პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაო ჯგუფი განიხილავს დოკუმენტს, სადაც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით საკითხებია გაწერილი.
მისივე ინფორმაციით, ამ დოკუმენტში ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით ჩანაწერი არაა.
აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან 4-4 დეპუტატია ჩართული. კერძოდ, “გირჩის”, “ევროპელი სოციალისტების, “მოქალაქეებისა” და პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგებლები.
“ამ ჯგუფის მიზანია, რომ მოხდეს “საარჩევნო კოდექსის” რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე. ამ რეკომენდაციების ძალიან დიდი ნაწილი ჩვენ მიერ შესრულებულია. გასულ წელს პარლამენტში მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი მონაწილეობდა, რომელშიც ექსპერტებიც იყვნენ ჩართულები და ჩვენ გასულ წელს დავამტკიცეთ საკანონმდებლო ცვლილებების დიდი პაკეტი, რომელიც ასახავდა იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ამ მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებში იყო ასახული.
მიუხედავად ამისა, რადგანაც ჩვენ მივიღეთ ეს რეკომენდაცია, შევქმენით სამუშაო ჯგუფი. დღეს არის პირველი შეხვედრა, რომლისთვისაც მომზადდა კონკრეტული დოკუმენტი იმ საკითხების ჩამონათვალით, რომელიც როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, ისე სხვადასხვა უწყებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით იქნება განხილული. დღეს გვექნება პირველადი განხილვები, ერთი კვირის შემდეგ, სავარაუდოდ 25 აგვისტოს, მეორე სხდომა გვექნება, სადაც შესაძლებელი იქნება უფრო კონკრეტული წინადადებების წარდგენა, რის შემდეგაც აპარატი კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება დაიწყება და მზად იქნება სექტემბრის შუა რიცხვებამდე.
გადაეგზავნება ჯგუფის ყველა წევრს, შევიკრიბებით და განვიხილავთ საკანონმდებლო პაკეტს, შევჯერდებით. ჩვენ ვადად განსაზღვრული გვაქვს არაუგვიანეს 21 სექტემბრისა, როდესაც უნდა მოხდეს ცვლილებათა პაკეტის დაინიცირება, რომელიც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციის გათვალისწინებით უნდა აისახოს საარჩევნო კოდექსში”,- განაცხდა გივი მიქანაძემ.