ტექინსპექტირების გაუვლელობაზე მეორე და შემდგომი ჯარიმა შეიძლება გაიზარდოს - სავარაუდოდ,  ფასიანი გახდება განმეორებითი ტექნიკური შემოწმებაც

ტექინსპექტირების ცენტრის მიერ ყოველ შემდგომ გაუვლელობაზე ჯარიმის ოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. სავარაუდოდ, ფასიანი გახდება განმეორებითი ტექნიკური შემოწმებაც.

როგორც ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილმა “ინეტრპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია და მისი განხილვა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.

მისივე განმარტებით, მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ტექინსპექტირების ცენტრის მიერ დახარვეზების შემთხვევაში, პირველადი ჯარიმის თანხა 50 ლარი რჩება, თუმცა ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის თანხა იზრდება - ხდება 150 ლარი, შემდეგ 300 ლარი და ა.შ.

„როგორც მოგახსენეთ, ჯარიმის ოდენობა დაბალია. ხშირ შემთხვევაში ავტომფლობელს ურჩევნია, რომ ჯარიმის გადახდით გადაადგილდებოდეს გზებზე და ავტომობილი ტექინსპექტირებაზე არ გაატაროს. ჯარიმის ოდენობა ფიქსირებული 50 ლარია და ავტომფლობელი რამდენჯერმე რომც დაჯარიმდეს, მაინც იგივე თანხას იხდის. იმ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია შესული და შემოდგომაზე განიხილება, პირველადი დაჯარიმებისთვის 50 ლარი რჩება, თუმცა ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის თანხა იზრდება - ხდება 150 ლარი, შემდეგ 300 ლარი და ა.შ. შესაბამისად, ავტომფლობლისთვის ფინანსურად მომგებიანი აღარ იქნება, რომ გზებზე ჯარიმების გადახდით იმოძრაოს და ტექინსპექტირება არ გაიაროს. ვფიქრობთ, სისტემას ეს ძალიან წაადგება. ჩვენი კავშირი აქტიურად მუშაობს სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორთან, ყველანი ვთანხმდებით, რომ ცვლილებები გარდაუვალია რეფორმის განვითარებისთვის“, - განაცხადა შიოლაშვილმა.

რაც შეეხება განმეორებითი ინსპექტირების შესაძლო გაფასიანებას, შიოლაშვილის თქმით, ტექინსპექტირების ცენტრებს თავიანთი დროის 35-40%-ის განმავლობაში განმეორებითი ტექინსპექტირების სერვისის უფასოდ განხორციელება უწევთ, რაც მათთვის ფინანსურად საკმაოდ დამაზიანებელია.

“დღეის მდგომარეობით, განმეორებითი ინსპექტირება არის უფასო, რაც რეფორმის საწყისი ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ სწორად იყო დაგეგმილი და ამ მხრივ აღნიშნული შეღავათი ნამდვილად საჭირო იყო. არსებულმა რეალობამ აჩვენა, რომ ტექინსპექტირების ცენტრებს თავიანთი დროის 35-40%-ის განმავლობაში განმეორებითი ტექინსპექტირების სერვისის უფასოდ განხორციელება უწევთ, რაც მათთვის ფინანსურად საკმაოდ დამაზიანებელია. ჩვენ მიერ მოძიებული იქნა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ევროკავშირის მასშტაბით პრაქტიკა და განმეორებითი ინსპექტირება საფასურის გარეშე არსად არ არის. აქედან გამომდინარე, ნამდვილად დგას საჭიროება და იგეგმება, რომ განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი გახდეს. ამასთან, გარკვეული საფასურის შემოღებით, ტექინსპექტირების ცენტრებს ექნებათ შესაძლებლობა, თანამშრომლებს მეტი მოტივაცია მისცენ და ანაზღაურება გაუზარდონ. საქართველოში პირველადი ტექინსპექტირების საფასური 60 ლარია და სწორედ ამის მიხედვით უნდა დადგინდეს განმეორებითის ღირებულებაც. მიღებული პრაქტიკაა, რომ განმეორებითი ინსპექტირების თანხა იყოს პირველადი საფასურის დაახლოებით 35-40%. იმის ფონზე, რომ წლიდან წლამდე ავტომფლობელი უფრო მომზადებული მიდის ტექინსპექტირების ცენტრებში, განმეორებით ინსპექტირების პროცენტი ინარჩუნებს კლების ტენდენციას. ვფიქრობ, შემოდგომაზე განმეორებით ინსპექტირებაზე საფასურის შემოღების საკითხი განხილვის საგანი გახდება“,- აღნიშნა ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა