ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე - კონსტიტუციით  პრეზიდენტია  ის ფიგურა, რომელიც პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატებს წარუდგენს - რომელი სცენარიც არ უნდა იყოს, ამას „ოცნება“ ასე მარტივად ვერ შეცვლის

საქართველოში კონსტიტუციით პირდაპირ არის გათვალისწინებული, რომ პრეზიდენტი არის ის ფიგურა, რომელიც პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და წევრობის კანდიდატებს წარუდგენს - რომელი სცენარიც არ უნდა იყოს, ამას ასე მარტივად „ქართული ოცნება“ ვერ შეცვლის, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის მოქმედ წესში შესაძლო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, თუკი საუბარი არის იმაზე, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა კვლავ ძველი წესით შეიძლება განხორციელდეს, ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტი არის ის ფიგურა, რომელიც კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს და ამას მმართველი გუნდი ასე მარტივად ვერ შეცვლის.

„ძალიან რთულად მესახება მე ამ თვალსაზრისით, რომ რაიმე ისე შეიცვალოს, რომელიც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ სურდეს, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს, ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ. რომელი სცენარიც არ უნდა იყოს, ყველა ვარიანტში საუბარი იქნება იმაზე, რომ პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატები უნდა წარადგინოს და ამას ასე მარტივად „ქართული ოცნება“ ვერ შეცვლის,“ - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი არ წარადგინა, არც არაკანონიერია და არც არაკონსტიტუციური და ის თავისი დისკრეციის ფარგლებში მოქმედებდა.

გიორგი სიორიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დეპოლარიზაციის მოტივით არის ნაკარნახევი.

„ზოგადად, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს პოლიტიკის განხორციელებაში აქვს მაკონსოლიდირებელი როლი შესაბამისად, განცხადებები რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია არასწორია, იმიტომ რომ თუ პრეზიდენტი მაკონსოლიდირებელ პოლიტიკას ახორციელებს, ამ შემთხვევაში ის თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ახორციელებს. მას აქვს ფართო დისკრეცია და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის არა პოლიტიკურად მოტივირებული და შესაბამისად, ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, არამედ ის თავისი ფუნქციის შესრულებისას და დისკრეციის ნაწილში მოქმედებს.

აქ არაფერი არ იყო არც არაკანონიერი არც არაკონსტიტუციური, პრეზიდენტი თავისი დისკრეციის ფარგლებში მოქმედებდა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მან ჩათვალა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს ყველაზე მეტად ეხმიანება,“ - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

შეგახსენებთ, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარედგინა.

ცნობისთვის, მმართველ გუნდში ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს და ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ ერთხელ გადახედვას არ გამორიცხავენ. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან ცესკო-ს თავმჯდომარის 2/3- ით არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა, „ზოგიერთი თავსმოხვეული კანონი მანკიერია“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს