სტუ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსთა ჯგუფი COMET-ექსპერიმენტთან კოლაბორაციის აქტიურ ფაზაში გადადის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-ფიზიკოსთა ჯგუფმა „ჰორიზონტი ევროპის“ მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის ფარგლებში, ევროკავშირის სამეცნიერო გრანტი მოიპოვა. მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება სტუ-ის მეცნიერებს, გლობალურ COMET-ექსპერიმენტთან კოლაბორაციის პროცესში, კვლევების გაგრძელების საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სამეცნიერო გრანტის ფარგლებში, უახლოესი 4 წლის მანძილზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსთა ჯგუფი, სამეცნიერო კოლაბორაციას იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციასა (KEK) და იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კვლევების კომპლექსთან (J-PARC) გააგრძელებს, შესაბამისად, გლობალური COMET-ექსპერიმენტის (The COherent Muon to Electron Transition) რეალიზების ყველა ეტაპზე აქტიურად იქნება ჩართული.

სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი ზვიად წამალაიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ COMET-ექსპერიმენტში. მეცნიერის თქმით, კოვიდვითარების შემსუბუქებასთან ერთად, „ჰორიზონტი ევროპის“ სამეცნიერო გრანტის გათვალისწინებით, უნივერსიტეტის ფიზიკოსთა ჯგუფის სამეცნიერო აქტივობა COMET-კოლაბორაციაში სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.

„ახალი ფიზიკის ძიების მიმართულებით, რაც იშვიათი დაშლების შესწავლით ხორციელდება, COMET-ი მსოფლიოს ერთ-ერთი გლობალური, ლიდერი ექსპერიმენტია. მისი მიზანია, მიონურ ატომებში ნეიტრინოს გარეშე მიონის ელექტრონად გარდაქმნის დამზერა 10-17 მგრძნობიარობის დონეზე, რაც არსებული შედეგის 10 000-ჯერ გაუმჯობესებაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, აქტიურად არის ჩართული COMET-ექსპერიმენტის ყველა უახლესი ტიპის სუბდეტექტორის შექმნაში. ჩვენმა ჯგუფმა, JINR-თან (The Joint Institute for Nuclear Research) და KEK-თან კოლაბორაციით, წარმატებით განახორციელა ახალი ტექნოლოგიების ათვისება-დანერგვა სტროუ ტრეკული დეტექტორების სისტემის, კოსმოსურ სხივების ვეტო (Cosmic Ray Veto, CRV) სისტემისა და ელექტრომაგნიტური კალორიმეტრის შესაქმნელად. კოვიდპანდემიით გამოწვეული პაუზის შემდგომ, ინტენსიური სამუშაოები განახლდა. ტექნიკური უნივერსიტეტის COMET-ექსპერიმენტის ჯგუფი, რომელმაც „ჰორიზონტი ევროპის“ მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის ფარგლებში, ევროკავშირის სამეცნიერო გრანტი მოიპოვა, კოლაბორაციის ახალ ეტაპზე გადადის. ეს კი გულისხმობს იაპონიაში, უშუალოდ KEK-სა და J-PARC-ში ჩასვლას და ყველა მიმდინარე სამუშაოში მონაწილეობის მიღებას“, - აცხადებს ზვიად წამალაიძე.

სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, COMET-კოლაბორაციამ მოიწონა CRV სისტემის დიზაინი, რომელიც მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა CRV სისტემისთვის შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ სტუ-ის COMET-ექსპერიმენტის ჯგუფმა CRV მოდულის განახლებული დიზაინიც შეიმუშავა.

„ჩვენ დავისახეთ ამბიციური ამოცანა - COMET ექსპერიმეტისთვის 3.2 მეტრიანი პირველი სრული CRV მოდულის აწყობა. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო სტრიპების შექმნა, რაც გულისხმობს სცინტილატორული ფირფიტიდან სტრიპის ამოჭრასა და პროექტის მიხედვით, სათანადო დამუშავებას. WLS ბოჭკოების სტრიპში ჩასამაგრებლად და მოდულის ასაწყობად ჩავატარეთ საუკეთესო ნივთიერებების შესარჩევი კვლევა. ტესტირებისთვის შევქმენით სპეციალური სტენდი, რომელიც ერთდროულად 16 ერთეული სტრიპის შემოწმების შესაძლებლობას იძლევა. შევქმენით და ტესტირება ჩავუტარეთ 100 ერთეულ სტრიპს, რომელთაგან 64 - CRV მოდულის ასაწყობად შევარჩიეთ, დანარჩენი კი - დამატებითი კვლევების საწარმოებლად. 32 ერთეული სტრიპის თვისებების საკვლევად თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, დამატებითი ნახევარმოდული შეიქმნება, ხოლო 4 ერთეულ სტრიპს ცალ-ცალკე გამოვიკვლევთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მოდულის ტესტირება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იგეგმება, რის შემდეგაც ის იაპონიაში გაიგზავნება და COMET-ექსპერიმენტის ალფა-ფაზაში ინსტალირდება“, - განმარტავს სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი დავით ჩოხელი.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აცხადებს, COMET-ექსპერიმენტის ფარგლებში, სტროუ კამერების შესაქმნელად, მსოფლიოში პირველად, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, უპრეცედენტო პარამეტრების მქონე, 12 მიკრომეტრი სისქის მგრძნობიარე გაზური სტროუ დეტექტორების პროტოტიპები დამზადდა, რაც სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა და ინჟინერთა დიდი გამარჯვებაა.

„ჩვენმა მეცნიერ-ფიზიკოსთა ჯგუფმა შექმნა უმაღლესი ხარისხის 2700 ერთეული სტროუ მილი, რომლებიც მეშვიდე წელია სრულად აკმაყოფილებს COMET-ექსპერიმენტის ყველა მოთხოვნასა და უცვლელად ინარჩუნებს სამუშაო პარამეტრებს. ეს იყო ფაზა 1-ის მთავარი ამოცანა. სტროუ სისტემის პირველი მოდული, რომელიც 500 დამოუკიდებელი სტროუ დეტექტორისგან შედგება, უკვე მზადაა. ვინაიდან ტრეკული სისტემის აწყობა-მონტაჟი აქტიურ ფაზაშია, უნივერსიტეტი ეტაპობრივად გზავნის COMET-ექსპერიმენტის ჯგუფის წევრებს იაპონიაში, მეორე მოდულზე სამუშაოდ. ამჟამად, იაპონიაში იმყოფება ჩვენი ახალგაზრდა მკვლევარი ნიკა წვერავა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ტრეკული სისტემის ამოცანების შესრულებაში, მათ შორის, სტროუ მილების ტესტირებისა და ტრეკული სისტემის მეორე მოდულის აწყობის სამუშაოებში. გეგმის მიხედვით, საერთო ჯამში, მოსამზადებელია 5 მოდული. დაგეგმილია მათი ტესტირება და ინსტალირება COMET ექსპერიმენტში, შემდეგ კი - მონაცემთა ჩაწერა-ანალიზი. ეს მოცულობითი და მეტად საპასუხისმგებლო სამუშაოა, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი წარმატებით ახორციელებს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, რომელიც უდიდეს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და COMET-ექსპერიმენტში ჩართულ ჩვენს მეცნიერებს“, - განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევების ორგანიზაციის (KEK) გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტში 2018 წელს ჩაერთო. ქართველი სპეციალისტები COMET-ექსპერიმენტის უახლესი ტიპის უდიდესი სუბდეტექტორის - კოსმიკ ვეტო მთვლელების (Cosmic Ray Veto, CRV) შექმნაში მონაწილეობენ. უახლოეს მომავალში, სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის წევრები: დავით ჩოხელი, გიორგი ადამოვი, ირაკლი ლომიძე და იური ბაღათურია იაპონიაში, COMET-ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებენ ტრეკული სისტემის პირველი მოდულის ტესტირება-ინსტალაციაში და მეორე მოდულის აწყობაში. გარდა ამისა, სტუ-ის მეცნიერები CRV სისტემის პირველი - ე.წ. ნულოვანი მოდულის ტესტირებაში ჩაერთვებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა