„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“  - „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემომწირველები თანხას მხოლოდ თვის შუა რიცხვებში სწირავენ

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემომწირველებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

DRI-ის დაკვირვებით, „კონსერვატიულ მოძრაობას“ შემომწირველები თანხას ერთსა და იმავე დროს - მხოლოდ თვის შუა რიცხვებში სწირავენ.

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკური დაჯგუფებისთვის შეწირული ოფიციალურად დეკლარირებული თანხა ამჟამად 335 401 ლარს შეადგენს.

დღეს არსებული მდგომარეობით, პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველი ზურაბ კობახიძეა. მეორე ადგილს მერაბ გიგანი, მესამე ადგილს კახაბერ ელიზბარაშვილი იკავებს.

„პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. დარეგისტრირების დღიდან 2022 წლის 16 თებერვლამდე, პარტიას შემომწირველები არ ჰყავდა. თუმცა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 16 თებერვალს, პარტიას 36 ფიზიკურმა პირმა თანხა ერთდროულად შესწირა. მხოლოდ ამ დღეს განხორციელებული შემოწირულებების ჯამმა, 43 000 ლარი შეადგინა.

ამჟამად პოლიტიკური დაჯგუფებისთვის შეწირული ოფიციალურად დეკლარირებული თანხა 335 401 ლარს შეადგენს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, „კონსერვატიულ მოძრაობას“ შემომწირველები თანხას ერთი და იგივე პერიოდულობით, თვის დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, შუა რიცხვებში სწირავენ.

თარიღი

შემოწირულებათა რაოდენობა

მიღებული თანხა

16-17 თებერვალი

41

46.400

16-17 მარტი

47

73.835

15 აპრილი

44

49.993

16 მაისი

42

34.400

15-16 ივნისი

51

44.305

12-18 ივლისი

60

57.442

ამჟამინდელი მონაცემებით, საერთო ჯამში, პარტიამ შემოწირულება 333-ჯერ 92 ფიზიკური პირისგან მიიღო.

92 შემომწირველიდან, პარტიისთვის თანხა 23 პირს მხოლოდ ერთხელ აქვს შეწირული. დანარჩენ 69 შემომწირველს კი, შემოწირულება რამდენჯერმე აქვს განხორციელებული. მაგალითად, პარტიას თანხა ჩვიდმეტმა პირმა ექვსჯერ შესწირა; ხუთჯერ - ცხრამეტმა პირმა; ოთხჯერ-ცამეტმა; სამჯერ - რვა პირმა; ორჯერ ცხრა პირმა შესწირა.

ჯიმშერ ბუხაჩაურს, რომელიც „კონსერვატიული მოძრაობის“ ახმეტის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელია, პარტიისთვის თანხა 8-ჯერ აქვს შეწირული. მის მიერ ჯამურად განხორციელებული გადარიცხვების ოდენობა 3,400 ლარია. იმავე რაოდენობის შემოწირულება განხორციელებული აქვს გია გულუას - მან პარტიას 7 850 ლარი შესწირა. გია გულუა პარტიის ზუგდიდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელია. პარტიას შვიდჯერ შესწირა გოჩა ხუციძემ - მის მიერ შეწირული თანხის ოდენობა 3 375 ლარია.

დღეს არსებული მდგომარეობით, პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველი ზურაბ კობახიძეა. მას პარტიისთვის 23,273 ლარი აქვს შეწირული. მეორე ადგილს მერაბ გიგანი იკავებს. ის პარტიის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელია. მან პარტიას ჯამურად 12,700 ლარი შესწირა. მესამე ადგილზეა კახაბერ ელიზბარაშვილი - მის მიერ შეწირული თანხის ოდენობა 11,985 ლარია. მეოთხე მსხვილი შემომწირველი გიორგი სულაკაძეა; მისი შემოწირულება 11,400 ლარს შეადგენს. მან პარტიას თანხა ექვსჯერ შესწირა. თითოეულ ჯერზე - 1900 ლარი. მეხუთე ადგილზეა დავით დვალიშვილი, მის მიერ შეწირული თანხა 11 200 ლარია. დავით დვალიშვილმა პარტიას ასევე, ექვსჯერ შესწირა თანხა. აქედან ხუთ შემთხვევაში, თანხის ოდენობა იდენტურია - 1920 ლარი.

პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველებიდან უძრავ ქონებას მხოლოდ ორი შემომწირველი - მერაბ გიგანი და კახაბერ ელიზბარაშვილი ფლობენ. მერაბ გიგანი ალექსანდრე ქარდავას ბიზნეს-პარტნიორია. ალექსანდრე ქარდავა „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ქარდავას ძმაა. ისინი „შპს ვიქტორია+“-ში 25 პროცენტიან წილს ფლობენ.კახაბერ ელიზბარაშვილი კი შპს „დაბოს“ 50%-იანი წილის მფლობელია.

პარტიის ერთ-ერთ შემომწირველი ზეზვა ჩანქსელიანია. მან პარტიას 8,625 ლარი შესწირა. ზეზვა ჩანქსელიანის კავშირების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილესთან „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ადრეც წერდა.

„კონსერვატიული მოძრაობის“ კიდევ ერთი შემომწირველი ზესტაფონის მერის ყოფილი მოადგილე ბესიკ ლეონიძეა. ლეონიძემ თანამდებობა 2018 წელს დატოვა. მან პარტიას 1,850 ლარი შესწირა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა