ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება

ოთხი წელია, რაც საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექინსპექტირების რეფორმა ხორციელდება. როგორ მუშაობს რეფორმა, რა მნიშვნელობა აქვს მის წარმატებით განხორციელებას და რა საკანონმდებლო ცვლილებებია დაგეგმილი სისტემის გასაუმჯობესებლად, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის - „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“, აღმასრულებელ დირექტორს გიორგი შიოლაშვილს ესაუბრა.

- უკვე მეოთხე წელია, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებისთვის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულოა. გვითხარით, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი; ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეფორმის წარმატება, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების გათვალისწინებით?

- 2019 წელი იყო დინამიური და იმედის მომცემი, როდესაც სავალდებულო ტექინსპექტირების რეფორმა ამოქმედდა. მოხდა ძირეული გარდატეხა მოსახლეობის ქცევაში. დაიწყეს ავტომობილების მწყობრში მოყვანა და მომზადება ტექინსპექტირებისთვის. მომდევნო წლებში კოვიდ პანდემიის პირობებში, რა თქმა უნდა, რეფორმამ და ტექინსპექტირების ცენტრებმა განიცადეს რიგი სირთულეები, რამაც შეაფერხა სხვა საკითხებთან ერთად ისეთი მზარდი ტემპით განვითარება, როგორც დაიწყო. რეფორმაში ამ 4 წლის განმავლობაში გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არასათანადო ადმინისტრირებაა. ამ კუთხით მდგომარეობა გასაუმჯობესებელია - ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით მილიონ ნახევარი ავტომობილია რეგისტრირებული, 2021 წლის მონაცემებით კი, ტექინსპექტირება 732 000 ათასამდე ავტომობილმა გაიარა.

მილიონ ნახევრიდან შეიძლება ყველა არ გადაადგილდება გზებზე, მაგრამ პრობლემად რჩება ის, რომ გარკვეული რაოდენობის ავტომობილი გზებზე ტექინსპექტირების გარეშე მოძრაობს. ამასთან, ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ დაბალია ჯარიმის ოდენობა და ავტომფლობელს ხშირ შემთხვევაში ურჩევნია გადაიხადოს ჯარიმა, 50 ლარი იმის ნაცვლად, რომ ავტომობილი ტექინსპექტირებაზე გაატაროს. ჩვენი მონაცემებით, დაახლოებით 200 ათასი ავტომობილი გადაადგილდება ტექინსპექტირების გარეშე და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ეს წარმოადგენს ყველაზე გაუმართავ ნაწილს იმ ავტოპარკისა, რაც საქართველოშია. აქედან გამომდინარე, ავტოსაგზაო შემთხვევებში, ვფიქრობთ, ასეთი ტრანსპორტის წილი საკმაოდ დიდია. მნიშვნელოვანი გამოწვევებია საგზაო უსაფრთხოების და ეკოლოგიის კუთხითაც. გამართული ავტოტრანსპორტი საგზაო უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და აქედან გამომდინარე, ტექინსპექტირების რეფორმა ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა. ვხედავთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი დიდი პრობლემა ავტოსაგზაო შემთხვევებია. ყოველწლიურად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა 500-მდეა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები გამართული ავტოტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. ტექინსპექტირება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ბერკეტია, რამაც ქვეყანაში გამართული ავტოპარკი უნდა ჩამოაყალიბოს. მოგეხსენებათ, ტექინსპექტირების რეფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. მნიშვნელოვანია რეფორმა იყოს თანმიმდევრული და მაქსიმალურად სწორად გავიაროთ ყველა ის ეტაპი, რაც ჩვენმა მეგობარმა სახელმწიფოებმა გაიარეს. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს, რომ მათი ზრუნვა მანქანაზე ნიშნავს ზრუნავს საკუთარ შვილებზე, მათ მომავალზე, ქვეყანაზე და მის ეკოლოგიაზე.

- თქვენ ახსენეთ ტექდათვალიერების გაუვლელობის შემთხვევაში ჯარიმის დაბალი ოდენობა... როგორც ვიცით, ამ მიმართულებით კანონის გამკაცრება იგეგმება და პარლამენტში ამ საკითხზე უკვე შესულია კანონპროექტი. გვითხარით, კონკრეტულად, რას ითვალისწინებს კანონში შესატანი ცვლილებები?

- როგორც მოგახსენეთ, ჯარიმის ოდენობა დაბალია. ხშირ შემთხვევაში ავტომფლობელს ურჩევნია, რომ ჯარიმის გადახდით გადაადგილდებოდეს გზებზე და ავტომობილი ტექინსპექტირებაზე არ გაატაროს. ჯარიმის ოდენობა ფიქსირებული 50 ლარია და ავტომფლობელი რამდენჯერმე რომც დაჯარიმდეს, მაინც იგივე თანხას იხდის. იმ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია შესული და შემოდგომაზე განიხილება, პირველადი დაჯარიმებისთვის 50 ლარი რჩება, თუმცა ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის თანხა იზრდება - ხდება 150 ლარი, შემდეგ 300 ლარი და ა.შ. შესაბამისად, ავტომფლობლისთვის ფინანსურად მომგებიანი აღარ იქნება, რომ გზებზე ჯარიმების გადახდით იმოძრაოს და ტექინსპექტირება არ გაიაროს. ვფიქრობთ, სისტემას ეს ძალიან წაადგება. ჩვენი კავშირი აქტიურად მუშაობს სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორთან, ყველანი ვთანხმდებით, რომ ცვლილებები გარდაუვალია რეფორმის განვითარებისთვის.

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტექდათვალიერების რეფორმის მიმდინარეობა შეაფასა. მათი ანგარიშის რა ასპექტებზე შეგიძლიათ ყურადღების გამახვილება?

- აუდიტი აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ტექინსპექტირების რეფორმა მნიშვნელოვანია. ასევე, მათაც ხაზი გაუსვეს საკითხს, რომ ქვეყანაში ამ პროცესის ადმინისტრირება მთლად სათანადოდ არ ხდება. მაგალითად, ვხედავთ, რომ როდესაც ავტომობილი ვიზუალური კვამლიანობით გადაადგილდება, ამაზე შესაბამისი რეაგირება არ ხდება. ამის თაობაზეც არის საკანონმდებლო ინიციატივა დაყენებული, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების „ჩემი ქალაქი მკლავს“ ინიციატივით დაიწყო და შესრულდა. ამ პროცესში ჩართულები იყვნენ ტექინსპექტირების ცენტრები და ყველა მსურველი ადამიანი, ვინც ფიქრობდა, რომ ასეთ შემთხვევებზე საჭიროა, საპატრულო პოლიციის მხრიდან რეაგირება, მათ საკუთარი აზრი შესაბამისი ხელმოწერით დააფიქსირეს - სულ 30 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა და შესაბამისად, ეს იყო საფუძველი იმისა, რომ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილიყო. ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ როდესაც საპატრულო პოლიცია ხედავს ავტომობილს ვიზუალური ხარვეზით, ჰქონდეს მანდატი, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და ავტომფლობელი დააჯარიმოს. ამასთან, ტექინსპექტირების ცენტრი ავტომობილის გამართულობაზე პასუხისმგებელია იმ სივრცეში, სადაც ავტომობილი მოწმდება. როგორც კი სატრანსპორტო საშუალება დატოვებს ტექინსპექტირების ცენტრს, მას შემდეგ ავტომფლობელს აქვს შესაძლებლობა, გარკვეული მანიპულაცია მოახდინოს. მაგალითად, შესაძლოა ავტომობილმა ტექინსპექტირება გაიარა გარკვეული დეტალით, რომელიც ავტომფლობელმა ითხოვა, ტექინსპექტირების შემდეგ კი ავტომობილს ისევ გაუმართავ მდგომარეობას დაუბრუნებს. ამის გამო მნიშვნელოვანია, რომ გზებზე აღსრულება ხდებოდეს, რაშიც საპატრულო პოლიცია უნდა იყოს ჩართული. ეს დღეის მდგომარეობით არ ხდება. ამ მიმართულებით მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რომ გზაზე მოძრავ ავტომობილებზე მათთვის გარკვეული ბერკეტი არსებობდეს და კანონდარღვევები დააფიქსირონ.

- გარდა იმ საკითხებისა, რაზეც უკვე ისაუბრეთ, კიდევ რა ცვლილებების განხორციელება იგეგმება ტექინსპექტირების რეფორმის გაუმჯობესების მიმართულებით?

- დღეის მდგომარეობით, განმეორებითი ინსპექტირება არის უფასო, რაც რეფორმის საწყისი ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ სწორად იყო დაგეგმილი და ამ მხრივ აღნიშნული შეღავათი ნამდვილად საჭირო იყო. არსებულმა რეალობამ აჩვენა, რომ ტექინსპექტირების ცენტრებს თავიანთი დროის 35-40%-ის განმავლობაში განმეორებითი ტექინსპექტირების სერვისის უფასოდ განხორციელება უწევთ, რაც მათთვის ფინანსურად საკმაოდ დამაზიანებელია. ჩვენ მიერ მოძიებული იქნა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ევროკავშირის მასშტაბით პრაქტიკა და განმეორებითი ინსპექტირება საფასურის გარეშე არსად არ არის. აქედან გამომდინარე, ნამდვილად დგას საჭიროება და იგეგმება, რომ განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი გახდეს. ამასთან, გარკვეული საფასურის შემოღებით, ტექინსპექტირების ცენტრებს ექნებათ შესაძლებლობა, თანამშრომლებს მეტი მოტივაცია მისცენ და ანაზღაურება გაუზარდონ. საქართველოში პირველადი ტექინსპექტირების საფასური 60 ლარია და სწორედ ამის მიხედვით უნდა დადგინდეს განმეორებითის ღირებულებაც. მიღებული პრაქტიკაა, რომ განმეორებითი ინსპექტირების თანხა იყოს პირველადი საფასურის დაახლოებით 35-40%. იმის ფონზე, რომ წლიდან წლამდე ავტომფლობელი უფრო მომზადებული მიდის ტექინსპექტირების ცენტრებში, განმეორებით ინსპექტირების პროცენტი ინარჩუნებს კლების ტენდენციას. ვფიქრობ, შემოდგომაზე განმეორებით ინსპექტირებაზე საფასურის შემოღების საკითხი განხილვის საგანი გახდება. ტექდათვალიერების პროცესში მნიშვნელოვანი საკითხია თავად ტექინსპექტორების კვალიფიკაცია და ტექინსპექტირების ცენტრების კეთილსინდისიერება. რამდენად კვალიფიციურები არიან ტექინსპექტორები და მიმდინარეობს თუ არა მათი საქმიანობის მონიტორინგი? ტექინსპექტირების პროცესში გარკვეული პარამეტრები მოწმდება იმგვარად, რომ ადამიანური ფაქტორი არ არის ჩარეული და მხოლოდ შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობები გამოიყენება. მაგალითად, გამონაბოლქვი და მუხრუჭები მოწმდება ისე, რომ ინსპექტორი ვერ ჩაერევა პროცესში და ინსპექტირების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. შესაძლოა, ერთეულ შემთხვევებში არაერთგვაროვანი მიდგომა იყოს ცალკეულ ცენტრებში და ერთი და იგივე ხარვეზი განსხვავებულად იყოს შეფასებული ინსპექტორის მიერ. ასე რომ, მაინც იქამდე მივდივართ, რომ ეს სფერო ახალია და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე სამუშაოა. ინდუსტრია მუშაობს იმაზე, რომ ჩამოყალიბდეს ერთგვაროვანი მიდგომები ტექინსპექტირების ცენტრებს შორის. რაც შეეხება მონიტორინგს, ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი „ლაივ“ კამერების მეშვეობით ხდება. ცენტრები ვალდებულები არიან, 14 თვის განმავლობაში ჩაწერონ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელზეც შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო, აკრედიტაციის ცენტრი მონიტორინგს ახორციელებს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად, ობიექტურად და კვალიფიციურად განახორციელა ტექინსპექტირების ცენტრმა თავისი საქმიანობა.

- გამონაბოლქვის საკითხი კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. თქვენი აზრით, როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი?

- უპირველესად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღსრულება იყოს სათანადო დონეზე. ამასთან, ტექნიკურ რეგლამენტში არის შესული ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, 2025 წლამდე ეტაპობრივად მოხდება გამონაბოლქვის ნორმების დაწევა და მაქსიმალურად მივუახლოვდებით ევროდირექტივებით დადგენილ ზღვრებს. ქვეყანაში არსებული ავტოპარკი წლოვანებით საკმაოდ ძველია - ავტომობილების დაახლოებით 45% 20 წელზე მეტი წლოვანებისაა, ავტოპარკის 90%-მდე კი 10 წელზე მეტის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, ეს პროცესი იმგვარად წარმართულიყო, რომ ავტომფლობელებისთვის მტკივნეული არ ყოფილიყო გამკაცრებული ნორმების შემოღება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მთავრობის მიერ, რომ ეს ნორმები ეტაპობრივად შედის ძალაში.

- წლიდან წლამდე რა ტენდენციებია ტექდათვალიერების მიმართულებით - უფრო კონკრეტულად, რა ისწავლა მომხმარებელმა?

- მომხმარებელი ნელ-ნელა ხვდება ტექინსპექტირების რეფორმის მნიშვნელობას და იმ სიკეთეს, რაც თითოეულმა ოჯახმა უნდა მიიღოს ამ რეფორმისგან. როგორც აღვნიშნე, გამართული ავტომობილი საგზაო უსაფრთხოებაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ამასთან, ავტომობილები მოქმედებენ გარემოსა და ეკოლოგიაზე. შესაბამისად, ძალიან ბევრი ავტომფლობელი დღეს ცენტრში მოდის ისე, რომ არ აქვს ინტერესი, მისმა ავტომობილმა, მიუხედავად რაღაც ხარვეზებისა, ტექინსპექტირება მაინცდამაინც დადებითად გაიაროს ანუ, იკვეთება მომენტი, როცა ავტომფლობელებს მათი ავტომობილების შესახებ რეალური ინფორმაცია სჭირდებათ, რადგან, ეს მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის პროცესში ტექინსპექტირების მნიშვნელობამ წამოიწია. მყიდველი ტექინსპექტირება გაუვლელ ავტომობილს აღარ ყიდულობს. ამიტომ, ვფიქრობ, მომხმარებელი ნელ-ნელა ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია ტექინსპექტირება. თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო მაინც არის. ამაში სახელმწიფო უნდა იყოს უფრო მეტად ჩართული და აქტიური საინფორმაციო კამპანიებით - ავტომფლობელებამდე დაიყვანოს ის საკითხი, რამდენად მნიშვნელოვანია გამართული ავტომობილით მოძრაობა. აქედან გამომდინარე, გაუმჯობესება არის ამ კუთხით, თუმცა მეტი სამუშაოა.

- ბოლოს, მოგვიყევით ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის საქმიანობის შესახებ...

- ტექინსპექტირების ცენტრების კავშირი „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“ ორი წელია რაც ფუნქციონირებს და წარმოადგენს გაერთიანებას, რომლის წევრებიც ფლობენ ტექინსპექტირების ბაზრის 60%. ჩვენ ვმუშაობთ სისტემის მაქსიმალურად გაუმჯობესებასა და ხარვეზების აღმოფხვრაზე როგორც სამთავრობო სტრუქტურებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე ტექინსპექტირების ცენტრებთან. კავშირის უმთავრესი პრიორიტეტია ინდუსტრიაში ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და ტექინსპექტირების ცენტრების მიერ ერთგვაროვანი მიდგომების დანერგვა. ზოგადად, ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცენტრებს შორის მათი პრაქტიკის ურთიერთგაზიარება ხდებოდეს. ჩვენ ასევე ჩართულნი ვართ პერიოდული ტექნიკურ ინსპექტირების სფეროში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის პროცესში და ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც დაკავშირებულია სფეროში ცნობიერების ამაღლებასთან.

ლიკა რუაძე

ინტერპრესნიუსი“

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა