თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინის გაფუჭების საფრთხე არსებობს, მაგრამ  ამის გამო საკმარისი რაოდენობის არ შემოგვეტანა? მერე სახელმწიფოს დადანაშაულება მოხდებოდა - მართალია ეს უყაირათობაა, მაგრამ სჯობს ვაქცინა გვქონდეს ზედმეტობით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “ბუსტერ“ დოზის გაკეთება აუცილებელია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ საუბრისას განაცხადა, საქართველოში არიან პაციენტები, რომლებიც კორონავირუსით სამჯერ და ოთხჯერ დაინფიცირდნენ, თუმცა მათ ვირუსი მსუბუქად გადაიტანეს.

„დაახლოებით, 7-8 %, მაქსიმუმ 10%-მდე არის ის, ვისაც გაკეთებული აქვს "ბუსტერ" დოზა. ძალიან ცოტაა. "ბუსტერ" დოზის გაკეთება აუცილებელია, მინიმუმ მესამე მაინც, თუ მეოთხე არა, მაგრამ „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ უკვე შეიმუშავეს ვაქცინის ახალი ტიპი, რომელიც მორგებულია სწორედ ომიკრონის შტამებზე. ამერიკელებმა ამ ვაქცინის გამოყენებაში გაშვება დააჩქარეს და ვარაუდობენ, რომ სექტემბრის ბოლოს ეს ახალი ვაქცინები გამოყენებაში გავა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, წინა შემთხვევის მსგავსად, ისევ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში არსებულ გამოუყენებენ ვაქცინებს ვადა გაუვიდეს.

„სამწუხაროდ, ამის საფრთხე არსებობს, მაგრამ რა ვქნათ, ამის გამო საკმარისი რაოდენობის არ შემოგვეტანა? რომ არ შემოგვეტანა შედეგი იქნებოდა და სწორიც იქნებოდა, სახელმწიფოს დადანაშაულება, რომ მოსახლეობა მზად არის და არ არის ვაქცინები. ამას სჯობს ვაქცინა ზედმეტობით გვქონდეს. მართალია ეს უყაირათობაა, მაგრამ სჯობს ვაქცინა გვქონდეს ზედმეტობით“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

რაც შეეხება შეზღუდვების დაწესებას, როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, საქართველოში კორონავირუსის მართვის კარგი დინამიკა ფიქსირდება და ამ ეტაპზე, ქვეყანაში პირბადის სავალდებულო ტარების აუცილებლობა არ დგას.

„თუ ახლანდელი ტემპით წავედით და ასეთი კარგი მართვა შევინარჩუნეთ და გარდაცვალება მინიმალურ დონეზე გვექნება, მე ვფიქრობ, სავალდებულო მკაცრი რეგულაციები, მათ შორის პირბადეზე, საჭირო არ იქნება, მაგრამ ჩემი რჩევაა პირბადე ნებაყოფლობით ვატაროთ იქ, სადაც ყველაზე დიდი რისკია დაინფიცირების. ეს არის: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამედიცინო დაწესებულებები, დახურულ სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილზე,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, „იმედი იმის, რომ კოვიდი აღარ იქნება ჯერ არ არის“.

ცერცვაძემ ის წესები დაასახელა, რომელიც კოვიდის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრებას განაპირობებს.

„როგორმე ვიპოვოთ ჩვენ თავში ძალა და გავაძლიეროთ ვაქცინაცია. განსაკუთრებით, „ბუსტერ“ დოზებით. დადასტურებულია, რომ სწორედ „ბუსტერ“ დოზები იცავს ძირითადად ინფიცირებისგან. მართალია რეგულაციები მთლიანად მოხსნილია, მაგრამ არ უშლის ხელს მოსახლეობას, როგორც უცხოეთში აკეთებს შეგნებული ნაწილი, ნებაყოფლობით ატარონ პირბადეები - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში, დახურულ სივრცეებში, სადაც ხალხმრავალი შეკრებებია“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, დღეს არსებული შტამი პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციებისგან, შესაბამისად, ვისაც აღმოაჩნდება სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი, ხველა, მაღალი ტემპერატურა, სწრაფი ტესტი უნდა ჩაიტაროს.

„ახლა, როცა სხვა რესპირატორული ინფექციების რიცხვი შემცირებულია პოტენციურად ასეთი სიმპტომი ძალიან დიდი ალბათობით კოვიდზე მიუთითებს. ამიტომ ყველა, ვისაც ეს სიმპტომები აღმოაჩნდება, აუცილებელია, რომ პირველივე დღეს ჩაიტაროს სწრაფი ტესტი, რაც უფასო და ხელმისაწვდომია, დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, (ძალიან კარგად არის აწყობილი ელექტრონული სისტემა) შედგება მასა და ოჯახის ექიმს შორის კომუნიკაცია. სულ ერთი დღე დასჭირდება, რომ ოჯახის ექიმმა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა თუ ის მსუბუქია, არაფერი სჭირდება, მაგრამ თუ ის დამძიმების რისკებს შეიცავს, რაც არის 60 წელზე მეტი ასაკი, ან მძიმე თანმხვედრი დაავადებები, მაშინ აუცილებელია და ექიმი ურჩევს, რომ უნდა დაიწყოს მკურნალობა: „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“, - განაცხადა ცერცვაძემ და დასძინა, რომ „არცერთი პაციენტი, რომელმაც ბოლო ოთხი თვის მანძილზე ჩვენებების შემთხვევაში დაიწყო მკურნალობა პირველი სამი დღის განმავლობაში „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“ არ დამძიმებულა, არ მოხვედრილა რეანიმაციაში და არ გარდაცვლილა“.

გარდა ამისა, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ვინ ინფიცირდება ომიკრონის შტამით უფრო ხშირად.

„ვისაც არ გადაუტანია და არც ვაქცინირებული არ არის, ისინი ყველაზე მეტად ინფიცირდებიან, იმიტომ რომ მათ იმუნიტეტი საერთოდ არ აქვთ. ვინც არის სრულად ვაქცინირებული, მითუმეტეს, "ბუსტერ" დოზით, ან აქვთ კოვიდი გადატანილი და შესაძლოა არა ერთხელ, მათ ბუნებრივია იმუნიტეტი აქვთ, ან ვაქცინით გამომუშავებული, ან თვითონ ინფექციის გადატანის შედეგად გამომუშავებული და ისინი ნაკლებად ინფიცირდებიან, თუმცა დაცულები არ არიან. ამაზე მეტყველებს ის შემთხვევები, რომ ჩვენ გვყავს პაციენტები, რომელსაც მესამეჯერ დაემართათ კოვიდი და მეოთხედაც, მაგრამ ამათ კოვიდი როგორც წესი მსუბუქად ემართებათ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო