ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ქვეყანაში ტექინსპექტირების გარეშე 200 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდება - მფლობელს ურჩევნია ჯარიმა გადაიხადოს, ვიდრე მანქანა შემოწმებაზე გაატაროს

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, საქართველოში ტექინსპექტირების გარეშე დაახლოებით 200 ათასი ავტომობილი გადაადგილდება.

როგორც შიოლაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რეგისტრირებული მილიონ ნახევარი ავტომობილიდან 2021 წლის მონაცემებით, ტექინსპექტირება 732000 ათასამდე ავტომობილმა გაიარა.

„ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ დაბალია ჯარიმის ოდენობა და ავტომფლობელს ხშირ შემთხვევაში ურჩევნია გადაიხადოს ჯარიმა, 50 ლარი იმის ნაცვლად, რომ ავტომობილი ტექინსპექტირებაზე გაატაროს. ჩვენი მონაცემებით, დაახლოებით 200 ათასი ავტომობილი გადაადგილდება ტექინსპექტირების გარეშე და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ეს წარმოადგენს ყველაზე გაუმართავ ნაწილს იმ ავტოპარკისა, რაც საქართველოშია. აქედან გამომდინარე, ავტოსაგზაო შემთხვევებში, ვფიქრობთ, ასეთი ტრანსპორტის წილი საკმაოდ დიდია. მნიშვნელოვანი გამოწვევებია საგზაო უსაფრთხოების და ეკოლოგიის კუთხითაც. გამართული ავტოტრანსპორტი საგზაო უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და აქედან გამომდინარე, ტექინსპექტირების რეფორმა ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა. ვხედავთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი დიდი პრობლემა ავტოსაგზაო შემთხვევებია. ყოველწლიურად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა 500-მდეა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები გამართული ავტოტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. ტექინსპექტირება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ბერკეტია, რამაც ქვეყანაში გამართული ავტოპარკი უნდა ჩამოაყალიბოს...

რეფორმაში ამ 4 წლის განმავლობაში გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არასათანადო ადმინისტრირებაა. ამ კუთხით მდგომარეობა გასაუმჯობესებელია - ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით მილიონ ნახევარი ავტომობილია რეგისტრირებული, 2021 წლის მონაცემებით კი, ტექინსპექტირება 732000 ათასამდე ავტომობილმა გაიარა. მილიონ ნახევრიდან შეიძლება ყველა არ გადაადგილდება გზებზე, მაგრამ პრობლემად რჩება ის, რომ გარკვეული რაოდენობის ავტომობილი გზებზე ტექინსპექტირების გარეშე მოძრაობს“,- განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა