ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2022

რა შეუძლია "ჰარმის“ ტიპის რაკეტებს, რომელიც უკრაინამ მიიღო - "ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ანადგურებენ“

უკრაინა უკვე ყირიმს მისწვდა - რატომ დაეცა რუსების შეტევის ტემპი და შედგება თუ არა ზელენსკი-პუტინის შეხვედრა

***

რა შეუძლია "ჰარმის“ ტიპის რაკეტებს, რომელიც უკრაინამ მიიღო - "ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ანადგურებენ“

“რუსეთი უკრაინაში ბრძოლის მესამე ეტაპისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს - აშშ-მა კიევს რადარის საწინააღმდეგო რაკეტები გაუგზავნა, რომელსაც უკრაინული თვითმფრინავები რუსული სარადარო სისტემების წინააღმდეგ გამოიყენებენ, ამავდროულად რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება, მე-3 არმიის კორპუსი დააფუძნა”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა შეუძლია „ჰარმის“ ტიპის რაკეტებს, რომელიც უკრაინამ მიიღო - „ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ანადგურებენ“

„სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნული რაკეტები უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს საშუალებას მისცემს, რომ უფრო თავისუფლად იფრინოს და რუსების ჯარებზე დარტყმები თავისუფლად განახორციელოს. რაც შეხება რუსულ სახმელეთო ძალების ახალ ფორმირებას, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ომის რუსეთის სასარგებლოდ შესატრიალებლად ეს საკმარისი არაა, თუმცა, ზოგიერთ მიმართულებებზე თავდაცვის გასაძლიერებლად გარკვეული ძალაა. CNN-ის ინფორმაციით, პენტაგონში განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რადარის საწინააღმდეგო რაკეტები გაუგზავნა, რომელსაც უკრაინული თვითმფრინავები რუსული სარადარო სისტემების წინააღმდეგ გამოიყენებენ. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალმა დაადასტურა, რომ გაგზავნილია „აგმ-88" ტიპის მარალსიჩქარიანი რაკეტა „ჰარმი", რაოდენობა კი არ დაუკონკრეტებია. "უახლოეს პერსპექტივაში, ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა უკრაინის საჰაერო ძალები უფრო ქმედუნარიანი იყოს", - აღნიშნა კოლინ კალმა. აშშ-ის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ჰარმ-ის რაკეტების მოქმედების მანძილი 30 მილზე (48 კილომეტრზე) მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რაკეტები ერთ-ერთი შორ მანძილზე მოქმედი იარაღია, რომელიც აშშ-მა უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მიაწოდა. რაკეტების გამოყენება შესაძლებელია რუსული საზენიტო სარადარო სისტემების წინააღმდეგ, როგორიცაა ეს-400. ამის პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, უკრაინის ოპერაციის მხარდასაჭერად, რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება, მე-3 არმიის კორპუსი დააფუძნა.მათივე ცნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, გეგმავს მე-3 არმიის კორპუსის დიდი ნაწილი ახლად შექმნილი „მოხალისე" ბატალიონებიდან შეავსოს. თუმცაღა დასძენენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მე-3 არმიის კორპუსის ეფექტი გადამწყვეტი იყოს ბრძოლისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

„რუსმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ მე-3 არმიის კორპუსის პოტენციურ ახალწვეულებს უკრაინაში განლაგების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს სთავაზობენ. რუსული არმიის კორპუსი, როგორც წესი, შედგება 15 000-20 000 ჯარისკაცისაგან, მაგრამ რუსეთს, ალბათ, გაუჭირდება ამ მასშტაბამდე მე-3 არმიის კორპუსის მიყვანა, თუ გავითვალისწინებთ უკრაინაში ნებაყოფლობით ბრძოლაში ჩართვის ძალიან შეზღუდულ სახალხო ენთუზიაზმს," - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში. გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ჰარმის" ტიპის რაკეტები უკრაინის საჰაერო ძალებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან საშუალებას მისცემს, რომ უფრო თავისუფლად იფრინოს და რუსების ჯარების მისამართით დარტყმები თავისუფლად განახორციელოს. „ჰაერი-ხმელეთის ტიპის რაკეტებია, დანიშნულება საჰაერო თავდაცვის სისტემის მთავარი კომპონენტის განადგურებაა, რომელიც რადარს წარმოადგენს, ეს საჰაერო თავდაცვის სისტემას ფაქტიურად დააბრმავებს. თუ არ ვცდები, მისი გაშვების მანძილი 25-დან 150 კმ-მდეა. „კონკრეტულად რომელი მოდელია და რა მანძილზე მიფრინავს არ ვიცი, თუმცა არსი ისაა, რომ აღნიშნული რაკეტა რადარის გამოსხივებას მიჰყვება და გამოსხივების წყაროს ხვდება. ანუ თვითონ იმ რადარს ხვდება, რომელიც საჰაერო სივრცის თვალთვალს ახორციელებს. „არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგადად, რადარი მუშაობას უფრო შორ მანძილზე იწყებს, ვიდრე უშუალო საჰაერო თავდაცვის რაკეტა ანადგურებს. მაგალითად, თუ „ეს-300"-ზეა საუბარი, რადარი 300 კილომენტრზე აღმოაჩენს, მაგრამ რაკეტა 200 კილომეტრ მანძილზე ხვდება. ამას მფრინავები იყენებენ და როგორც წესი საჰაერო ტაქტიკაში შედის. როდესაც წყვილებში მოქმედებენ, ერთი თვითმფრინავი აიძულებს, რომ რადარი ჩაირთოს და გამოსხივება განახორციელოს, ხოლო მეორე თვითმფრინავი ამ გამოსხივების მიმართულებით რაკეტას უშვებს, რომელიც უშუალოდ თვალთვალის შესაძლებლობებს ხვდება და აბრმავებს. „ამ რაკეტების ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს, რომელიც რუსეთმა ვერ შეძლო, რომ გაენადგურებინა, საშუალებას მისცემს, რომ უფრო თავისუფალი ფრენა განახორციელოს და რუსების ჯარების მისამართით დარტყმები თავისუფლად განახორციელოს", - განაცხადა კაპანაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

„ჰარმის" ტიპის რადარის საწინაარმდგო რაკეტების მნიშვნლობაზე საუბრობს „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც. „ეს კონტრრადიოლოკაციური რაკეტებია, რომლებიც ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის სისტემებს აფიქსირებენ და ანადგურებენ, ამით სარაკეტო კომპლექსებს და საბრძოლო ავიაციას საშუალებას აძლევენ, რომ მოწინააღმდეგეზე ზუსტი დარტყმები განახორციელონ. ამ რაკეტებს უნარი აქვთ, რომ გამოსროლილი რაკეტების ფუჭი მიმართულებით გაყვანა განახორციელონ. „ეს აუცილებელი კომპონენტია იმისათვის, რომ საავიაციო და სარაკეტო დარტყმების ეფექტურობა გაცილებით უფრო მაღალი იყოს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჰაერში თვითმფრინავის დაფიქსირება და განადგურება არ მოხდეს"- განაცხადა მაისაიამ. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ასევე ამბობს, რომ როგორც ჩანს რუსები სექტემბერ-ოქტობრისთვის საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის ემზადებიან და ეს ფორმირება სავარაუდოდ უკრაინის სამხრეთისკენ იქნება მიბჯენილი. „მესამე საარმიო კორპუსი უფრო მეტად ალბათ კრივოე როგისა და ზაპოროიჟიეს მიმართულებისთვისაა, რომელიც ნაწილობრივ ნიკოლაევის მიმართულებასაც დაფარავს. 22-ე და მესამე საარმიო კორპუსები სამხრეთის მიმართულების გარღვევისთვის იქნება მიბჯენილი. „რუსები ემზადებიან, რომ საბრძოლო მოქმედებები სექტემბერ-ოქტომბერში სერიოზულად განახორციელონ, მათ ახალი ოპერატიულ-სტრატეგიული ერთეული საარმიო კორპუსი შემოიტანეს. „უკრაინელებმა ყირიმზე წარმატებული ოპერაცია განახორციელეს, სამხედრო აეროდრომი გაუნადგურეს, უკრაინელებმა ძალთა ბალანსი აღადგინეს, მაგრამ რუსებისგან პასუხია მოსალოდნელი, ის რომ საარმიო კორპუსი შეიქმნა, ეს უკვე სერიოზული ძალაა დაახლოებით 40-45 ათასი ადამიანით", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან". გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი აცხადებს, რომ ეს საარმიო კორპუსი ვითარებას რუსების სასარგებლოდ არ შეაბრუნებს, თუმცა, გარკვეულ მიმართულებაზე თავდაცვის გასაძლიერებლად შეიძლება ძალად ჩაითვალოს. „ამაზე საუბარი იყო, რომ კორპუსი დიდი ხანია ყალიბდებოდა. ჩემი მონაცემებით, სატანკო კორპუსზეა საუბარი, ჩავთვალოთ, რომ დაახლოებით 20 ათასი სამხედრო მოსამსახურეა. როგორც ინფორმაცია გამოვიდა, ამ კორპუსში 200 ტანკი და 400 ერთეული ჯავშანტექნიკაა. ომის შემოსატრიალებლად ეს საკმარისი ნამდვილად არაა, გარკვეულ მიმართულებებზე თავდაცვის გასაძლიერებლად ძალა არის"- განაცხადა გენერალმა „რეზონანსთან”, - დასძენს გამოცემა.

გენერალ ვახტანგ კაპანაძისვე შეფასებით, ფრონტზე დიდი ცვლილებები არაა, თუმცა რუსები ბრძოლის მესამე ეტაპისთვის მომზადებას ცდილობენ. „კონტრშეტევები მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ ეს ლოკალურ მიმართულებებზე ძალიან მცირე მასშტაბისაა. ამ შეტევებს როგორც ერთი, ისე მეორე მხარე აწარმოებს. ეს უფრო შემდგომი ოპერაციებისთვის ბრძოლის ველის მომზადებაა, ვიდრე თავად ოპერაცია. „მიუხედავად პოლიტიკური განცხადებებისა, უკრაინას კონტრშეტევის პოტენციალი ჯერ არ გააჩნია. ვთვლი, რომ ეს განცხადებები სწორი არ იყო, თუკი ამის უკან დონბასიდან სამხრეთის მიმართულებისკენ რუსული ძალების გადმოყვანა არ იდგა, რომ იქ შეტევა შესუსტებულიყო. თუ ჩანაფიქრი ეს იყო, მიღწეულია, მაგრამ თუ იმას ფიქრობდნენ, რომ ხერსონის მიმართულებაზე ფართომასშტაბიან კონტრშეტევას განახორციელებდნენ, ჩემი აზრით ამაზე ნაადრევი აჟიტირება სწორი არ იყო. „შესაბამისად რუსებმა ზაპოროჟიედან ხერსონის მიმართულებაზე დანაყოფები გადაისროლეს და გააძლიერეს, ხოლო ზაპოროჟიეს მიმართულება დონბასიდან გადასროლილი დანაყოფებით გაააძლიერეს. „თავად ფრონტზე დიდი ცვლილელები არაა, რუსები ცდიოლობენ, რომ ომის მესამე ეტაპისთვის მოემზადონ, იმ მინიმალური ამოცანის შესრულებით, რომელიც მათ მეორე ეტაპისთვის ჰქონდათ დასახული, რომელიც დონბასის აღება იყო. ლუგანსკის საზღვარზე გავიდნენ, დონეცკზე ჯერ კიდევ ვერ გადიან და ერთ თვეზე მეტია გაჭედილები არიან. „რუსები დგანან და სოლიდარს და ბახმუტს უტევენ, ერთი ნაბიჯი წინ წაწევა ვერ შეძლეს, თუ არ ჩავთვლით იმას. რომ პატარა სოფლების დასახელებები მუდმივად ტრიალებს, რომელიც არაფერს არ გვეუბნება, ეს დიდი მანძილი არაა. სოლედარის მიმართულებაზე თითქოს და სამხრეთ გარეუბნებში შევიდნენო, მაგრამ სოლედარი ის ქალაქია, სადაც მიწისქვესა საბადოებში მარილიგამომუშავდებოდა, ამ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში 300 მეტრ სიღმეზე მიწისქვეშა გამოქვაბულების ლაბირინთია, საიდანაც მარილი ამოაქვთ და არანაკლებია, ვიდრე მარიუპოლში ქარხნის ქვეშ იყო, რუსებს აქაც მარტივი ბრძოლა არ ექნებათ. „სლავიანსკთან და კრამატორსკთან მიახლოვებულებიც კი არ არიან, ბახმუტი, სოლედარი სევერსკის ზღუდეზე გაიჭედნენ. ხერსონი-ზაპოროჟიეს მიმართულებაზე რუსები თავდაცვაზე არიან, ვერავითარ შეტევას ვერ აკეთებენ და ალბათ ვერც განახორციელებენ. თავდაცვას აძლიერებენ, რადგან ცდილობენ, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინელების კონტრშეტევა არ დაუშვან. „რუსებს უნდათ, რომ მეორე ეტაპი რაღაცნაირად პოზიტივით დაასრულონ და პუტინის ამოცანის შესრულებას, ანუ დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას ცდილობენ", - განაცხადა კაპანაძემ „რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

უკრაინა უკვე ყირიმს მისწვდა - რატომ დაეცა რუსების შეტევის ტემპი და შედგება თუ არა ზელენსკი-პუტინის შეხვედრა

“სამშაბათს უკრაინაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ომის განმავლობაში პირველად უკრაინელებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინულ არმიას უკვე აქვს შორსმსროლელი ზუსტი შეიარაღება, რაც, სავარაუდოდ, ომის მსვლელობაზე მოახდენს გავლენას. ამის პარალელურად ბრიტანეთის დაზვერვამ ანგარიში გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ფრონტის ხაზი ბოლო ერთ თვეში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ვლადიმირ პუტინთან მის შესაძლო შეხვედრაზე გააკეთა განცხადება”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, უკრაინა უკვე ყირიმს მისწვდა - რატომ დაეცა რუსები შეტევის ტემპი და შედგება თუ არა ზელენსკი-პუტინის შეხვედრა

„ბოლო ერთ თვეში რუსეთის არმიის შეტევის ტემპი უკრაინაზე რადიკალურად შესუსტდა და ოკუპანტები წინ წაწევას ვეღარ ახერხებენ. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსებმა გარკვეული წინსვლა მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით მოიპოვეს. თუმცა მასშტაბი აქაც დიდი არ არის, რადგან ერთ თვეში მხოლოდ 10 კილომეტრით წაიწიეს. სხვა ადგილებში ან საერთოდ ვერ წაიწიეს წინ, ან მაქსიმუმ 3 კილომეტრით. ბრიტანელები ამბობენ, რომ ამის მიზეზია ბრძოლისუნარიანი შენაერთების დეფიციტია. ამის პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ნოემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინისა და რუსთის პრეზიდენტების, ვოლოდიმერ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგეს. ამის შესახებ ზელენსკიმ სამშაბათს თავად განაცხადა. „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინაში 4 ფრონტის ხაზი არსებობს. აქედან 3-ში რუსები თავდაცვით პოზიციებში გადავიდნენ და აქტიურობას მხოლოდ დონბასის მიმართულებით აგრძელებენ. მიუხედავად ამისა, მათი წარმატება უმნიშვნელოა. რაც შეეხება ზელენსკი-პუტინის შესაძლო შეხვედრას, მათი შეფასებით, ბევრი რამ და მათ შორის ასეთი შეხვედრის გამართვა-არგამართვაც ნოემბერში ფრონტის ხაზზე შექმნილ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ საკისთან მდებარე ნოფოფედოროვკის სამხედრო აეროდრომზე სამშაბათს ორი მძლავრი აფეთქებები მოხდა. რუსული მხარის ინფორმაციით, ეს აეროდრომის საწყობზე საბრძოლო მასალის აფეთქება იყო. კიევში კი აცხადებენ, რომ ეს მათ მიიტანეს სარაკეტო იერიში რუსულ ბაზაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ რუსული სამხედრო აეროდრომი და იქვე მდებარე დიდი საწყობი სრულად განადგურებულია. უკრაინის შს მინისტრის ყოფილი მრჩეველი ვიკტორ ანდრუსივი კი აცხადებს: „ალბათ ყველანი მიხვდით - ჩვენ უკვე გვაქვს 200-300 კმ-ის სიშორის რაკეტები და ვიყენებთ კიდეც“.

აფეთქებებმა ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, თუ როგორ გარბიან დამსვენებლები ნოვოფედოროვკას პლაჟებიდან, ფონზე კი აფეთქების კვალი და კვამლი ჩანს. დე ფაქტო ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნას ურჩევს. ტურისტებმა მასობრივად დაიწყეს ნოვოფედოროვკის დატოვება. დასახლებას ასევე ტოვებს ადგილობრივების ნაწილიც, რის გამოც გზებზე საცობები შეიქმნა. უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ყირიმში აფეთქებები ოკუპანტების იმ საჰაერო ბაზაზე მოხდა, საიდანაც თვითმფრინავები ზაპოროჟიეს, ნიკოლაივისა და ხერსონის რეგიონების დასაბომბად მიფრინავდნენ ხოლმე”, - განაგრძობს გამოცემა.

„სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბრიტანული დაზვერვის მიერ მიერ რუსული ჯარის გადაადგილებისა და ბრძოლისუნარიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, რადგანაც ბოლო ერთი თვეა რუსები შეტევებზე ნაკლებად გადადიან. ისინი ახლა ძირითადად თავდაცვით პოზიციაში იმყოფებიან. თუ ადრე უკრაინული არმიის გამოფიტვის და განადგურების სტრატეგიას იყენებდნენ და ყველა ფრონტის ხაზის მიმართულებით მასირებელ შეტევას ახორციელეებდდნენ, ახლა ისინი დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე არიან გადასულები. „მკითხველისთვის უფრო გასაგებია რომ იყოს, ზუსტად ავხსნი ფრონტის ხაზის რაოდენობას და იქ მიმდინარე სიტუაციას. უკრაინის ფრონტზე 4 საბრძოლო მოქმედების თეატრია. პირველი არის ხარკოვის მიმართულება, მეორე უშაულოდ დონბასის რაიონი, მესამე ზაპოროჟიეს მიმართულება, ხოლო მეთხე ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონები. ზღვაზე სიმშვიდეა, რადგანაც აქ სტამბოლის შეთანხმებაა ამოქმედებული და იქ არც რუსები და არც უკრაინელები საბრძოლო მოქმედებებს არ ახორციელებენ. „ამ 4 საბრძოლო მოქმედების თეატრიდან რუსები იძულებულები არიან 3-ში თავდაცვაში გადავიდნენ. აქ ცდილობენ, რომ უკრაინელების აქტიური შეტევითი ოპერაციის დაწყების საშუალება არ მისცენ. „რუსები შემტევ საბრძოლო მოქმედებებს მხოლოდ ერთგან ახორციელებენ, ეს არის დონბასის საბრძოლო მოქმედებების თეატრი. დანარჩენში უბრალოდ იმ ადგილას არიან გაჩერებული, სადამდე დაკავებაც შეძლეს. ამიტომ არის რუსების საბრძოლო მოქმედებების ტემპი დაცემული. „რა თქმა უნდა, ჯარი ძალიან არის გადაღლილი და მას მუდმივი შევსება უნდა. ამით უკრაინელებმა უნდა ისრგებლონ და შეტევით ბრძოლებზე გადავიდნენ. მერე არავინ იცის რა მოხდება. პუტინი ამ დანაკლისის შევსებას სექტემბრისთვის უკვე დაიწყებს და მოვლენები როგორ განვითარდება, ამის პროგნოზი რთულია“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

„მისივე თქმით, ეს იძლევა შანსს, რომ ფრონტის ხაზის ამ სამ ადგილას უკრაინელებმა შეტევით ბრძოლები დაიწყონ, სანამ რუსები ამ დეფიციტს შეავსებენ. „რუსები დიდხანს თავდაცვით რეჟიმში არ იქნებიან. დაიწყებენ გადაჯგუფებას და არსებული დანაკლისის შევსებას. რუსეთს ამის რესრურსი ნამდვილად აქვს და ეს არ გაუჭირდება. რუსეთის სამხედრო სტრატეგიაში ასეთი სიტუაციები გათვალისწინებულია და ეს დიდი ხნით არ გაგრძელდება. ეს არ არის ოპერატიული პაუზა, მაგრამ უკრაინელები ახლა რუსებზე აქტიურები არიან და ახალი იარაღი მათ აძლევთ იმის საშუალებას, რომ რუსები თავდაცვით პოზიციაში გადაიყვანოს“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“. „დიდი ოცეულის“ სამიტი ინდონეზიაში 15-16 ნოემბერს გაიმართება. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სხვადასხვა საერთაშრისო ფორუმებში იგი მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ერთვება, რადგანაც მიიჩნევს, რომ ომის დროს უმაღლესმა მთავარსარდალმა ქვეყნის ტერიტორია არ უნდა დატოვოს. თუმცა, თუ „ოცეულის“ სამიტს პუტინი დაესწრება, იგი ამ წესს გადაუხვევს და პირადად ჩავა ინდონეზიაში. რაც შეეხება ვლადიმირ პუტინს, მან უკვე მიღებული აქვს ოფიციალური მოწვევა ინდონეზიიდან და დაადასტურა, რომ აუცილებლად დაესწრება სამიტს, თუ ნოემბრისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამაკმაყოფილებელი იქნება. ზელენსკის განცხადებას სამშაბათსვე გამოეხმაურა რუსეთის პრეზმდივანი დმიტრი პესკოვი და განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით ზელენსკი-პუტინის შეხვედრის გასამართად არანაირი წინაპირობები არ არსებობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ წინასწარ საუბარი რაიმე კონკრეტულ შეთანხმებაზე, ან შედგება თუ არა რეალურად ეს შეხვედრა, საკმაოდ რთულია. ყველაფერი მაინც ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. „ნოემბრამდე დრო ძალიან დიდია და იქამდე ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ ახლა ზელენსკის თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ მერეც თანახმა იქნება. ზელენსკიმ ამას წინათ გააკეთა განცხადება, რომ თუკი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლქებში რეფერენდუმი ჩატარდება, მაშინ მოლაპარაკებას არანაირი აზრი არ აქვს. ეს რეფერენდუმები რუსებმა სექტემბერში დანიშნეს. თუ ეს მოხდა, მაშინ ზელენსკიმ თავისი პირობა უნდა შეასრულოს და არ უნდა შეხვდეს. „სამშაბათის ამ განცხადებით არ არის გამორიცხული ზელენსკი პუტინს აძლევდეს შანს, რომ მოდი რეფერენდუმზე საუბარს თავი დაანებე და რაღაცაზე მოვილაპარაკოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ნოემბერი უბრალოდ უკვე ისეთი დროა, რომ რაღაცეები უნდა გამოიკვეთოს. წესით უკრაინის არმიის მხრიდან რუსების წინააღმდეგ რაღაც სერიოზული კონტრშეტევები უნდა განხორციელდეს. შედეგი იქნება თუ არა, რაღაც ახალი რეალობა მაინც გაჩნდება. ამიტომ ზელენსკიც და პუტინიც, ორივე მაინც ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენების მიხედვით იმოქმედებენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. მისივე თქმით, რუსეთს ახლა დღევანდელი ვითარების შენარჩუნება და დროის გაწლევა აწყობს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პუტინმა გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია - მარიუპოლი აიღო, აზოვის ზღვა მთლიანად ჩაკეტა და ძალიან ნელა წინ მიიწევს. მართალია, ზოგან უკან იხევს, მაგრამ ეს სტრატეგიული დახევაა. „პუტინს დროის გაყვანა უნდა. ამას აკეთებს არა უკრაინელების დასაღლელად, არამედ ევროპელების ნებისყოფაზე თამაშობს. უკრაინელები რომ ბრძოლისთვის მზად არიან, ეს უკვე კარგად ჩანს. დაღლა ევროპას ეტყობა და პუტინი სწორედ ამაზე მუშაობს. იმედია მას ეს აღარ გამოუვა. თუმცა მას ამის იმედი აქვს. „დრო რაც უფრო მეტად გაიწლება, შესაძლოა ევროპაში მოსახლეობის უკმაყოფილება გაიზარდოს. პუტინს უნდა, რომ ამ ზამთარს ევროპა კრიზისში ამყოფოს, გაზით დააშანტაჟოს და ევროპაში უკრაინელების მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს - ხალხში გაჩნდეს უკმაყოფილება, რომ მათ გამო რატომ უნდა გავიყინო და ეს კომფორტი რატომ უნდა დავთმო. „მან იცის ევროპელების დამოკიდებულება კომფორტისადმი და ამით მანიპულირებას ამ ზამთარს უფრო კარგად დაიწყებს. ამიტომ ის თავის დროს დაელოდება და მერე იტყვის, რომ ზელენსკი მასთან მოსალაპარაკებლად არ ჯდება. მოლაპარაკების მაგიდასთან კი უკვე დაკავებული ტერიტორიების გაფორმებას დაიწყებს. ან საქართველოს მსგავსი სიტუაცია იქნება. „ახლა ყველაფერი უკრაინელებზეა დამოკიდებული, მიწოდებულ იარაღს როგორ და რა ფორმით გამოიყენებენ. ყველაფერი მაინც ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა