების თანახმად, სინოდის პრეზიდიუმი არის სინოდის აღმასრულებელი ორგანო. იგი შედგება 5 წევრისგან. იმ შემთხვევაში, თუ, სინოდის პრეზიდიუმს მინიჭებული აქვს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება, წარმოდგენილი დოკუმენტაციით უნდა დგინდებოდეს პრეზიდიუმის მორიგი და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი და პროცედურა, რომელშიც სხვა რეგულაციებთან ერთად უნდა აღინიშნოს: კრების მოწვევისას რა ვადაში და კომუნიკაციის რა ფორმით უნდა გაეგზავნოს კრების მომწვევი პირის მიერ მოსაწვევი უფლებამოსილ პირებს.

ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სინოდის პრეზიდიუმს მინიჭებული აქვს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება, წარდგენილი დოკუმენტაციით უნდა დგინდებოდეს პრეზიდიუმის შემადგენლობა, პრეზიდიუმის წევრთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათი ნება აღნიშნულ პოზიციებზე დანიშვნა/არჩევასთან დაკავშირებით.

წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სსიპ ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირს, თუმცა არ დგინდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირი/ორგანო.

წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცით არ დგინდება წესდების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო/პირი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15091-ე მუხლის თანახმად „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

აღნიშნული ინფორმაციის დადგენის მიზნით, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 23 მაისს N85290 (1/190) წერილით მიმართა სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რადგან დაზუსტებულიყო, არსებობს თუ არა ცალკე დამოუკიდებელი რელიგიური მიმდინარეობა „ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში“ და დგინდება თუ არა მისი, როგორც საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე მიმდინარეობის არსებობა, ან წარმოადგენს თუ არა იგი ისეთ რელიგიურ მიმდინარეობას, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის N177-ე დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“ „დ“ „ე“ „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იკვლევს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ მდგომარეობას; ამზადებს რეკომენდაციებს, მათ შორის სამართლებრივი აქტების პროექტების სახით და გასცემს კონსულტაციებს რელიგიური გაერთიანებებისათვის პრობლემატურ საკითხებზე; იკვლევს ევროპის საბჭოს ქვეყნებში არსებულ სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობათა სისტემებს; შეისწავლის საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების გამოცდილებას და სტანდარტებს რელიგიის სფეროში; ამყარებს კავშირს და თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფოთა ანალოგიურ ორგანიზაციებთან და საქართველოს მთავრობის სახელით, უფლებამოსილია შეასრულოს შუამავლის ფუნქცია და მონაწილეობა მიიღოს იმ დავებისა და საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც შეიძლება გაჩნდეს საქართველოში მოქმედ რალიგიურ გაერთიანებებს შორის.

ამდენად, კვერნაძის სატელეფონო ზარი ერთადერთი აუცილებლობით იყო განპირობებული - სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად განეხილათ ის დეტალები, რის გამოც განმცხადებელს რეგისტრაცია შეუჩერეს, უშუალოდ განმცხადებლისგან მიეღოთ ინფორმაცია, რათა შემდგომი წარმოებისთვის პრობლემები აღარ შექმნილიყო. აქვე დავამატებთ, რომ ანალოგიური შეხვედრები (და არა გაუგებარი „დაბარებები“) სააგენტოს სხვა რელიგიების წარმომადგენლებთანაც ჰქონდა; ეს - ბატონი ლიპარტიანის განცხადების საპასუხოდ, რომ ის რელიგიის სააგენტოსთან, ანუ სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობს. სააგენტოს მისგან რაიმე სახის ურთიერთობაში შესვლა არ უთხოვია და არც შემდგომში აპირებს. რელიგიის სააგენტოს სხვადასხვა, საქართველოში რეგისტრირებული თუ უცხოური რელიგიური ორგანიზაციების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ხშირად სტუმრობენ.

კვერნაძის სატელეფონო ზარის საპასუხოდ, ლიპარტიანმა ის და ზაზა ვაშაყმაძე ბინაში, არაფორმალურ ვითარებაში სავახშმოდ მიიპატიჟა, რის საპასუხოდაც განემარტა, რომ სააგენტოში მისი მობრძანება საქმიან ხასიათს ატარებდა და მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას ისახავდა მიზნად. მან უცხიეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირთან ერთად მოსვლა ისურვა, რის საპასუხოდაც განემარტა, რომ სხვა სასულიერო პირთან ერთად მოსვლის საჭიროება არ იყო, ისევ იმავე მიზეზიდან (რეგისტრაციის დეტალების დაზუსტება) გამომდინარე. საპასუხოდ, ლიპარტიანის საუბრის ტონი მოულოდნელად შეიცვალა და მან კვერნაძეს უზრდელი უწოდა, რის პასუხადაც, ამ უკანასკნელმა სიტყვებით - ამ ხნის კაცს ასე როგორ მომმართავთ - ტელეფონი გათიშა. ამდენად, ლიპარტიანის შემდგომი განცხადებები სიცრუე და ცილისწამებაა და ტოვებს განცდას, რომ მისი ამგვარი ქმედების მიზეზი სხვა ფაქტორებითაა განპირობებული.

დღეს, ლიპარტიანის ცილისწამებებს მორიგი სიყალბე დაემატა, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გავიდა უცნობი პირის სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც წარმოჩენილი იყო თითქოსდა, ავთანდილ კვერნაძის კომენტარად - როგორც ჩანს, თ. ლიპარტიანმა ჟურნალისტს მისთვის სასურველი პირის ნომერი მიაწოდა, რის დადგენაც მობილურ ოპერატორთან მარტივადაა შესაძლებელი.

რელიგიის სააგენტო მომხდარს ცილისწამებად მიიჩნევს და მოუწოდებს თომა ლიპარტიანს, მიმართოს შესაბამის ორგანოებს და დაამტკიცოს საკუთარი ბრალდების სისწორე. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმტკიცდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს ავთანდილ კვერნაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტთან და რელიგიის სააგენტოს წინააღმდეგ დაგეგმილ, მიზანმიმართულ, ორგანიზებულ ცილისწამებასთან“, - ნათქვამია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს