საქართველოს მთავრობის მეთაური Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ენერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანიის მხრიდან წყალტუბოში ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს - „ძველი ივერია" მშენებლობისთვის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება. ასევე, ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოა. დაბალი გადასახადები და ქვეყნის უნიკალური ადგილმდებარეობა კი საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Demirören ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტი ზია ალემდარი, ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები - სინან ოქტაი და ალაათინ აიკაჩი, აგრეთვე, „Lidia ჯგუფის" თავმჯდომარე კივანჩ ოქტაი და "პეტროკას ენერჯი ჯგუფის" დამფუძნებელი ივანე ნაკაიძე ესწრებოდნენ.