აშშ-ის საელჩო - რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის თანაფარდობის გადასინჯვას, ასევე, საბჭოს წევრთა ეტაპობრივ დანიშვნას

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება მწვავე დისკუსიის საგანია. საკითხს ამწვავებს ისიც, რომ პარლამენტმა ამ დრომდე ვერ შეძლო არამოსამართლე წევრთა ვაკანტური პოზიციების შევსება. იმისათვის, რომ გაძლიერდეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა ხმა და შეიქმნას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი რეალური მონაწილეობის შესაძლებლობა, რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის თანაფარდობის გადასინჯვას, - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციებშია ნათქვამი, რომლითაც საქართველოს პარლამენტს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიმართავს.

ამასთან, აღნიშნულია, რომ პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა გამჭვირვალე შერჩევა, სადაც ოპოზიციური პარტიების, იურიდიული პროფესიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ექნებათ კანდიდატთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„პარლამენტმა, ამ მნიშვნელოვანი ვაკანსიის შევსებისას, უნდა მოიაზროს მხოლოდ უმაღლესი კვალიფიკაციის, აპოლიტიკური კანდიდატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ფართო პარტიათაშორისი მხარდაჭერით დანიშნოს კანონმა, ასევე, უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის პროცესი და შესაბამისობაში მოიყვანოს იგი წევრთა დანიშვნების რეკომენდებულ საპარლამენტო პროცესთან.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას, კენჭისყრის და საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მოსამართლე წევრთა სრული კონტროლის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება მწვავე დისკუსიის საგანია.

საკითხს ამწვავებს ისიც, რომ პარლამენტმა ამ დრომდე ვერ შეძლო არამოსამართლე წევრთა ვაკანტური პოზიციების შევსება. იმისათვის, რომ გაძლიერდეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა ხმა და შეიქმნას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი რეალური მონაწილეობის შესაძლებლობა, რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის თანაფარდობის გადასინჯვას.

ასევე, რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ეტაპობრივ დანიშვნას, რათა არ მოხდეს საბჭოს სრული შემადგენლობის ერთდროული განახლება. ასევე, საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა უნდა შეწყდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილი წესით აირჩევა/დაინიშნება მისი შემცვლელი. საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც, ყოველ ჯერზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრთა მხოლოდ ერთი მესამედით განახლდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა: საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული დანაწესი 2021 წლის დეკემბრამდე არსებულ რედაქციას უნდა დაუბრუნდეს და გაითვალისწინოს საბჭოს წევრთა ზედიზედ ორჯერ არჩევის შესაძლებლობის აკრძალვა. აღნიშნული ცვლილება გაზრდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობას“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ კანონმდებლობით უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის არსებული პროცედურა.

„კანონმდებლობით უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის არსებული პროცედურა. ყველა კანდიდატი ვალდებული უნდა იყოს, წინასწარ დარეგისტრირდეს და წარადგინოს თავისი ხედვა, რათა მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ კენჭისყრამდე შეაფასონ კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობა. თითოეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას. ასევე, კონფერენციის მონაწილე თითოეულმა მოსამართლემ ხმა უნდა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს, შესავსები ვაკანსიების რაოდენობის მიუხედავად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანსია უნდა შეივსოს იმ კანდიდატებით, რომლებიც დააგროვებენ ხმათა მეტ რაოდენობას. კანონის არსებული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისათვის აუცილებელია კონფერენციაზე დამსწრე წევრთა მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერა, უნდა გაუქმდეს. მას შემდეგ, რაც ყველა ვაკანტური ადგილი შეივსება, დარჩენილი კანდიდატებისგან, მათ მიერ დაგროვილი ხმების კლებადობის მიხედვით, უნდა შედგეს სარეზერვო სია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, ვაკანსია უნდა შეივსოს ამ სარეზერვო სიაში მყოფი შემდგომი კანდიდატით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის ოთხწლიანი უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალაუფლების კონცენტრაცია მოსამართლეთა მცირე ჯგუფის ხელში და შემცირდეს რამდენიმე ადმინისტრაციულ და ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფ მოსამართლეთა ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და სასამრთლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეს შეეზღუდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის შესაძლებლობა.

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა: მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისთვის რეკომენდებული ორმაგი 2/3-ის მხარდაჭერის მოდელის მსგავსად, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისათვის, ასევე, სავალდებულო უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა 2/3-ისა და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა. ეს მოდელი შეამცირებს სისტემის ბოროტად გამოყენების რისკებს და ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობა, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას მოსამართლეთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებად. უნდა მოხდეს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში მოსამართლეთა დისციპლუნური პასუხისმგებლობის შესახებ 2021 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების გადახედვა იმ რისკების გამო, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები ქმნის, კერძოდ: მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაძლებლობა “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის” პრინციპის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული სტანდარტის ბუნდოვანმა განმარტებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი არაკეთილსინდისიერი და ბოროტად გამოყენება; და დისციპლინური საქმის წარმოების დასრულებამდე მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესაძლებლობა, რადგან ამ ღონისძიებას არ აქვს საკმარისი გარანტიები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების გამჭვირვალობა: გამჭვირვალობის ზრდა გაზრდის საზოგადოების ნდობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, რათა განისაზღვროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების „ღიაობა“ და „საჯაროობა“. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საბჭოს ყველა სხდომა გახდეს ღია საზოგადოებისათვის სხდომის პირდაპირი ტრანსლაციისა და, ასევე, სხდომების აუდიო/ვიდეო ჩანაწერების საბჭოს ვებგვერდზე განთავსების გზით. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოქმედი წესების აღსრულებისკენ, რაც გულისხმობს, მათ შორის, საბჭოს ვებგვერდზე საბჭოს შეხვედრების დღის წესრიგის გამოქვეყნებას შეხვედრების ჩატარებამდე სულ მცირე სამი დღით ადრე, რომლის დაცვაც ამჟამად არ ხდება”,- აღნიშნულია დოკუმენტში.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს