თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისში 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები ოფიციალურად ხვალიდან, 9 აგვისტოდან მიენიჭება.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, სახელდების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„ეს არის ჩვენი უახლესი წარსულის ძალიან ტრაგიკული დღე, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენი გმირების ქმედებები ნამდვილად არის ჩვენთვის, ყველასთვის საამაყო. შესაბამისად, თითოეული ქართველის ვალია, მათი სახელების უკვდავსაყოფად ყველაფერი გააკეთოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს პატივი და შესაძლებლობა იმისა, რომ მცირედი წვლილი შევიტანოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად. თბილისის საკრებულო ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე განახორციელებს სახელდებას და თბილისში ჩვენი 15 გმირის სახელდებას სხვადასხვა ქუჩებზე. ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ ყველა გმირის სახელის უკვდავსაყოფად განვახორციელებთ სახელდებას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თავის მხრივ, როგორც თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, სახელდების საკითხი უკვე ინიცირებულია და საკრებულო მომდევნო სხდომაზე უმრავლესობით დაამტკიცებს.
„დღეს ჩვენი უახლესი ისტორიიდან ერთ-ერთი მძიმე თარიღია. დღევანდელი კომისიის სხდომაც მთლიანად მიეძღვნა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს, ჩვენს მებრძოლებს, ჟურნალისტებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას. კომისია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, დღესაც ახალი ინიციატივები გვქონდა. ეს არის ის მცირედი, რაც მათი სახელების უკვდავსაყოფად შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ვარდოსანიძემ.