სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მუხათგვერდის სასაფლაოზე 7 აგვისტოს იმიტომ  მოიპარებიან, რომ დაღუპულთა ოჯახებს თვალებში ვერ უყურებენ

სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მუხათგვერდის სასაფლაოზე 7 აგვისტოს იმიტომ  მოიპარებიან, რომ დაღუპულთა ოჯახებს თვალებში ვერ უყურებენ

უშუალოდ ფართომასშტაბიანი მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყო, როცა რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, თუმცა პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებაში პირდაპირ წერია, რომ რუსეთის ფედერაციის ძალები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ. ეს არის ტყუილი, მაგრამ ეს არის ტრადიცია, რომელიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

მისი თქმით, 8 აგვისტოს სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები ამოდიან და აქ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 7 აგვისტოს იმიტომ „მოიპარებიან“, რომ მათ თვალებში ვერ უყურებენ.

„ომი არ დაწყებულა არც 8-ში, არც 7-ში, არც 6-ში. მრავალი წლით ადრე დაიწყო და არ დამთავრდება მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება უბრალოდ, ეს მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.

რაც შეეხება კონკრეტულად აგვისტოს ომს, აგვისტოს ომი უშუალოდ ფართომასშტაბიანი მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყო, როცა რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, თუმცა ჩვენ სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ძალიან არასწორი გადაწყვეტილებები გვაქვს. კონკრეტულად გეტყვით, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებას, რომელიც 9 აგვისტოს გამოიცა, სადაც პირდაპირ წერია, რომ რუსეთის ფედერაციის ძალები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ. ეს არის ტყუილი, მაგრამ ეს არის ტრადიცია, რომელიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა და 2008-2012 წლებში ამ ომის დაწყების თარიღის აღნიშვნა სწორედ 8 აგვისტოს ხდებოდა. სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა თარიღი, რომელიც სამი ციფრით -08.08.08 აღინიშნებოდა. ასე დაამკვიდრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ასე აღნიშნავდნენ ისინი 4 წლის განმავლობაში.

8 აგვისტო არის თარიღი, როდესაც დაღუპული გმირების ოჯახის წევრები ამოდიან და აღნიშნავენ ამ დღეს, ამიტომ ჩვენ არ ჩაგვითვლია საჭიროდ რომ ეს ტრადიცია გადახედილიყო და დღესაც ამ ტრადიციას მივყვებით.

კიდევ ერთი რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი ტელევიზიები ცდილობენ, რომ ეს ტრადიცია გადაიხედოს, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერ ამოდიან აქ და ვერ უყურებენ თვალებში მშობლებს, რომლებიც 8 აგვისტოს ამოდიან. ისინი აქ 7 აგვისტოს მოიპარებიან, რომ მშობლებს თვალებში ვერ ჩახედოს. იმ მშობლებს, რომელთა შვილები დატოვეს და რომ არ ყოფილიყო საქართველოს პატრიარქი, ასევე თომას ჰამარბერგი, მათი გამოსვენება ვერ მოხდებოდა და მათ გადმოსვენებას არც არავინ უზრუნველყოფდა," - განაცხადა სოზარ სუბარმა.