გიორგი შარვაშიძემ და ანდრეი კასიანოვმა კურსის „უკრაინული ენა დამწყებთათვის“  მსმენელებს სერტიფიკატები გადასცეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ და საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა კურსის „უკრაინული ენა დამწყებთათვის“ ექვსი მსმენელი სერტიფიკატებით დააჯილდოვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლობის შედეგად, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში უკრაინული ენის შესწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა დაუფლებოდა ენას. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს უკრაინულად წერა, კითხვა, მარტივი კომუნიკაციისათვის, მედია საშუალებებითა და სოციალური ქსელებით ინფორმაციის მოსაძიებლად და გასაგებად აუცილებელი ლექსიკა. კურსის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია სლავური კულტურის კონტექსტში უკრაინული ენის როლისა და მნიშვნელობის შესახებ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კურსი „უკრაინული ენა დამწყებთათვის“ წარმატებული პროექტია და მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული ენის სწავლა უფრო მეტი ახალგაზრდისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

„ძალიან საინტერესო პროგრამა არის, რომელშიც ჩართულნი იყვნენ თსუ უკრაინისტიკის ცენტრის პროფესორები. საკმაოდ ინტენსიური მომზადება გაიარა პირველმა ექვსმა მსმენელმა. ვაპირებთ, რომ გაიზარდოს რაოდენობაც, რადგან მსურველი ბევრია. ამასთან, ვფიქრობთ სხვა, უფრო მაღალ დონეზე ვასწავლოთ უკრაინული ენა და ეს არის ჩვენი შენატანი იმ კულტურულ, საგანმანათლებლო ურთიერთობაში, რომელიც წლების განმავლობაში გააჩნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასე უჭირს უკრაინას,“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

როგორც საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა, კურსი მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის უფრო მეტად დაახლოების საქმეში.

„დღეს გვქონდა პატივი გადაგვეცა სერტიფიკატები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენინგის კურსდამთავრებულებისთვის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს უკრაინული ენის სწავლის კურსი „უკრაინული ენა დამწყებთათვის“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის-საქართველოს მოქალაქეები სწავლობენ უკრაინულ ენას, რომელიც მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ძალიან ლამაზ, ჟღერად და ცნობილ ენად. იმედი გვაქვს, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელმაც დღეს მიიღო სერტიფიკატი, გააგრძელებს უკრაინული ენის შესწავლას. ხოლო ჩვენს საერთო მტერზე, რუსეთის ფედერაციაზე, ერთობლივი გამარჯვების შემდეგ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ჰუმანიტარული სტრატეგიული პარტნიორობის რეალიზება, და ახალგაზრდებს შორის უფრო გავრცელდეს უკრაინული ენის შესწავლის სურვილი, ჩვენი მეგობრული ხალხების უფრო მეტად დაახლოება,“ - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

კურსის ერთ-ერთი მონაწილე ტასო შანავასთვის საინტერესო და გამოსადეგია პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა, რომელსაც პროფესიული კუთხით აუცილებლად გამოიყენებს.

„ძალიან მოხარული ვარ რომ შესაძლებლობა მომეცა მესწავლა იმ ქვეყნის სახელმწიფო ენა, რომელშიც დავიბადე. საბაზისო ცოდნა უკვე მივიღე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი უნივერსიტეტს და ყველა იმ ლექტორს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ჩვენს სწავლაში. აუცილებლად ვაპირებ უკრაინული ენის შესწავლის გაგრძელებას და მსურს დავეუფლო ისე, რომ შევძლო იურიდიული დახმარების გაწევა უკრაინელი მოქალაქეებისთვის,“ - აღნიშნა ტასო შანავამ.

ორთვიან სასერტიფიკატო კურსს თსუ უკრაინისტიკის ცენტრის თანამშრომლები, ფილოლოგიის დოქტორები ნინო ნასყიდაშვილი, სოფიო ჩხატარაშვილი და ივანე მჭედელაძე უძღვებოდნენ.

კურსის „უკრაინული ენა დამწყებთათვის“ გავლის შემდეგ მონაწილეებს აქვთ საბაზისო საკომუნიკაციო ლექსიკური მარაგი და ფლობენ მის გამოსაყენებლად აუცილებელ გრამატიკულ წესებს, წერითი და ვერბალური კომუნიკაციის სპეციფიკას. შეუძლიათ უკრაინულენოვანი ინფორმაციის სწორად აღქმა და გადმოცემა, შესწავლილი სასაუბრო თემების ლექსიკური მასალის პრაქტიკაში გამოყენება.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს