როგორც ჩანს, ის ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართული იყო და ამის საპირისპირო მტკიცებულება ჯერჯერობით არავის სმენია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მდინარაძის თქმით, ვერტმფრენები წინასწარ მოწმდებოდა და მას პროფესიონალები მართავდნენ.
„არცერთი მტკიცებულება არ გახმაურებულა ჯერჯერობით და მე მგონია, რომ არც იქნება. ეს ჩემი პირადი აზრია, რადგან როგორც შსს-მ გაახმოვანა, ეს ვერტმფრენები წინასწარ მოწმდებოდა, ისინი მოწმდებოდნენ და აბსოლუტურად გამართული იყო. პროფესიონალები მართავდნენ და ნარატივი იმის შესახებ, „რატომ ვერ ახერხებს გამართული ვერტმფრენის შეძენას თუ გამართვას“, უკვე ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. გამართული ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციას ატარებდა და საუბედუროდ, მოხდა უბედური შემთხვევა.
როდესაც „პუმაზე“ მეკითხებით, არცერთი სამაშველო დანიშნულების არ იყო. უფრო მეტიც, ერთ-ერთი მათგანი გათვლილი იყო ვიღაცების პირად კომფორტზე, კომფორტულად ვინ გადაეყვანა, მხოლოდ ეს ფუნქცია ჰქონდა იმ „პუმას“. საკმარისი საქართველოში შეიძლება ბევრი რამ არ იყოს და ვითარდება ეს ქვეყანა. მომავალში ქვეყნისათვის მეტი ქონება იქნება შეძენილი, მაგრამ რადგან იყო ეს ვერტმფრენი, რადგან სამაშველო აღჭურვილობით იყო, ამაზე სპეკულაციები უნდა დამთავრდეს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი უნდა დაანებოს სიკვდილის თანამზრახველობას. რამდენჯერაც უბედური შემთხვევა მოხდა, იმდენზე თავისი პიარის აგებას ცდილობენ და ხელისუფლების საწინააღმდეგო პიარს აკეთებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „სუპერ პუმას“ მოდელის ვერტმფრენს არ აქვს სამაშველო ფუნქცია.
„სუპერ პუმა“ ვერ იქნებოდა გამოყენებული, რადგან ელემენტარული აღჭურვილობაც კი არ ჰქონდა მას სამაშველო ფუნქციით. არანაირი ფუნქცია რაიმე დამხმარე სამაშველო ღონისძიებებში რომ მიეღო მონაწილეობა, მას არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, რამდენად სპეკულაციურია „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი. ერთ-ერთი „პუმა“ გამოიყენებოდა მაღალი თანამდებობის პირების პირადი კომფორტისთვის გადაადგილების დროს. იყო კომფორტი შექმნილი, თითქოს ისე ვერ გაფრინდებოდნენ. ჯერ ხომ „სუპერ პუმა“ იყიდეს, რათა პირადად გადაფრენილიყვნენ, შემდეგ გააკომფორტულეს და ახლა გვაყვედრიან ჩვენ, რატომ არ იყო ისინი გამოყენებული - რა უნდა გამოგვეყენებინა? კომფორტულად ჩამჯდარიყო ვიღაც და გადავარდნილ ადამიანს რა ეშველებოდა? სასაცილოც კი აღარაა და ირონიაც კი ზედმეტია უკვე აქ“, - აღნიშნა მდინარაძემ.