შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მოწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
„გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ თუ დღეს ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, სადაც მტერი იმყოფება, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, რუსეთის საბრძოლო მასალების საცავსა და რუსულ ავიაბაზაზე აფეთქებები მოხდა. მომხდარზე უკრაინას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.